“2026 წლის დაპროექტებული ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტზე 6%-ით მეტია. ეს ნაზარდი, ძირითადად, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში მიდის” – ამის შესახებ ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზუსტად აგრძელებს იმ ტენდენციებს, რაც ბოლო 5 წელიწადშია ჩამოყალიბებული. ეკონომისტის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია.
“პირველი საკითხია, რამდენად რეალისტურია ბიუჯეტი, მეორე კი ის, თუ რამდენად პასუხობს გამოწვევებს. რეალისტური ნამდვილადაა. თუ გადავხედავთ: 2020 წლიდან 2025 წლის პროექტის ჩათვლით, თითქმის ყოველ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირედი გადაჭარბებით სრულდება, წლევანდელი პროექტიც, დიდი ალბათობით, კონტექსტიდან ამოვარდნილი არაა, ზუსტად აგრძელებს იმ ტენდენციებს, რაც 2020 წლიდან დღემდეა ჩამოყალიბებული. ამდენად, ბიუჯეტი სავსებით რეალისტურია. ხარჯვით ნაწილშიც 2020-2025 წლის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, ყოველწლიურად ხარჯვის ნაწილიც მცირედი გადაჭარბებით სრულდება. მაგრამ, აქ საყურადღებო ერთი გარემოებაა: 2020 წელს, მაგალითად, ხარჯების ნაწილში გაცილებით მეტის დახარჯვა მოუწიათ, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს გასაგებია, მაშინ რა ვითარებაც იყო, “კოვიდშიზოფრენიაზე” მაქვს საუბარი. იმის შემდეგ ეს განსხვავება მინიმალურია, 5%-ს არ სცილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი საკმაოდ მაღალი სიზუსტით იგეგმება. დიდი გადაჭარბება და დიდი ჩამორჩენაც, პირველ რიგში, დაგეგმვის უზუსტობაზე მეტყველებს, როდესაც ფაქტობრივს და დაგეგმილს შორის განსხვავება 5%-ის ფარგლებშია, მაშინ შეიძლება, თქვა რომ ზუსტად იგეგმება. წელსაც არ მგონია, რომ რამე განსხვავებული იყოს, ვინაიდან ზუსტად იმეორებს იმ ტენდენციებს, რაც არის.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად პასუხობს ბიუჯეტის პროექტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ჯერ უნდა ვთქვათ, რა არის გამოწვევები. გამოწვევების თქმას სტრატეგიის არსებობა და სტრატეგიაზე უფრო მეტად პროგრამის არსებობა სჭირდება. სტრატეგია მაინც უფრო სადღეგრძელოებია. 2026 წლის დაპროექტებული ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტზე 6%-ით მეტია, ინფლაციის მოსალოდნელ ტემპს ოდნავ აღემატება. ეს ნაზარდი ძირითადად სოციალურ პროგრამებში, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში მიდის. რამდენადაა ეს გამოწვევები, ძნელი სათქმელია” – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
მისივე თქმით, სიმეტრიული განვითარების სტრატეგია უნდა შემუშავდეს, ანუ განვითარების ცენტრი პერიფერიებში უნდა გადავიტანოთ, რათა საქართველო თავკომბალასავით განვითარებული არ იყოს.
“საერთოდ, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: გამოწვევები იმას ნიშნავს, რომ პროგრამა უნდა იყოს. სხვათა შორის, ამას წინათ პრემიერმინისტრმა ერთი ძალიან საჭირო რამ თქვა: განვითარების 10-წლიანი პროგრამის შემუშავება. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მთავარი რამაა, რაც ქვეყანაშია გასაკეთებელი. კარგი იდეაა, შესრულებას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგ იდეას ძალიან კარგი, ზუსტი შესრულება სჭირდება. ეს გაკეთებადია. მე, მაგალითად, შემიძლია, მთავრობას ასეთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, სიმეტრიული განვითარების სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ. ანუ განვითარების ცენტრი, სიმძიმის ცენტრი პერიფერიებში უნდა გადავიტანოთ, რათა საქართველო თავკომბალასავით განვითარებული არ იყოს. რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგია, ეს 2026 წლის ბიუჯეტითაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე, ძალიან კარგია სხვადასხვა სოციალური პროექტიც, მაგრამ ადამიანებისთვის რეგიონებშივე, ადგილებზევე რაღაც მუდმივი, გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნაა აუცილებელი. განვითარება ამას ჰქვია. მაგალითად, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ლაპარაკობენ, ყველაზე ნაკლები კონკრეტიკა აქ არის. სოფლის მეურნეობის განვითარება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა არაა. სოფლის მეურნეობის განვითარება აუცილებლად სოფლის განვითარებაცაა. ჩვენ დემოგრაფიულად ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ხოლო მოსახლეობის საკმაოდ მაღალი ცენტრისკენული და ცენტრიდანული მიგრაცია, თბილისიდან საზღვარგარეთისკენ მიგრაციული განწყობები საკმაოდ მაღალია. ჩემი აზრით, ეს 10-წლიანი განვითარების პროგრამა ამის საწინააღმდეგოდ უნდა შემუშავდეს”, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
ეკონომისტის პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა 7.9 – 8% იქნება.
“ის გარემოება, რომ ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მოლოდინითაა დაგეგმილი, ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი წელსაც პროფიციტული იქნება, ვინაიდან ზრდა აშკარად 5%-ზე მეტი იქნება. “საერთაშორისო სავალუტო ფონდის”, “მსოფლიო ბანკის”, “აზიის განვითარების ბანკის” და “ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის” პროგნოზებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი სადღაც 6-დან 7%-მდეა. ყველაზე მაღალი პროგნოზი “საერთაშორისო სავალუტო ფონდს” აქვს – 7.2%. როდესაც ეს პროგნოზები ვნახე, 1996 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული მონაცემები ავიღე და მისი რეალური ზრდის პროგნოზი გავაკეთე, უკვე 2010 წლიდან დღემდე, ტენდენციების შესაბამისად. უნდა ითქვას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის კვარტალურ დინამიკას თუ შევხედავთ, საკმაოდ პროგნოზირებადი მრუდია, ერთადერთი კონტექსტიდან ამოვარდნილი 2020-2021 წლებია, ცნობილი “კოვიდშიზოფრენიის” დროინდელი ამბავი. დანარჩენი, როგორც გითხარით, ძალიან პროგნოზირებადი ქცევის მრუდია, თავისი სეზონური ეფექტით და ყველაფრით. როდესაც ეს პროგნოზი გავაკეთე, ჩემი აზრით, წელს ეკონომიკური ზრდა სადღაც 7.9 – 8% იქნება. მე შედარებით უფრო მაღალი მოლოდინი მაქვს, ვიდრე “სავალუტო ფონდს” და “მსოფლიო ბანკს”. ვნახოთ, ვინ იქნება მართალი. ყოველ შემთხვევაში, 2026 წლის მარტში პირველი შეფასებები გვეცოდინება, რომელიც შემდეგ არსებითად აღარ იცვლება, ხოლმე. ამდენად ეს პროგნოზები ძალიან რეალისტურია. “მსოფლიო ბანკი” და “სავალუტო ფონდი” პროგნოზირებისას ყოველთვის კონსერვატიულ სცენარებს ირჩევენ,“- განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
„2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 35,5 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მისი თქმით, ისევე, როგორც წინა წლებში, 2026 წლის ბიუჯეტიც ამ ეტაპზე კონსერვატიული მიდგომითაა დაგეგმილი და შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრებია გათვალისწინებული:
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
მშპ–ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია;
საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის – 3%-ის ფარგლებშია;
ნომინალური მშპ–ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს;
2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 140,9 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით13 900 დოლარს გადააჭარბებს;
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ–ის 24,2%-ია;
ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ–ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ–ის 35%-ის ფარგლებშია.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2026 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 26 800,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1 495,0 მლნ ლარით მეტია.
„ნაერთი ბიუჯეტის ნაწილში, ასევე, მნიშვნელოვანი პარამეტრია საბიუჯეტო დეფიციტის და ვალის მაჩვენებლები. 2026 წელს, როგორც სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მთავრობის ვალს, ჩვენ განვაგრძობთ მის ეტაპობრივ შემცირებას და 2026 წლის ბოლოსთვის, მისი მოცულობა პროგნოზირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის 34.9 პროცენტის ოდენობით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.