ბაქოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
24 მაისს, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო საღამოს საპატიო სტუმრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ესწრებოდა.
„სტუმართა შორის იყვნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები ბიზნეს სექტორიდან, კულტურის სფეროდან და ქართული დიასპორიდან.
საღამო გაიხსნა ორი ქვეყნის – საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნებით. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ. საზეიმო საღამო გაგრძელდა კულტურული პროგრამით. მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.
მოეწყო ეროვნული ტურიზმის კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პოტენციალს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ესპანეთში, ქ. ალიკანტეს ცენტრალურ პარკში, ქართული დიასპორული ორგანიზაციის ორგანიზებით და გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება
ამასთან, ქ. ვილაფრანკაში საქართველოსა და ესპანეთოს ენოტურიზმის ასოციაციების და ქართველი სტუდენტების, ორგანიზებით და გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა ქართული დღეები.
26 მაისის აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ჯაკარტას უმთავრესი ღირსშესანიშნაობა, ეროვნული მონუმენტი (Monas), საქართველოს დროშის ფერებში განათდა.