ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს კარი აუჭედეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და მოქალაქეებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს კარი აუჭედეს. პროტესტის მიზეზი თამაზ მარგველაშვილის ბრძანება გახდა, რომლის მიხედვით, შოთა მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება შეუწყდა. გადაყენებულმა შოთა მურღულიამ, შესაძლოა, სასამართლოში იჩივლოს. მის შემცვლელად წარდგენილი ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი კი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს. კრიზისის გასანეიტრალებლად, დეპუტატები მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვენ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია თანამდებობიდან გუშინ გადააყენეს. შოთა მურღულიასთვის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის უფლებამოსილების შეჩერების ბრძანებას ხელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა მოაწერა.