აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა

მთავრობის მეთაურმა საანგარიშო პერიოდში სოციალური და ეკონომიკური უზრუნველყოფის, ტურიზმის,  საგანმანათლებლო, ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ღირსებით, სუვერენიტეტით შეძლოს საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევისა.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა – ,,მინდა მოგილოცოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს”.

თორნიკე რიჟვაძემ ქართველ ფეხბურთელებსაც, რომლებმაც შეძლეს და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გადალახეს, წარმატებები უსურვა ევროპის ჩემპიონატზე.

აჭარის მთავრობამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორს.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 726 553 700 ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტი, 2023 წელთან შედარებით, 153 902 300 ლარით, 26.8%-ით გაიზარდა. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 96.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება.

2023 წლის ბიზნეს სექტორი კვარტალურ მაჩვენებლებშიც ზრდის ტენდენციაა: IV კვარტლის მონაცემებით – ბრუნვა გაზრდილია 7%-ით, გამოშვება – 15%-ით, ხოლო დასაქმება – 8%-ით.

ტურიზმის დინამიკა აჭარაში მუდმივად მზარდია. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის რეგიონში 4 691 633 ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 10,4%-ით გაზრდილია.  2023 წელს, გაზრდილია ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.

უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის, იანვარ-მარტში რეგიონში 363 021 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც +8.7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2019 წელთან შედარებით კი გაზრდილია +44.2%-ით.

2023-2024 წელს აჭარამ, ბათუმმა არაერთი აღიარება და ჯილდო მოიპოვა. ევროპის პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა და ასევე, ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების ათეულში მოხვდა. INDEPENDENT-ის რეიტინგში ბათუმი ევროპის ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.

მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება ისტორიული მნიშვნელობის პროექტები – დაბებისა და სოფლების წყალმომარაგება, რითაც 30 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტი, სოციალური სახლების, სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ინტენსიურად მიმდინარეობს სათხილამურო კურორტ „გოდერძის” განვითარება. ამ დროისთვის კურორტზე 28 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ ლარს აღემატება.

აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2023 წელს 22 მიმართულებით მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 49,09 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას, აშენდა და რეაბილიტირდა 17 ხიდი. 2024 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი გაიზარდა და 63 983 516 ლარს შეადგენს. 27 მიმართულებით მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 66,87 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას. აშენდება და რეაბილიტირდება 19 ხიდი.

აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარს  სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 51 255 000 ლარს შეადგენს. 2024 წელს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები ხორციელდება:

● 30%-ით გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი.

●უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, ბენეფიციარებად დაემატა სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი. პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის ზაფხულში, დღემდე დაბადებულია 22 ბავშვი, ამჟამად შვილს ელოდება 12 წყვილი.

●2023-2024 წლებში ტრანსპლანტაციები ჩაუტარდა 47 პაციენტს.

აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. საანგარიშო პერიოდში თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი 132-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

გაიზარდა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსების წილი, ნაცვლად 40 000 ლარისა ეკომიგრანტი ოჯახები 50 000 ლარით ფინანსდებიან.

აჭარაში განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის სოციალური პროექტის, ოცნების ქალაქის მშენებლობა და ბინა 582 ოჯახს გადაეცა. დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება.

,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”, პროგრამის ფარგლებშიც 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით ბათუმში 3000 ოჯახი ისარგებლებს.

მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების – ბათუმის პოლიკლინიკის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტირება მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2023 წლის ბიუჯეტი 115 165 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტი – 140 621 000 ლარით. განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის შექმნის, კადრების მომზადების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მხრივ.

გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს გამოყოფილი იყო 37 მლნ  ლარი, ხოლო 2024 წელს 40 მლნ ლარი.

2023 წელს განხორციელდა 47 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.  2024 წელს ჯამში განხორციელდება 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

2023  წლის კულტურული მემკვიდრეობის ბიუჯეტი – 2 678 440 ლარს შეადგენს.

2024 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მიმდინარეობს ხინოწმინდაში იოანე ნათლისმცემლის ტაძრის რეაბილიტაცია, გონიო-აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლება და პეტრას ციხის ტერიტორიაზე ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, განხორციელდება ძენწმანისა და ზვარეს მეჩეთების რეაბილიტაცია, განხორციელდება ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის, ასევე, ლაო ჯინ-ჯაოს სახელობის მუზეუმის სარეაბილიტაციო  სამუშაოები, შესყიდულ იქნება 6 ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლის საპროექტო დოკუმენტაცია;

2024 წლის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 35 794 492 მლნ ლარს შეადგენს. 2024 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:

●ყინულის არენა და საცურაო აუზი

●ქობულეთის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

●ხელვაჩაურის სპორტკომპლექსი და ,,მაჭახელას” საფეხბურთო სტადიონი

●ქედის სასპორტო კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი

●ჭადრაკის სასახლე

●ფურტიოს და ხუცუბნის სარაგბო მოედნები

●ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბა ხულოში, სპორტული სკოლა და საფეხბურთო სტადიონის მოწყობა

უკვე განხორციელდა ბათუმის სტადიონის, ბათუმის უნივერსალური სპორტკომპლექსის, შუახევის საფეხბურთო მოედნის, ღორჯომის სპორტული დარბაზის, ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა და გაუმჯობესდა სპორტსმენების სავარჯიშო პირობები.

2023 წლის განმავლობაში მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებსა და პირველობებში მიღწეულ იქნა წარმატებები და გაცემული იქნა 447 სპორტსმენსა და მწვრთნელზე ერთჯერადი ფულადი ჯილდო. ფულადი ჯილდოს ქვეპროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 1 000 000 ლარამდე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს ხორციელდება სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის, აგრარული ექსტენციის პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივ ფერმერებს.

მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდა, უსასყიდლოდ დამუშავდა 2 136 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობი.

ციტრუსის სეზონზე სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა. 2023-2024 წლის ციტრუსის სეზონზე, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ექსპორტირებულია სულ რეკორდული ღირებულების  – 26 112 000 აშშ დოლარის 41 061 ტონა სტანდარტული  ქართული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს 12 070 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 3 017 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები