დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონი აშშ-ში იყოს დემოკრატიული, იყოს სუვერენიტეტის დამცველი და საქართველოში დემოკრატიის დამანგრეველი? – ეს გამორიცხულია
,,როგორ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონი აშშ-ში იყოს დემოკრატიული, იყოს სუვერენიტეტის დამცველი და საქართველოში დემოკრატიის დამანგრეველი? ეს გამორიცხულია”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, არის სრულიად დაცლილი ობიექტური შეფასებისგან ის დასკვნები, რომლებიც ჩვენ ამ კომისიისგან მივიღეთ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენი ქვეყნის, როგორც პროქსი ძალის გამოყენების პერსპექტივა ცალკეული ძალების თვალსაზრისით კიდევ არსებობს. როგორ შეიძლება გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყოს დემოკრატიული, იყოს სუვერენიტეტის დამცველი და საქართველოში ეს იყოს დემოკრატიის დამანგრეველი? – პრაქტიკულად ეს არის გამორიცხული ამბავი. აქვე ჩანს, თუ რამდენად სუბიექტური მიდგომებით არის გაჯერებული ყველა ის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. როგორც კი ამ სუბიექტივიზმს გვერდზე გაწევენ, ჩვენ, ასევე, ვხედავთ, რომ ობიექტური შეფასების ჭრილში ვერაფერს ვერ უშვრებიან იმ პროგრესსა და წარმატებას, რომელიც საქართველომ განიცადა,” – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და “უცხოური გავლენის” შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს. კომისია აღნიშნავს, რომ FARA-ს ქართული ანალოგის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივ პრინციპებს, კანონით დაწესებული ვალდებულებები კი არაპროპორციულია. კომისიის აზრით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ანტიკორუფციულ ბიუროს მინიჭებული აქვს უკიდურესად ფართო დისკრეცია და მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები.