სპარტაკ ლაზარაშვილი – „კრივში ჩემმა შვილმა დამაბრუნა“…

კრივის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, როდესაც მამამ კრივის სექციაში მიიყვანა. შემდეგ იყო ასპარეზობები, ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, მაგრამ 90-იან წლებში დროებით მოუხდა კრივისთვის თავის დანებება. მოგვიანებით, როდესაც ოჯახი შექმნა, შვილი  ჩაერთო ამ სპორტში და თავადაც დაუბრუნდა კრივს. იყო ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. საერთაშორისო ასპარეზობებზეც მოიპოვეს წარმატებებიც.
რამდენიმე თვის წინ კი „ლიდერ სპორტ არენაზე“ დააფუძნა კრივის აკადემია, სადაც ტარდება ღია რინგები, ბავშვთა შორის ორთაბრძოლები, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. აკადემია პოპულარულ ადგილად გადაიქცა თბილისში.
კრივის აკადემიის დამფუძნებლის, მთავარი მწვრთნელის – სპარტაკ ლაზარაშვილის პერსონა.

– როდის დაუკავშირეთ ცხოვრება კრივს?
– 12 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ კრივის სექციაში შევეყვანე, ვერის ბაღში (მაშინდელი კიროვის პარკი). როგორც კი მივედი, ვიგრძენი, რომ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი -საკუთარ სახლში. მას მერე ინტენსიურად ვვარჯიშობდი, საქართველოს ჩემპიონი გავხდი, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირიც მოვიგე.
ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კადეტებში – 15 წლის ასაკში (15-16 წლის მოკრივეების ასაკობრივი კატეგორია) და მეორედ 17 წლის ასაკში, ახალგაზრდულ კატეგორიაში.
1994 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი. მოგეხსენებათ, 90-იანი  წლები ძალიან ცუდი დრო იყო, სპორტსაც შეეხო და თავი დავანებე, რადგან სპორტისთვის არანაირი პირობა არ იყო. მაგრამ ყოფილი მოკრივე არ არსებობს. ყველა მოკრივე რჩება მოკრივედ სიცოცხლის ბოლომდე.
ამას მოჰყვა დიდხნიანი წყვეტა. თუმცა კრივში პატარ-პატარა ჩართულობები მაინც მქონდა.
შემდეგ რომ დავოჯახდი და შვილი მეყოლა, ერთ სული მქონდა, როდის წამოიზრდებოდა გიორგი, რომ კრივზე მიმეყვანა. 7 წლის იყო, კრივზე რომ მოვიყვანე  და  ერთად დავიწყეთ ვარჯიში. გიორგიმ საქართველოში სხვადასხვა ტურნირი მოიგო.  გახდა საქართველოს ჩემპიონი.
იმხანად უმცროსი კადეტების ნაკრები ჩამოყალიბდა. ამ ნაკრებს მე ჩავუდექი სათავეში. საქართველოს მასშტაბით მოვაგროვე  უძლიერესი ბავშვები და  ნაკრები შევქმენი.
2015 წელი იყო. ანაპაში, რუსეთში, ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა, ჩავსხედით მიკროავტობუსში და წავედით ჩემპიონატზე ისე, რომ არც ფორმები და არც არაფერი გვქონდა,  ქართული კრივის ისტორიაში კადეტები არასოდეს არ  წასულან ევროპის ჩემპიონატზე. ანაპაში 11 ბავშვი წავიყვანე. ჩემი დაჟინებული თხოვნით  ნაკრები შეიქმნა. ერთმა მოსწავლემ ჩემპიონობა მოიპოვა,  ჩემი შვილი და კიდევ ერთი მოკრივე კი პრიზიორები გახდნენ. საერთო ჯამში, მესამე გუნდური ადგილი ავიღეთ.
ევროპის ჩემპიონატზე ყველა ფეხზე დავაყენეთ, ავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი, ავაფრიალეთ საქართველოს დროშა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი წამები იყო.

შვილთან – გიორგისთან ერთად

იგივე ასაკის მოკრივეები მეორე წელს წავიყვანე ხორვატიის ქალაქ ზაგრებში.  მოსწავლე მოკრივეთა შორის ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კრივში. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს ნაკრები. იქაც კარგი შედეგი მივიღეთ, მედლები წამოვიღეთ… და კრივის ფედერაციამ ძალაუნებურად ჩართო ეს ასაკი კრივის ასპარეზობათა კალენდარში. ახლა უკვე ყოველწლიურად ჩავდივართ ევროპის ჩემპიონატის ყველა შეჯიბრებაზე და მედლებით ჩამოვდივართ, პირველ ადგილს და საპრიზო ადგილებს ვიკავებთ. დიდი წარმატებები გვაქვს ამ ასაკში.
სხვათა შორის, გოგონების ნაკრებიც ჩამოყალიბდა და მათაც მედლები მოიპოვეს.  ერთი ჩემპიონიც გვყავს, ფინალისტი და ბრინჯაოს მფლობელი პრიზიორიც.
პრინციპში, ჩემი დაბრუნება კრივში ჩემმა შვილმა განაპირობა. ჩემმა შვილმა დამაბრუნა კრივში, როგორც მწვრთნელი.
– მას მერე ინტენსიურად მისდევთ კრივს, როგორც მწვრთნელი…
– ავიყვანე პირადი მოსწავლეები. გაიზარდნენ, გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. მერე უკვე ჭაბუკებისა და ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფებში  ნაკრების მწვრთნელი ვიყავი  და ნაკრებთან ერთად დავდიოდით მსოფლიოს ასპარეზობებზე. უკვე აქტიურად ჩავერთე კრივში.
– კრივის აკადემიის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი ხართ…
– თანდათან კრივში ვარჯიშის მსურველთა რიცხვი იზრდებოდა, ბევრ მოსწავლეს ვავარჯიშებდი. უკვე ვეღარც ვეტეოდით იმ დარბაზში… ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა შემექმნა და „ლიდერ სპორტ არენაზე“ გავხსენი კრივის აკადემია. შარშან, 5 დეკემბერს გვქონდა წარდგენა.
აკადემია უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და 200 ბავშვი ვარჯიშობს. მეგობრების და ხელმძღვანელობის დახმარებით,   რომლებიც გვერდში დამიდგნენ,  შეიქმნა კრივის აკადემია.
ყოველდღე ვვარჯიშობთ… დადიან ბიჭები, გოგონები. კრივის აკადემია ძალიან პოპულარული ადგილი გახდა თბილისში, ბედნიერი ვარ, რომ ამ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის  რაღაც სასარგებლოს   ვაკეთებ.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კომპანია „ლიდერბეთის“ დამფუძნებელს – ქართლოს დიასამიძეს, ასევე „არენას“ ადმინისტრაციას და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა ხუცაიძეს..
ბევრი ახალგაზრდაა კრივით დაინტერესებული?
– რა თქმა უნდა, გოგონებშიც ძალიან პოპულარულია და გოგონებიც დადიან. მე, ძირითადად, უმცროსი ასაკის ბავშვებთან ვმუშაობ. თბილისის სხვადასხვა რაიონიდან მოდიან და ვვარჯიშობთ. აქტივობა მაღალია, ლამაზი, კარგი გარემოა. მყავს ძალიან კარგი მწვრთნელები ჩემი ბიჭიც გვერდში მიდგას, მეხმარება. ასე ვშრომობთ და წინ მივდივართ.
– ამ ცოტა ხნის წინ ღია რინგი  ჩაატარეთ…
– გვქონდა ღია რინგი. ღია რინგის გარეშე მოკრივე არ იზრდება. ბავშვი თავიდანვე უნდა შეეჩვიოს შეჯიბრებას, წაგებასაც და მოგებასაც. 62 წყვილი და 120 მონაწილე იყო ღია რინგზე – მთელი თბილისის კლუბებიდან, გარეუბნებიდანაც მოვიდნენ. ლამაზი დღე და ზეიმი იყო.
კიდევ ვფიქრობთ ღია რინგის ჩატარებას, კრივის აკადემიის თასზე მინდა შეჯიბრება.ვფიქრობთ, აქტივობა მაღალი იყოს, არ ვჩერდებით, მივდივართ წინ და წინ.
–  მსგავსი ასპარეზობების დროს სპორტსმენები გამოცდილებას იძენენ… ამავდროულად, სპორტი აჯანსაღებს ბავშვს…
– გეთანხმებით, ღია ორთაბრძოლების დროს ბავშვები გამოცდილებას იძენენ, უკვე საქართველოს ჩემპიონატებსა და სხვადასხვა ტურნირზე მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულნი მონაწილეობენ. ამიტომ აუცილებელია ღია რინგი მოკრივესთვის და, ზოგადად, სპორტსმენისთვის. ტურნირები და ბევრი  შეკრება აუცილებელია, რომ მოკრივე  გაიზარდოს და წინ წავიდეს.
მენტალურად და ფიზიკურად სხვანაირები ხდებიან ბავშვები. მშობლებისგანაც მესმის, რომ ისინი რადიკალურად იცვლებიან, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. პირველ რიგში, უარყოფითი ინფორმაციისგან იცლებიან, აქ ტოვებენ იმ ემოციას.
დაბა კოჯორში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „ექსტრემ(რ)ალი“ ჩაატარეთ…
– კოჯორში ჩავატარეთ „ექსტრემ(რ)ალი“ –  ერთჯერადი ღონისძიება. ლამაზი დღე იყო, კვადროციკლებით 15 მონაწილე ერთმანეთს სწრაფ რბოლაში ეჯიბრებოდა. გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ, სიგელები გადავეცით სოციალურად დაუცველთა ბავშვებს. რალი ახალგაზრდებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების მიმართ მოტივაციის ამაღლებას ისახავდა.
როცა ასეთ სპორტულ აქტივობა ვატარებთ, ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ გამომდის და სასარგებლო ვარ ამ ქალაქისთვის.
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც, საქმეც და ყველაფერი არის კრივი. ვცხოვრობ კოჯორში, მიყვარს ტყეში სეირნობა…. ბუნებასთან ურთიერთობა არის ჩემი ჰობი.
– შვილები…
– გოგონა ნუციკო 19 წლისაა. მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  22 წლის გიორგი სწავლობს ბითიუ-ში. ჩემთან დარბაზში მეხმარება. ამ ეტაპზე აქტიურ  პორტს არ მისდევს. მაგრამ სულ ამბობს, რომ შეიძლება დავბრუნდე დიდ სპორტშიო. ეს ისეთი რამ არის, ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვერ დააძალებ. ჩემთვის მთავარია, რომ ჯანმრთელად იყოს და რაღაც კარგი აკეთოს ამ სამყაროსთვის.
 – სამომავლოდ?
– სამომავლოდ ვფიქრობ, კიდევ გავხსნა ასეთი დარბაზი, კრივის აკადემიის ფილიალი შევქმნა, მინდა, უფრო აქტიური და სასარგებლო ვიყო, უფრო მეტი გავაკეთო ქალაქისთვის, ბავშვებისთვის, საზოგადოებისთვის, რომ ბავშვებმა ივარჯიშონ, მეტი ჩართულობა იყოს. ჩემი პირველი მიზანი ეს არის.
საერთოდ, სპორტს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ მსოფლიო გვიცნობს სპორტით, ჩვენი წარმატებებით.  კულტურაც, რა თქმა უნდა, ხანდახან მოგვყვება, მაგრამ სპორტი მაინც პირველია.  გაცვეთილი  სიტყვაა, მაგრამ ვიცი, რომ  სპორტი ერთადერთი სფეროა, რომელიც აერთიანებს ხალხს. ფეხბურთელებმა ეს დაგვიმტკიცეს. ყველა ერთიანი ვიყავით, ერთმანეთს ვეხუტებოდით. ერთ დღეს გაგრძელდა ეს ზეიმი, მაგრამ ბედნიერების დღე იყო.
მსოფლიოში საუკეთესო ძიუდოისტი გვყავს, ლაშა ტალახაძე, ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში, ფარიკაობაში –  სანდრო ბაზაძე,  კრივში – ლაშა გურული, ჭიდაობაში ყველა წონაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გვყავს, სპორტი არის ის, რითაც გვიცნობს მთელი მსოფლიო.
ბავშვები იცნობენ თავიანთ სპორტსმენებს, უკვე წარმატებები გვაქვს, ლიცენზია გვაქვს ოლიმპიადაზე, ევროპის ჩემპიონი, სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებულები გვყავს და უკვე ბავშვები თავიანთ გმირებს იცნობენ.

შვილთან – ნუციკოსთან ერთად

– თქვენი მოსწავლეებიდან ვინ არიან დღეს უკვე ცნობილი სპორტსმენები?
– როგორც იცით, პატარების ასაკობრივ კატეგორიაში ვმუშაობ, მე ძირითადად ნაკრების მწვრთნელი ვიყავი და ნაკრების მომზადებაში ვმონაწილეობდი. საქართველოდან ევროპის პირველი პრიზიორი ჩემი შვილი რომ არ ჩავთვალოთ, ზემოთ გესაუბრეთ, ისინი, ყველანი საამაყონი არიან…  რა თქმა უნდა, მათი ყველა წარმატება ჩემზეც გადმოდის და აისახება.
– კრივის აკადემიაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დადიან…
–  ორი დღის წინ „იმედის“ ეთერში გამოვედი, ჩვენთან დადის უკრაინელი გოგონა, რომელსაც მამა ომში დაეღუპა, გამოიქცა, დევნილია  თავისი სამშობლოდან და მენტალურად ძალიან ცუდად იყო, დედამისმა მომიყვანა და აგერ უკვე მეორე წელია, ჩემთან ვარჯიშობს. უკრაინაში შეჯიბრება მოიგო. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ რაღაც კარგი გავაკეთე ამ ბავშვისთვის.
კრივის აკადემიაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დადიან – რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, ამერიკელები, ეგვიპტელები, აფრიკელები… კრივი და სპორტი არის ნეიტრალური, ჩვენ არაფერზე ვლაპარაკობთ, მხოლოდ სპორტზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რომელიც გვაერთიანებს  სხვადასხვა რელიგიის და აღმსარებლობის ადამიანებს,
სპორტი ტოლერანტულია, სავარჯიშო დარბაზში მიწერია დიდი ასოებით: „პოლიტიკაზე საუბარი იკრძალება დარბაზიდან გაძევებით“.                                                                                                     

                                                                                                                         

                                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები