„უმეტესად ყვავილებს ვხატავ, რადგან ადამიანები ყვავილებს ჰგვანან – ფერით, ხასიათით, ბუნებით“ – სიყვარულით დაწყებული გზა ხელოვნებაში და ბეჭედი, რომელმაც სასწაული მოახდინა

დაიბადა თბილისში. ბავშვობიდან ხატავს… მართალია, მთავარ პროფესიად პედაგოგობა აირჩია, მაგრამ ხატვაც და  ხელოვნებაც მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო ყოველთვის.
ქსოვს, ცეკვავს, ქარგავს… მუშაობდა თექაზე, გობელენზე, ამზადებდა ხელნაკეთ აქსესუარებს… 20 წელია მინანქარშიც მუშაობს.  ამბობს, რომ ხატვა და მინანქარი უფრო მისეულია, მისი სულის ნაწილი, განწყობა და ხასიათია გადმოცემული. – ხელოვან თათა ბოჭორიშვილის პერსონა.

– მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რითაც ჩემი ერთ ადგილზე გაჩერება შეიძლებოდა, ხატვა იყო. ეს ნიჭი გენეტიკურად მომყვება, რისთვისაც მადლობელი ვარ სამყაროსი.
ვხატავ ბავშვობიდან, ვარ თვითნასწავლი. ბავშვობიდან განსაკუთრებით ერთი მომენტი დამამახსოვრდა, მამამ ყვავილების ლარნაკი დამიდო მაგიდაზე, აბა, დახატეო, და როცა ნახატი ნახა, არ დაიჯერა.
აიღო ეს ლარნაკი, დააზომა ნამუშევარს ქაღალდზე, ხომ არ გადაიხატა ასეთი ხერხითო.ზომები რომ არ დაემთხვა, გაუკვირდა და შემაქო, რამაც  დიდი სტიმული მომცა.
 პროფესიით პედაგოგი ხართ…
– პროფესიით პედაგოგი ვარ, ეს საქმეც კარგად გამომდის – სკოლაშივე და სტუდენტობის დროსაც. ჩემს ნაკარნახევს და ახსნილს კარგად და იოლად იგებდნენ თანაკლასელები და კურსელები.
ეს პრაქტიკა კარგად გამომადგა ტიხრული მინანქრის სწავლების დროსაც მოსწავლეებისათვის. თან დედასაც გავუწიე ანგარიში. ძალიან უნდოდა,  მასავით პედაგოგი ვყოფილიყავი, თუმცა მომავალში მაინც ჩემი გზა ავირჩიე და თავიდან ბოლომდე ხელოვნების სამყაროში გადავეშვი.
– თითქმის მუდმივად ყვავილებს ხატავთ… თანაც ისეთი ნამდვილებია, ცოცხალი გეგონება…
– უმეტეს შემთხვევაში ყვავილებს ვხატავ, რადგან ადამიანები ყვავილებს ჰგვანან ფერით, ხასიათით, ბუნებით. ყველაზე მეტად მიყვარს ასტრები, ფერები – იასამნისფერი და ჟოლოსფერი.
ზოგი ყვავილი კაშკაშაა,  ნათელი და ძლიერი, ზოგი კი ნაზი, ფერმკრთალი და სუსტი. ყველა მათგანი ადამიანივით ითხოვს ზრუნვას, სითბოს, წყალს, სიყვარულს, და ამის გარეშე მოიწყენენ, ჭკნებიან და იღუპებიან. სამაგიეროდ, ნახატებში მუდმივ სიცოცხლეს ინარჩუნებენ, უამრავ წელს უძლებენ, თითქმის მარადისობაში გადადიან იმის გამო, რომ მხატვარი მათში დებს სულის ნაწილს და სიცოცხლის გარკვეულ დროს, თუნდაც – სამ დღეს ერთი ნამუშევრისთვის.
ყვავილების გარდა აბსტრაქციაც ძალიან მიყვარს და ვხატავ. იქ ყველა ადამიანი ხედავს იმას, რაც მის გულთან და თვალთახედვასთან ახლოსაა, რაც მისებურია.  მომწონს, მივცე ადამიანებს თავისუფლება და არჩევანი ამ სახითაც.
– 20 წელია, მინანქარშიც მუშაობთ. რომელს უფრო ანიჭებთ უპირატესობას – მინანქარს თუ ხატვას?
– 2004 წლიდან ტიხრულ მინანქარზეც  ვმუშაობ, ვერცხლის სამკაულებს ვამზადებ შეკვეთით, ვერ ვიტყვი, რომელს  ვანიჭებ უპირატესობას – ხატვას თუ მინანქარს. ორივე ჩემია, უბრალოდ, ხატვისას იდეების, ემოციების გადმოსაცემად დიდი არეალი მაქვს, მინანქარში კი – მინიატურულ ადგილას უნდა ჩავეტიო.

„აბსტრაქცია“

  საინტერესო ამბავი…
–   რატომღაც მახსენდება ერთი ამბავი, რომელიც მინანქარს ეხება და მოგიყვებით.
მობილურზე ზარია… დამიკავშირდა უცნობი მამაკაცი,  უცხოელი სტუმრისთვის რგოლის ბეჭდის შეკვეთა სურდა. როცა შევხვდი, საჭესთან იჯდა, გვერდით კი ჩემთვის უცნობი ქალბატონი ეჯდა. მე უკან სავარძელზე დავიკავე ადგილი და მამაკაცს მივაწოდე ჩემი ნამუშევარი – ვერცხლის რგოლის ბეჭედი, მას კი ხელიდან გაუვარდა და სიჩქარეების კოლოფთან ჩაუვარდა ღრმად. კარგა ხანს ცდილობდა ამოღებას…. ვუყურებდი და მეღიმებოდა. ბოლოს ვუთხარი, ეს ნიშანია სამყაროსგან, ბედია, ხომ ხედავთ, არ უნდა მაგ ბეჭედს იმ უცხოელ სტუმართან წასვლა, შენთან სურს დარჩენა, რომ ცოლი მოიყვანო-მეთქი).
ეს ინსტინქტურად ვთქვი. საიდან უნდა მცოდნოდა, უცოლო იყო ცოლიანი?

სამაჯური – „ოთხი სეზონი“ (მინანქრის პანო)

იმავე დღეს, გვიან საღამოს, ის ქალბატონი, გახარებული, მირეკავს, იცით, დღეს რა სასწაული მოხდაო? ხელი მთხოვა და მე დავეთანხმეო. და… მადლობა, ძალიან ბედნიერი ვარო.
რა თქმა უნდა, მეც გამახარა ამ ამბავმა, ჩემი შრომით და ღმერთის წყალობით ერთი ქართული ოჯახის შექმნაში პატარა წვლილი შევიტანე.
– ქსოვთ,  ქარგავთ,  კერავთმინანქრამდე  თიხის სამკაულებიც დაგიმზადებიათ. ქსოვდით გობელენებსაც… საინტერესოა ხელნაკეთი ნამუშევრებიც…

გულსაკიდი – „ანგელოზი და ცა“

– მართალია, მინანქრის და ხატვის გარდა, ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ, ადრე თიხისგანაც ვამზადებდი სამკაულებს, ასევე თექის ნამუშევრებიც მაქვს – ბროშები, ჩანთები სამკაულები, მიკეთებია მაკრამე, გობელენი. ერთი სიტყვით, ყველაფერში ვსინჯე საკუთარი თავი, ბოლომდე გადავეშვი ხელოვნების სამყაროში და მაინც უფრო ხატვა და მინანქარი ავირჩიე, უფრო ჩემია. აქ უფრო გადმოვცემ ჩემს ემოციებს და გრძნობებს, აქ უფრო ბედნიერი ვარ, რადგან იმ საქმეს ვემსახურები, რაც მიყვარს.
– გიყვართ მუსიკა და ცეკვა… ალბათ შთაგონებაშიც ხელს გიწყობთ…
– მუსიკა და ცეკვაც ხელს მიწყობს შთაგონებაში, დაახლოებით ათი წლის წინ დავიწყე სალსა კალიენტე თბილისის სტუდიოში სიარული, იგივე სოციალური ცეკვების ფედერაციაში, თუ იქ ერთხელ მოხვდი, მერე ვერც მოშორდები, ისე გიზიდავს, საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის, მეგობრობისთვის, ხალისიანი მოგონებებისთვის და დადებითი ემოციებისთვის,საუკეთესო მასწავლებლებით.

თექის ყელსაბამი

ეს ჩემი ჰობია, რომელიც არ ჩამოუვარდება ხატვის სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული შვილების დედა ვარ, ვიცეკვებ, სანამ ცოცხალი ვარ და შემეძლება მოძრაობა, ერთხელ სტუდიოში ვარ, ძალიან ბედნიერი, და ვიკითხე, როცა მიდის ადამიანი, ნეტა იმ სამყაროში სიკვდილის შემდეგ ცეკვა არის-მეთქი? ყველას გაეცინა, ასე ძალიან გიყვარსო?
– გამოფენები, ჯილდოები, სამომავლო გეგმები…
– გამოფენებში სტუდენტობიდან ვმონაწილეობ, ბოლოს ვმონაწილეობდი მხატვართა სამყაროს გამოფენაში, რომელიც გაიმართა „იართ გალერეაში“. მანამდე ნ. იანქოშვილის მუზეუმში, რუსთაველზე. მიღებული მაქვს სერტიფიკატები, საჩუქრები. ჩემი ნამუშევრები, ნახატები შესულია გამოფენების მერე დაბეჭდილ ალბომებში. უფრო ადრე მინანქრით და თექით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაშიც ვმონაწილეობდი, როგორც მახსოვს, სახარების გადასარჩენად გაიმართა.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო უფალს, სამყაროს, იმ ნიჭისთვის,რითაც დამაჯილდოვა, რომ არა მარტო მე ვიყო ამ ჯილდოთი ბედნიერი და კმაყოფილი, არამედ ჩემი ნამუშევრებით გავახარო და გავაბედნიერო სხვა ადამიანებიც და სამყაროში დავტოვო ჩემი პატარა კვალი.

თექის ჩანთა

თექის ყელსაბამი, ბუნებრივი რკოს მასალით და მირინოსით

                                              

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები