მაფიის ზეწოლა, ფრენკ სინატრას უკმაყოფილება და სხვა უცნობი ისტორიები „ნათლიას“ კულისებიდან

ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლია“ კინემატოგრაფიული შედევრია, რომელიც ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი რაც ოდესმე გადაღებულა. თუმცა, მარიო პიუზოს რომანის ეკრანზე გამოტანის პროცესი სავსე იყო დაძაბულობით, კონფლიქტებითა და მოულოდნელი გამოწვევებით, რამაც, თითქმის, შეაფერხა კიდეც პროექტი.

მსახიობების შერჩევა

„ნათლიას“ კასტინგი, რბილად რომ ვთქვათ, სადავო პროცესი იყო. Paramount Pictures-ს მტკიცე მოსაზრება გააჩნდა იმის შესახებ, თუ ვის უნდა შეესრულებინა მთავარი როლები. ისინი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ მარლონ ბრანდოს კანდიდატურას ვიტო კორლეონეს როლის შესასრულებლად. ამის მიზეზი ბრანდოს რეპუტაცია გახლდათ. კოპოლას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა მოუწია იმისთვის, რომ მაყურებლის წარმოდგენაში ვიტო კორლეონე ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორიც დღეს არის. საბოლოოდ, რეჟისორმა Paramount Pictures-ი დაარწმუნა, ბრანდო ეკრანზე შეემოწმებინათ, რის შემდეგაც სტუდიამ თითი მოკაკვა.

გარდა ამისა, არც ალ პაჩინო იყო მაიკლ კორლეონეს როლისთვის სტუდიის არჩევანი. ისინი უპირატესობას იმ დროს უფრო ჩამოყალიბებულ მსახიობებს, რობერტ რედფორდსა და უორენ ბიტს ანიჭებდნენ. თუმცა, კოპოლა დაჟინებით მოითხოვდა პაჩინოს, რომელიც მაშინ შედარებით უცნობი იყო. დიდი რეჟისორი პაჩინოში ხედავდა უნარსა და პოტენციალს, საუკეთესოდ წარმოეჩინა მაიკლის ტრანსფორმაცია ოჯახის კრიმინალური საქმეებისგან შორს მყოფი ადამიანიდან მაფიის დაუნდობელ ლიდერამდე.

ზეწოლა რეჟისორზე

მთელი დროის განმავლობაში, კოპოლას სტუდიის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლა ჰქონდა. მას მუდმივად ემუქრებოდნენ სამსახურიდან გათავისუფლებით, ფილმის მიმართულებასთან დაკავშირებული უთანხმოების და მხატვრული საკითხების გამო. სტუდია შეშფოთებული იყო ფილმის ხანგრძლივობით, წარმოების ტემპითა და კოპოლას აქცენტირებით პერსონაჟების განვითარებაზე. ერთ მომენტში სტუდიის ხელმძღვანელები იმდენად უკმაყოფილო იყვნენ რეჟისორის პროგრესით, რომ ფარულად, სარეზერვოდ, სხვა რეჟისიორიც კი დაიქირავეს. თუმცა, კოპოლა არ ეპუებოდა. ის ხშირად იღებდა სცენებს ძალიან სწრაფად და ეფექტურად, რათა დაემტკიცებინა თავისი ღირსეულობა და გადაერჩინა საკუთარი იდეები, რომლებმაც ის, საბოლოოდ, ლეგენდად აქცია.

წნეხი რეალური მაფიოზებისა და პოპულარული მომღერლის მხრიდან

ბუნებრივია, ფილმის შინაარსმა მაფიის რეალური ბოსების ყურადღება მიიპყრო. კინოსტუდია არაერთ გაფრთხილებას იღებდა მაფიის წარმომადგენლებისგან, რამაც გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გამოიწვია. გარდა ამისა, ფილმის წინააღმდეგი იყო ფრენკ სინატრა, რომელიც ჯონი ფონტანას პერსონაჟის პროტოტიპი გახლდათ. გაბრაზებული სინატრა პროექტის დახურვას აქტიურად ცდილობდა, თუმცა, საბედნიეროდ, უშედეგოდ.

მარცხნივ: პერსონაჟი ჯონი ფონტანა, მარჯვნივ: ფრენკ სინატრა

მოულოდნელი გამოწვევები – ამინდი და მდებარეობა

ნიუ-იორკში მოწყობილ ლოკაციაზე სროლის სცენებს თავისი გამოწვევები ახლდა. თანაც, ამინდის პირობები არაპროგნოზირებადი იყო, რაც შეფერხებებსა და გართულებებს იწვევდა. ფილმზე მომუშავე გუნდს ზედმიწევნით ზუსტად უნდა „გადმოეტანა“ 1940-იანი წლების ნიუ-იორკი, რაც ცალკე უამრავ ტექნიკურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული.

ბრძოლა დროის წინააღმდეგ

ფილმზე მუშაობის ბოლო ეტაპიც ძალიან რთული იყო. კოპოლა და რედაქტორი უილიამ რეინოლდსი დაუღალავად შრომობდნენ, რათა „დედლაინში“ ჩატეულიყვნენ. სტუდიას ფილმის გამოშვება და მისი პოტენციური წარმატების მალე ათვისება სურდა, რასაც ინტენსიური მონტაჟის სესიები და ბოლო წუთებში შეტანილი არაერთი ცვლილება მოჰყვა.

მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, „ნათლიამ“ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებითა და კომერციული წარმატებით იხილა მზის შუქი. მან მოიგო სამი ოსკარი, საუკეთესო ფილმის კატეგორიის ჩათვლით, და გაზარდა კოპოლას, როგორც საინტერესო ხედვის მქონე რეჟისორის რეპუტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები