“ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც აქციების გაუფასურება დროებით მოახდინა, პოლიტიკური პროცესი შედარებით სტაბილიზაციისკენ მიდის, უახლოეს დღეებში  ფასების აწევას ვნახავთ” –  ცუცქირიძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასებზე

“ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც აქციების გაუფასურება დროებით მოახდინა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი შედარებით სტაბილიზაციისკენ მიდის, უახლოეს დღეებში  ფასების აწევას ვნახავთ”,-  ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ  ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის კლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში  საბანკო სისტემა   მყარია.

“ზოგადად, ეს  პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს,  ეკონომიკაზე, მათ შორის, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენს. უნდა აღვნიშნო, რომ ის კომენტარები, რომლებიც  წამყვანი კომერციულ  ბანკებთან მიმართებით, მათი აქციების ვარდნასთან, სავალუტო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კეთდება,  უფრო სპეკულაციური, ნაკლებკომპეტენტურია, განსაკუთრებით მაშინ,  როცა საბანკო სისტემის მძიმე სცენარებზეა მინიშნებები. საბანკო სისტემის რეგულაცია დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე,  თუნდაც 5 წლის წინ იყო.  მარეგულირებელი ჩარჩო, რითაც საბანკო სისტემის რეგულირება ხდება, ბაზელ  3-ის მოთხოვნებს ეყრდნობა. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია. ესაა, როგორია კაპიტალის დაცულობა, სადაც   ბუფერებზეა საუბარი, ისე  ლიკვიდობაა. თუ ვამბობთ,  რა გავლენა შეიძლება,  მოახდინოს ამა თუ იმ შოკურმა სცენარმა საბანკო სისტემაზე,  უნდა ვნახოთ, რა მდგომარეობაშია საბანკო  სისტემა. როცა მარეგულირებელ  ჩარჩოზე ვსაუბრობთ,  ერთ-ერთი მთავარი კაპიტალის დაცულობაა.  შოკების დროს, როდესაც კაპიტალზეა საუბარი, კაპიტალის  დაცულობა ნიშნავს,  რამდენად საკმარისი აქვთ ბანკებს ბუფერი, რომ ეს შოკები აიცილონ, ზეგავლენა   მინიმუმზე  რომ იყოს დასული.     უნდა აღვნიშნო,  საბანკო სისტემას ყველა ის ბუფერი,   რომელიც   მარეგულირებელი ჩარჩოს მიერაა დადგენილი, ნორმაშია აქვს.  მეორე-  თუ შოკებზე, სტრესულ სიტუაციებზეა საუბარი, არანაკლებ მნიშვნელოვანი  ლიკვიდობის მაჩვენებლებია. აქ ორი ძირითადი კოეფიციენტია. ლიკვიდობის გადაფარვის და წმინდა სტაბილური                   დაფინანსების.   ლიკვიდობა არის  კომპანიის უნარი,   მიმდინარე ვალდებულებები უპრობლემოდ გაისტუმროს. გადაფარვის  კოეფიციენტი სტრესულ სიტუაციებს აჩვენებს, თუ რამდენად აქვთ  ბანკებს უნარი, მოკლე  ვადაში  წმინდა ფულადი გადინების დაფინანსება მოახდინონ. თუ  დეპოზიტების გატანა,  ან მსგავსი ნეგატიური მოვლენა მოხდა, რამდენად აქვს ამის დაფინანსების  უნარი. ორივე  კოეფიციენტი ბანკებს ნორმაში აქვთ,  ნორმაზე ზემოთაც კი,   ანუ საბანკო სისტემა ამ ორი ძირითადი მაჩვენებლით რომ შევაფასოთ, მყარია,  ერთ-ერთი ყველზე უფრო მყარი და დაცულია როგორც რეგიონში, ისე შეგვიძლია,  ვთქვათ, რომ ევროკავშირშიც კი.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს არის მოკლევადიანი ვარდნები. საფონდო ბაზარს სხვანაირი სპეციფიკა აქვს. იქ პერიოდულად ხდება ვარდნა და ფასის აწევაც. ეს ატარებს მოკლევადიან ხასიათს.  მოკლევადიანი ხასიათი რა არის –  რაღაც ფაქტორებმა   შეიძლება, ფასზე გავლენა მოახდინოს.   ასეთი ფაქტორები არის ნეგატიური მოლოდინები, რომლებიც შესაძლოა, ამ აქციების მფლობელებს, ინვესტორებს ჰქონდეთ. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ნეგატიური მოლოდინი წარმოიშობა, შესაძლოა, აქციების გაყიდვა დაიწყონ. მოხდეს მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის ცვლილება. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ხდება ასეთი მოკლევადიანი ვარდნა, გარკვეულ პერიოდში ზრდაც ხდება. აქციები მიმზიდველი მაღალ ფასში კი არ არის, პირიქით მიმზიდველი დაბალი ფასითაა. როდესაც ნეგატიური მოლოდინის დინამიკა იცვლება,  ინვესტორების მხრიდან აქციების შესყიდვა იწყება.  მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას და დისბალანსი  საპირისპიროდ იცვლება. ხშირად არის როდესაც: რა წერტილიდანაც ხდება ფასის ვარდნა, იმ წერტილზე ზევითაც ადის ფასი. რაც ახლა ხდება – ვნახავთ, მომავალში მრუდი ზემოთ ავა. ნებისმიერი კრიზისი, რასაც ვხედავთ, ვგულისხმობ პოლიტიკური გამოსვლებს და პროტესტს,  ნეგატიურ მოლოდინს  ატარებს.  პიკურ ფაზაში მოხდა აქციების ფასის ვარდნა და არა დასაწყისში. ეს კრიზისული ფაზა ფაქტობრივად,  გადავლილია. კანონი მიღებულია, საქმე ვეტოზე დგას. პრეზიდენტის განცხადებას თუ დავეყრდნობით, თქვა, კანონს ვეტო  დაედება, ვენეციის კომისიის დასკვნის  ფორმულები  ჩაიდებაო. ხელისუფლებასაც არ უთქვამს უარი, რომ შენიშვნებს, რომელიც შეიძლება, მართლა მისაღები იყოს არ გაითვალისწინებს.   ვნახეთ ევროდეპუტატების ქვეყანაში ჩამოსვლა , აშშ-ს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის,    ვიზიტი, ვნახეთ,  სურვილია ამ საკითხზე დიალოგი იყოს. აქ საუბარი  რუსულზე, გაწვევაზე – ტერმინოლოგიურ ფაქტორებზე,  ფაქტობრივად,  აღარაა.

შევთანხმდეთ, რომ ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც დროებით მოახდინა აქციების გაუფასურება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიდის შედარებით სტაბილიზაციისკენ, უახლოეს დღეებში ვნახავთ ფასების აწევას. ანალოგიური ვარდნა სხვა დროსაც მომხდარა. „თიბისი“ ბანკს ერთი პერიოდი ჰქონდა აქციების ვარდნა და აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან მოკლე პერიოდში ვნახეთ, რომ აქციებმა ზრდა დაიწყო. მომავალ დღეებში ვნახავთ, რომ ფასები სტაბილურობისკენ წავა და არა ვარდნისკენ”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ეკონომისტი ლარის გაუფასურებასაც გამოეხმაურა.

“კურსიც   ამ პროტესტული მუხტის გამოძახილია. აქაც არასწორი ინტერპრეტაციებია, რომ ვითომ ინვესტორებს ფული გააქვთ,  დანაზოგების გატანა დაიწყეს, ამან უცხოური ვალუტის დეფიციტი გამოიწვიაო. ეს არასწორია. ინვესტორები სამოქალაქო ომების, დაპირისპირებების  დროს  იღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებას, თანხების გატანას.  თემა რა არის: როცა აჟიოტაჟური სიტუაცია იქმნება,  მსხვილი მოთამაშეები, ძირითადად,  იმპორტიორებს ვგულისხმობ,  ვალუტის ყიდვას წინასწარ იწყებენ , რომ დღეს შედარებით იაფად იყიდონ, ვიდრე, შესაძლოა,  ხვალ იყოს ღირებულება. ეს წარმოქმნის აჟიოტოჟურ მოთხოვნას ვალუტაზე, რაც  ლარის გაუფასურებას იწყებს. ყველა ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს, მათ შორის, საერთაშორისო რეზერვები
(იცით, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა),  რომ  ზედმეტი აჟიოტაჟის ჩაცხრობა მოახდინოს. ამ პროცესს ყველა ერთად ვნახავთ.     ის, რომ რაღაც კატასტროფული ხდება, რეალობისგან ძალიან შორსაა”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცნობისთვის,    15 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 4.59 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9577 ლარი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები