“ლარის კურსის რყევა აჟიოტაჟურია, ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟს მოკლევადიანი ტრენდი ექნება” – ეკონომისტი ოთარ ანგურიძე

“ლარის კურსის რყევა აჟიოტაჟურია, ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟს მოკლევადიანი ტრენდი ექნება, ასეთი საინფორმაციო კამპანიები აჟიოტაჟის ჩაქრობას მოახდენს, ლარი იმ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელზეც გუშინდლამდე იყო” – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგურიძემ ლარის გაუფასურების მიზეზზე ისაუბრა. ეკონომისტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის კლებასაც გამოეხმაურა.

“ზოგადად, ისეთი ტიპის აქციები, როგორიც თითქმის 1 თვეა, პერმანენტულად მიმდინარეობს, გავლენას ყოველთვის ახდენს ეკონომიკაზე, ეკონომიკურ განვითარებაზეც. ერთი მხრივ, ინვესტორებში გაურკვევლობას იწვევს, მეორე მხრივ, პროგნოზირების ნაწილში ბევრი მიმართულებით გრძელვადიანად დაბნეულობას იწვევს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შარშანაც ანალოგიური პროცესები გვქონდა, მარტის მოვლენებს თუ გადავხედავთ, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან იყო დაკავშირებული, ამან საქართველოს ეკონომიკური ზრდას ხელი ვერ შეუშალა. ვნახეთ, რომ წლის ბოლოს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ თუ ეს პროცესები დასტაბილურდება და კანონიერ ჩარჩოებში ჩაჯდება, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ამას დიდი გავლენა ვერ ექნება. პირიქითაც მგონია, თუ გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, მთავრობა იმას გვეუბნება, რომ არასამთავრობო სექტორში ბევრი დაუკვირვებელი თანხა ტრიალებს. თუ ეს თანხები დაკვირვების ობიექტი გახდება, ეკონომიკურად აღირიცხება, ბუნებრივია, ის ეკონომიკურ ზრდაში თავის წვლილს შეიტანს.
გუშინ რაც ვნახეთ, ეს მთლიანად ხელოვნური აჟიოტაჟი, ხელოვნურად შექმნილი პროცესი იყო. თუ გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ ვნახავთ, რომ აქციების ფასის ასეთი ვარდნები ნებისმიერი ბანკის შემთხვევაში მუდმივად ფიქსირდება. ტრენდი ხან ქვემოთ, ხან ზემოთაა. წლის დასაწყისში ინფორმაცია მივიღეთ, რომ “საქართველოს ბანკმა” სომხეთში ერთ-ერთი ბანკი შეიძინა, რამაც ამ ბანკის აქციების რეკორდული ზრდა უზრუნველყო. სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟაზე წლის დასაწყისში ამ ბანკის აქციები რეკორდულად გაზრდილი იყო. ბანკი გამსხვილდა და ამან უზრუნველყო ის, რომ აქციების ღირებულება სწრაფად გაიზარდა. შემდეგ პროცესმა სტაბილური სახე მიიღო, ბუნებრივია, ტრენდი ქვემოთ წამოვიდა, ახალი საბაზრო წონასწორული ნიშნულის დაკავება დაიწყო. საქმე სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს, რასაც ეს აქციები დაერთო. ეს აქციები რომც არ დამთხვეოდა, ან დამთხვეოდა, უნდა ითქვას, რომ ერთი რომელიმე ბანკის აქციების ფასის ვარდნამ , ექნება მას ობიექტური მიზეზი, თუ არა, შეუძლებელია, ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვიოს. ერთ შემთხვევაზეც და მეორე შემთხვევაზეც აბსოლუტურად სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. აქ კორელაციური ბმა შეუძლებელია, თუ მიზანმიმართულად არ გინდა, რომ რაღაც გამოჩხრიკო.
როცა წლის დასაწყისში “საქართველოს ბანკის” აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა, არსად დაწერილა, არც აჟიოტაჟი ატეხილა – ეკონომიკა რა კარგ დღეშია, რადგან ბანკის აქციები რეკორდულად გაიზარდაო. ახლა ყურადღება გაამახვილეს, რადგან პოლიტიკურად კარგად შესაფუთი გახდა. სამესიჯოდ კარგი პაკეტი შეიქმნა, რათა ქვეყანაში ეკონომიკური რყევები გამოეწვიათ. წარმოუდგენელია, ამდენმა ადამიანმა დილიდან დაპოსტვა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, რომ აქციების ფასი ეცემა. ამ აჟიოტაჟმა ლარის კურსის რყევებიც გამოიწვია. ლარის კურსის რყევა აჟიოტაჟურია. ლარმა ბევრი აჟიოტაჟი გადაიტანა. ვნახეთ, რომ მოკლევადიანი პერიოდის დაძლევის შემდეგ ლარი ისევ საწყის წონასწორულ კურსს უბრუნდებოდა, საიდანაც მისი გაუფასურება დაიწყო. ლარის კურსის რყევა აჟიოტაჟურია, ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟს მოკლევადიანი ტრენდი ექნება, ასეთი საინფორმაციო კამპანიები აჟიოტაჟის ჩაქრობას მოახდენს, ლარი იმ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელზეც გუშინდლამდე იყო”, – განაცხადა ანგურიძემ.

ცნობისთვის, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 4.59 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7323 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9577 ლარი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები