მირიან მირიანაშვილი: ახლა რომ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალი დაუბრუნოს, ეს პუტინის სისუსტედ აღიქმება და კავკასიაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება

,,ღმერთმა ნუ ქნას და, თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, ის კავკასიაში თვისებრივად სხვა დონეზე – ბატონისა და დამპყრობლის როლში შემოვა”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ახლა რომ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალი დაუბრუნოს, ეს პუტინის სისუსტედ აღიქმება და კავკასიაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

“ნამდვილად არა მაქვს იმის განცდა, რომ ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ და საპროტესტო აქციებმა ჩაილურის წყალი დალია. მიტინგების მასშტაბს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან აქ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი დასავლეთია და არა ქართველი ხალხი.

ე.წ. რუსული კანონის მიღების მიუხედავად, დასავლეთში “ქართულ ოცნებაზე” ანგარიშსწორება დღის წესრიგში არ დგას. სხვას რომ არაფერს მივაქციოთ ყურადღება და მხოლოდ ლონდონის ბირჟაზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დამოკიდებულებას დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ დასავლეთის საფინანსო ელიტა საქართველოს საფინანსო ელიტას ერთობ კორექტულადაც მიუდგა. ამიტომაც არ განადგურდა ქართული საფინანსო სისტემა, თორემ ახლა მთლიანად ჩამოშლილი იქნებოდა. აშშ-ს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე ზემოქმედების უამრავი ბერკეტი აქვს და სასიკვდილო დარტყმის მიყენებაც შეუძლია. ამას ჯერ კიდევ არ აკეთებენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან სიტუაციის განსამუხტავად, შემრიგებლურ საგარეო თუ შიდაპოლიტიკურ ნაბიჯს. ჯერი ხელისუფლებაზეა.

ხელისუფლება დასავლეთისკენ შემრიგებლურ ნაბიჯს არ გადადგამს. უკვე უნდა ვაღიაროთ, რომ “ქართულ ოცნებაზე” რუსეთი სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს. ამის გაგრძელება დამოკიდებულია რუსეთსა და დასავლეთს შორის ძალთა ბალანსის შეცვლაზე, ოღონდ ეს საქართველოს არ უკავშირდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის და როგორ შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ომის თეატრი. ამ ფლანგზე რევოლუციური ძვრები იკვეთება და ვფიქრობ, საქართველოზე მომართული რუსეთის სამხედრო წნეხი ცოტა ხანში შესუსტდება. ვგულისხმობთ იმას, ბოლო პერიოდში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ევროპულ ელიტაში ჩამოყალიბდა კარდინალური აზრი, რომ ამ ომში რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ამ დრომდე პრივალირებდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც ომი არც რუსეთს უნდა მოეგო და არც უკრაინა უნდა დამარცხებულიყო. ეს პრაქტიკულად სამხედრო-პოლიტიკურად განუხორციელებელი აღმოჩნდა და როცა დასავლეთში მოუწიათ არჩევანის წინაშე დადგომამ – ომი ან უკრაინას უნდა მოეგო, ან რუსეთს, რა თქმა უნდა, არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთეს.

მე ახლახან ვნახე დოკუმენტი, თუ რა სახის შეიარაღება გადასცეს უკრაინას, გამაოგნებელი მასშტაბია, მსგავსი ამ დრომდე უკრაინას არ მიუღია არც რაოდენობრივი და არც ნომენკლატურული თვალსაზრისით. ხოლო უკრაინას რუსეთზე შეტევის უფლება ამ იარაღის მასშტაბიდან გამომდინარე მისცეს. ადრე ამას აზრი არ ჰქონდა. დღეს უკრაინისთვის გადაცემული იარაღი ეფექტური სამხედრო და პროპაგანდისტული შეტევის შესაძლებლობას იძლევა. ეს ყველაფერი იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მალე რუსეთს საქართველოზე სამხედრო ზეწოლის რესურსი აღარ ექნება, რაც ივანიშვილს შესაძლებლობას მისცემს გათავისუფლდეს მოსკოვის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლისგან და დასავლეთისკენ გადადგას შემრიგებლური ნაბიჯი. თუ ამ შესაძლებლობით ისარგებლებს, ეს ძალიან მალე დაეტყობა პოლიტიკურ პროცესებს. თუ არადა, დასავლეთი გადავა ხისტ მოქმედებებზე.

“ოცნება” ცდილობს ნარატივის დამკვიდრებას შიდაპოლიტიკურ სივრცეში, რომ რუსეთთან დაახლოება შიშის საფუძველზე დამყარებული მოცემულობა კი არ არის, არამედ მოსკოვი გვპირდება აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას. სურთ შექმნან განცდა, რომ რუსეთთან ექსკლუზიური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველამ იცოდეს, ეს არასდროს არ მოხდება, გამორიცხულია. რუსეთს ძალიანაც რომ უნდოდეს, ფიზიკურად არა აქვს საშუალება საქართველოს ასეთი ბონუსი გაუკეთოს. ჩრდილოეთი კავკასია ისედაც აჯანყების პირას არის. ახლა რომ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალი დაუბრუნოს, ეს პუტინის სისუსტედ აღიქმება და კავკასიაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება. რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური დასუსტება ერთადერთი წინა პირობაა იმისა, რომ ჩვენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მოვახერხოთ. სხვა ყველა ვერსია გულუბრყვილობაა…

ღმერთმა ნუ ქნას და, თუ პუტინმა უკრაინაში გაიმარჯვა, ის კავკასიაში თვისებრივად სხვა დონეზე – ბატონისა და დამპყრობლის როლში შემოვა. ასეთ შემთხვევაში პუტინს “ქართული ოცნება” არაფერში აღარ დასჭირდება, საკუთარ ხალხს დაგვისვამს ხელისუფლებაში… ახლა რომ ოპერატიული პაუზა გვაქვს, ეს არაფერს ნიშნავს, ახლა დასავლეთი, პირველ რიგში კი აშშ, ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ წნეხს, ელოდება, რომ ზაფხულ-შემოდგომაზე დაასუსტებენ რუსეთს უკრაინაში და შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას მოსკოვიდან გამოხსნის შანსს მისცემენ. ამიტომ გადაიწია საქართველოს ხელისუფლებისთვის 1-ელ ივნისამდე მიცემულმა დედლაინმა 1-ელ ივლისამდე და არ არის გამორიცხული, ცოტა კიდევ გადაიწიოს. შესაბამისად, დღევანდელი ოპერატიული პაუზის პირობებში ლარის კურსის სტაბილურობის იმედი უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ჯერ ლარზე ზემოქმედების პერსპექტივა არ არის, შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასაც არაფერი ემუქრება.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს -ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობისადმი დასავლეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი ჩაყენებულია საქმის კურსში, რომ ზურაბიშვილის მოქმედებები დასავლურ ელიტასთან არის შეთანხმებული. მისი პოლიტიკური აქტიურობის წინააღმდეგ ხელისუფლების ადმინისტრაციული ზემოქმედება პირდაპირ ვაშინგტონთან დაპირისპირებას ნიშნავს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური ბლოკი, რომელიც ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ყალიბდება, ადმინისტრაციულად დაცულია, მათ არავინ შეუტევს…”, – განაცხადა მირიანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები