პროფესიით არქიტექტორია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და ასპირანტურა მოსკოვში.
1982-1986 წლებში მუშაობდა სოხუმში, ჯერ არქიტექტორად, შემდეგ – უფროს არქიტექტორად. ამ პერიოდში მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა სხვადასხვა პროექტი.
1995 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტში ჯერ მოწვეული პედაგოგის, ხოლო შემდეგ ამავე ინსტიტუტის ინტერიერისა და დიზაინის კათედრის დოცენტია. 2006 წელს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე სრული პროფესორის თანამდებობას იკავებს. 2007 წლიდან – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტის უფროსია. პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას არქიტექტურის დარგში და მრავალი არქიტექტორული პროექტების ავტორია.
პროფესიის პარალელურად, ამზადებს თოჯინებს. ამბობს, რომ ხელოვნებასთან ზიარება მის ცხოვრებაში რთული პერიოდის დროს მოხდა და დიდი შინაგანი სურვილის შემდეგ იბადება თითოეული თოჯინა. მონაწილეობს გამოფენა-კონკურსებში და სიამოვნებს, რომ პროფესიას და ჰობს წარმატებით უთავსებს ერთმანეთს. – არქიტექტორი, პედაგოგისა და მეთოჯინის, მზია მილაშვილის პერსონა.
– დავიბადე და გავიზარდე პედაგოგის ოჯახში, სადაც ხელოვნებასა და ხელნაკეთ შემოქმედებას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, დავდიოდი ხატვის წრეზეც. ვხატავდი სხვადასხვა სიუჟეტს, ძალიან მომწონდა ლამაზი გოგონების ხატვა. დედა დიდხანს ინახავდა ჩემს ნახატებს, რადგან ფიქრობდა, რომ ხატვის განსაკუთრებული ნიჭი მქონდა. თუმცა, ალბათ ჩვეულებრივი ბავშვური ნახატები იყო. რადგან დიდ სანათესავოში ვიზრდებოდი, გამორჩეულად განსხვავებული გარემო გვქონდა, ვიყავით თითქმის თანატოლი დეიდაშვილები, ბიძაშვილები და ერთად ვატარებდით ზაფხულის არდადეგებს. რამდენიმე ზაფხული ლაგოდეხის ნაკრძალში კარვებში გავატარეთ. ბავშვები მდინარის პირას ვაგროვებდით წყლისაგან ფორმაშეცვლილ ხის ტოტებს, ქვებს, გირჩებს და სხვადასხვა ფიგურას ვამზადებდით. ვცურავდით მთის მდინარეში, ვაწყობდით ლაშქრობებს. ეს წლები განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დარჩა ჩემს მეხსიერებაში.
– რატომ აირჩიეთ არქიტექტურის სპეციალობა?
– გულწრფელად რომ გითხრათ, არც კი მახსოვს, როდის შემოვიდა ჩემში ამ პროფესიის ინტერესი, თუმცა როცა პირველად მკითხეს – რა უნდა გამოხვიდეო? პასუხი იყო – არქიტექტორი-მეთქი. მაშინ ალბათ 13-14 წლის ვიქნებოდი და არც არასდროს შემიცვლია აზრი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ხშირად მიფიქრია, რომ ალბათ მხოლოდ ასეთ სიყვარულს შეუძლია, იმუშაო ახალ პროექტზე სამსახურიდან მოსულმა და საოჯახო საქმეებით დაღლილმაც კი.
სკოლაში ხაზვას ვსწავლობდით, გვყავდა ძალიან კარგი პედაგოგი, ქალბატონი ლიანა ტეტელოშვილი, მან შემაყვარა ხაზვა. ნებისმიერი სირთულის ფიგურის გამოხაზვის წესებს ისე გვიხსნიდა, რომ შეუძლებელი იყო, ვერ გაგვეგო. სკოლის პერიოდში ვმონაწილეობდი ხაზვის რამდენიმე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში და მივიღე დიპლომები და სიგელები. შესაძლოა, ხაზვის და ხატვის სიყვარული იყო ის, რამაც არქიტექტორის პროფესიის არჩევა მაფიქრებინა.
– სტუდენტობის და ასპირანტობის წლები…
– საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე სკოლის დასრულების შემდეგ პირველივე წელს ჩავირიცხე. მაშინ ამ ფაკულტეტზე ტრადიციულად საკმაოდ დიდი კონკურსი იყო, მგონი, ერთ ადგილზე 17 აბიტურიენტი მოდიოდა. სულ რამდენიმე თვე მომამზადეს ხატვაში, რადგან მისაღებ გამოცდაზე აკადემიური ნახატი უნდა შეგვესრულებინა. ცოტა მათემატიკაშიც წამამეცადინა მამიდამ და ასე გავედი მისაღებ გამოცდებზე. მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ დიდი კონკურსის და ჩემი გამოუცდელობის გამო, რადგან აბიტურიენტები წლობით ემზადებოდნენ და მაინც ვერ ხვდებოდნენ ამ სპეციალობაზე. გამიმართლა? ვერ ვიტყვი, რომ გამართლება იყო, უბრალოდ მაშინ სკოლა ნამდვილად იდგა მოწოდების სიმაღლეზე და ბავშვები ნამდვილად კარგ განათლებას იღებდნენ.
სტუდენტობის პერიოდი საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ საუცხოო ლექტორები გვიკითხავდნენ ლექციებს. სპეციალობას იმ დროისათვის ცნობილი არქიტექტორები გვასწავლიდნენ, ხელოვნების ისტორიას საკუთარი საქმის პროფესიონალები – პროფესორი ირაკლი ციციშვილი და ქალბატონი თინათინ ჩიჩუა. საინტერესო და ბევრის მომცემი იყო სანკტ-პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) გავლილი რამდენიმე თვიანი წინასადიპლომო პრაქტიკაც. ქალბატონი თინასგან მთელი ქალაქის, მიმდებარე ისტორიული ადგილებისა და ძეგლების გეგმარება თუ არქიტექტურული სტილი ზეპირად გვქონდა ნასწავლი. მისმა სტუდენტებმა ზეპირად ვიცოდით ეგვიპტე, საბერძნეთი, ვენეცია, ფლორენცია, რომი… ისე შეგვეძლო მათი აღწერა, თითქოს რამდენჯერმე ვიყავით იქ ნამყოფი. თითოეულ არქიტექტურულ ძეგლზე დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიდა და ჩვენგანაც ასე ზედმიწევნით ცოდნას ითხოვდა.
რაც შეეხება ასპირანტურას, 1986-1990 წლებში მოსკოვში ვსწავლობდი. მყავდა არაჩვეულებრივი სამეცნიერო ხელმძღვანელი არქიტექტორი, პროფესორი ევგენია რაევა, რომელიც დიდად აფასებდა საქართველოს, ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. მისი ხელმძღვანელობით მოვამზადე სადისერტაციო ნაშრომი საქართველოს საკურორტო რეგიონებში საოჯახო სასტუმროების სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურის ტიპოლოგიის ფორმირების თაობაზე. ეს თემა იმ დროისათვის, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, სრულიად ნოვატორულად ჩაითვალა და მის საფუძველზე, ავტორთა ჯგუფთან ერთად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა საკურორტო რეგიონებისათვის დავამუშავეთ კერძო საოჯახო სასტუმროების არქიტექტურული პროექტების კატალოგი.
– 4 წელი სოხუმში მუშაობდით. თქვენი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა სოხუმის ეთრზეთების ფაბრიკის, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუს საშუალო სკოლის, აბრსკილის მღვიმის ადმინისტრაციული შენობების გამწვანება, ასევე სხვა პროექტები…
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით სოხუმში მოვხვდი სამუშაოდ. საპროექტო ინსტიტუტის ჩვენ შემოქმედებით ჯგუფში სულ ახალგაზრდა არქიტექტორები ვიყავით. მახსოვს დამოუკიდებლად პირველი ეთერზეთების ფაბრიკის პროექტი უნდა გამეკეთებინა და როცა ფაბრიკის დირექტორს შევხვდი მან ეჭვის თვალით შემომხედა, ალბათ გაიფიქრა – ეს პატარა გოგო რისი გამკეთებელი იქნებაო. თუმცა, პროექტი რომ დავასრულე ძალიან კმაყოფილი დარჩა და თავიანთი ორანჟერეის ვარდების დიდი თაიგულიც მომართვა.
სოხუმი საოცარი ქალაქია, ის განსაკუთებით კარგი არასაკურორტო პერიოდში იყო – ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით. წყნარი, ლამაზი, ნათელი, კრიალა ქუჩებით, მზიანი, თბილი ამინდებითა და ძალიან კარგი ადამიანებით. იქ შეძენილ მეგობრებთან დღემდე ვმეგობრობ. რა დამიტოვა სოხუმმა? მისადმი დიდი სიყვარული და დიდი მონატრება.. ვფიქრობ, ჩემები აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ სოხუმში და მეც აუცილებლად ჩავალ მათთან სტუმრად.
– 1996 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იწყებთ მუშაობას – მოწვეული პედაგოგიდან სრულ პროფესორამდე. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი ხართ. რაზე გაამახვილებდით ყურადღებას ამ წლებიდან?
– დისერტაციის დაცვის შემდეგ მშობლიურ ალმა-მატერს დავუბრუნდი. იმ დროს რთული იყო სწავლებაც და სწავლაც. არ იყო ტრანსპორტი, შუქი, გათბობა. მიუხედავად ამისა, საოცარი იყო სტუდენტების მონდომება. მახსოვს რამდენიმე სტუდენტი, ერთ დავალებას რომ მივცემდი ორი და სამი მოჰქონდათ, რომელია უკეთესიო? დღეს ისინი ზოგი საქართველოში და ზოგიც საზღვარგარეთ წარჩინებული არქიტექტორები არიან. ჩემი ხელმძღვანელობით ათზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხი. მომზადებული მაქვს ოცამდე საგნის სალექციო კურსები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. გამოქვეყნებული მაქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. სისტემატურად ვიღებ მონაწილეობას მოხსენებებით სამეცნიერო კონფერენციებში და ვხელმძღვანელობ სტუდენტებს სამეცნიერო კონფერენციებისთვის მოხსენებების მომზადებას. ეს ჩემი პროფესიის ის ნაწილია, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას უანგაროდ გავუზიარო.
– პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად არაერთი არქიტექტურული პროექტის ავტორი ხართ… მათ შორისაა: კ. ჩაჩავას სახ. სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის პროექტი და სხვ. თქვენი პროექტებიდან რომელს გამოყოფდით?
– რაც შეეხება პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობას, არც არასდროს შემიწყვეტია. ამაში დიდი წვლილი მეუღლესაც მიუძღვის, რომელიც ასევე არქიტექტორია და ტანდემში დღემდე ვმუშაობთ კერძო და სახელმწიფო შეკვეთებზეც. ბევრი პროექტი სწორედ ერთობლივი თანაავტორობით გვაქვს შექმნილი. რომელს გამოვყოფდი?. ძნელია რომელიმეს გამორჩევა. ყველა მათგანი თავისებურად საინტერესოა, თითოეულში დებს არქიტექტორი არა მხოლოდ საკუთარ ცოდნას, არამედ საკუთარი სულის ნაწილსაც, ემოციას და განცდას. მიუხედავად საკმაო სტაჟისა, ყოველი ახალი პროექტის დაწყებისას დღემდე მაქვს რაღაცნაირი განცდა.. განცდა იმისა, თუ რით დავიწყო, როგორ გავავლო პირველი ხაზები, როგორ მოვარგო დამკვეთის სურვილს და თან რაღაც ჩემი წილიც ჩავდო… განსაკუთრებით მსიამოვნებს ახალი საცხოვრებელი სახლების დაპროექტების პროცესი. ვითავისებ მათ სურვილებსა და უცნაურ „კაპრიზებსაც“ კი, ვისი სახლიც უნდა იყოს და თითქოს მეც იქ ვიწყებ ცხოვრებას. ასე ყველა ნიუანსი უფრო შეიგრძნობა და ვცდილობ, დაპროექტებისას ყველა უმცირესი დეტალიც კი გავითვალისწინო.
– თბილისის არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებიდან რომელზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– თბილისის არქიტექტურა? – რთული და არაერთგვაროვანი თემაა. ბევრი საკითხია რაც გადაჭრას მოითხოვს, პირველ რიგში სატრანსპორტო და საინჟინრო კომუნიკაციები, სხვადასხვა უბნების განაშენიანების სიმჭიდროვის რეგულირება, რეკრეაციული ზონები და მათი გამწვანება. ისტორიული უბნების კონსერვაცია-რესტავრაცია და განაშენიანება. ყველა ეს გლობალური საკითხია და ცალკეული დარგის პროფესიონალების ჩართულობას საჭიროებს.
– როდის და როგორ დაიწყეთ ხელნაკეთი თოჯინების დამზადება? პირველი თოჯინები…
– მოხდა ისე, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემგან დამოუკიდებლად, გარკვეული მიზეზებით ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი დადგა. ინტრიგას, შურსა და უსამართლობასთან შეჯახებით გამოწვეულმა სულიერმა ტრავმამ შინაგანი გამოფიტვა და რაღაც დოზით მენტალური პრობლემები გამოიწვია. ვერაფერს ვაკეთებდი და ვერც ამ მდგომარეობიდან გამოსავალ გზას ვხედავდი… და ამ დროს, შემთხვევით, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ქართველი მეთოჯინის, ქ-ნ ნანა ყაულაშვილის, თოჯინების ფოტოებსა და განცხადებას იმის თაობაზე, რომ მსურველებს თოჯინების კეთებას შეასწავლიდა. მივხვდი, რომ იმ დროს სწორედ ეს მინდოდა… ქ-ნმა ნანამ გამაცნო ის მასალა და ტექნიკა, რითაც თავის საოცარ თოჯინებს ქმნიდა. მან ბევრი რამ შემასწავლა და ქ-ნ ნანას დღესაც „მაესტროს“ ვეძახი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გავაკეთე ჩემი პირველი თოჯინა, გაღიმებული პატარა გოგო „ბარბარე“. ეს ის ღიმილი იყო, რომელიც იმ დროს ძალიან მჭირდებოდა. „ბარბარეს“ მალევე სხვა თოჯინებიც მოჰყვა: „ეჯე“, „გერტრუდა“, „მარიამი“, „ჰიურემი“, „ესმერალდა“ და სხვები.
– შთაგონება თუ გჭირდებათ? რა მასალას იყენებთ?
– თოჯინის დამზადება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. შთაგონების გარეშე მას ვერ შექმნი, რაღაცნაირი შინაგანი მუხტია საჭირო. პანდემიის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მეტი თავისუფალი დრო მქონდა, არცერთი თოჯინა არ შემიქმნია. რაღაცნაირი „შემოქმედებითი პაუზა“ თავისთავად დადგა. რამდენჯერაც ვცადე დაწყება, იმდენჯერ მივატოვე.
რაღაც მუხტი მიბიძგებს, რომ გავაკეთო თოჯინა. მართალია, წინასწარ არ ვიცი, რას გავაკეთებ, მაგრამ შინაგანად იბადება დიდი სურვილი, რომ რაღაც უნდა შექმნა. მერე იწყებ და ნელ-ნელა თვითონ მოდის პერსონაჟი, ტიპაჟი. გაგიკვირდებათ და, ტანისამოსსაც კი თვითონ „ირჩევენ“. ძალიან „ჭირვეულები“ არიან, არ იხდენენ ყველაფერს. საკმაო დროა საჭირო, რომ შეურჩიო მოდელი, ქსოვილი, აქსესუარები. შესაძლოა, მე ერთს ვფიქრობდე და თოჯინამ სულ სხვა რამ მოიხდინოს.
მახსოვს, ერთ თოჯინას ვერაფერი მოვუხდინე, რამდენიმე ქსოვილი მივუსადაგე, მაგრამ „გაჯიუტდა“.. ისე გავბრაზდი, თმებიც კი მოწიწკნე – „ბოლოს და ბოლოს, რა გინდა-მეთქი“! დედა შეესწრო ჩვენს „ჩხუბს“… თავისთვის ადრე ნაყიდი საკაბე ქსოვილი ჰქონდა შენახული, გამომიტანა, „იქნებ ეს მოიხდინოსო“. მართლაც ძალიან მოუხდა და დედას ნაცვლად მას შევუკერე კაბა… ასეც ხდება.
ადრე თვითშრობადი პოლიმერული თიხით ვმუშაობდი, კარგი მასალაა. ბოლო პერიოდში შევისწავლე სხვა პოლიმერული თიხით მუშაობა, ამ თიხას ძერწვის შემდეგ გამოწვა სჭირდება. ამ მასალით ჯერ მხოლოდ ერთი თოჯინა დავამზადე.
– ვინ არიან თქვენი თოჯინების პროტოტიპები? საინტერესო ისტორია…
– ჩემს თოჯინებს უშუალო პროტოტიპები არ ჰყავთ. უფრო ემოციური მუხტი მიბიძგებს, რომ თოჯინაზე მუშაობა დავიწყო. ეს მუხტი ზოგჯერ დადებითი ემოციებია, ზოგჯერ კი – პირიქით და თოჯინაც ისეთივე გამოდის. ის რაღაცნაირად იმ მუხტს ატარებს, რითაც მისი გაკეთება დავიწყე.
ბოლოს წინა თოჯინას რომ ვაკეთებდი, დედა იყო ავად… სევდიანი გოგო გამოვიდა. მართალია, ძალიან სევდიანი გამოხედვა აქვს, მაგრამ თვალებში პატარა იმედის ნაპერწკალს მე მაინც ვხედავ… ალბათ დედაც კარგად იქნება…
– გამოფენები… ამჟამად რაზე მუშაობთ?
– პირველივე თოჯინების შექმნიდან მალევე მოეწყო მეთოჯინეთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და რამდენიმე თოჯინამ ამ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.მერე იყო თბილისის საერთაშორისო გამოფენა, ისრაელის საერთაშორისო გამოფენა, ონლაინ გამოფენები.
წელს, ქართველი მეთოჯინის, მარინა ბიჭიაშვილის მიერ დაარსებულ კერძო საგამოფენო გალერეა „მინიზეუმში“ გაიმართა გამოიფინა-კონკურსი „მოგზაურობა დროში“, სადაც ბევრ ქართველ მეთოჯინეთა მიერ შექმნილ თოჯინებს შორის ჩემი ერთი ჩემი თოჯინაც მონაწილეობდა. ამჟამად ერთ გაზაფხულივით მხიარულ გოგოს ვაკეთებ, მინდა რომ ისიც იღიმოდეს, ვნახოთ, რა გამოვა…
– არქიტექტურის დარგში განაგრძობთ პრაქტიკულ და შემოქმედებით საქმიანობას. როგორ უთავსებთ ერთმანეთს პროფესიას და ჰობს?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. ალბათ, როგორც ყველა არქიტექტორი, მეც მასში ვახდენ ჩემი შინაგანი მდგომარეობის რეალიზებას. ყოველი ახალი პროექტი ახალი გამოწვევაა, არ არსებობს განცდა, რომ ყოველთვის ყველაფერი გამოგივა. პირიქით, ყოველ ახალ პროექტს თავისი სირთულეები ახლავს და ამ სირთულეების დასაძლევად მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება არ არის საკმარისი. საჭიროა, არქიტექტორმა საკუთარ თავში ის შინაგანი ძალა, ენერგია და შთაგონება მოძებნოს, რაც ამ სირთულეს დააძლევინებს. ჯერჯერობით ასეც ხდება და როცა ვიგრძნობ, რომ ეს ძალა, ენერგია და შთაგონება გაქრა, ალბათ მაშინ აღარც ახალ პროექტს არ მოვკიდებ ხელს.
რაც შეეხება თოჯინებს, ისინი უფერული დღეების გაფერადებაში მეხმარებიან და თითქოს ამით მაძლევენ იმ შინაგან ძალას, რაც ჩემს პროფესიას სჭირდება. რაღაცნაირი ბმაა – ერთი ძალას და ენერგიას ითხოვს, მეორე ამ ძალას და ენერგიას გაძლევს…
– ჰობი…
– ამჟამად თოჯინები, თოჯინები და თოჯინები..თუმცა, მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენაც.
– ოჯახი... მეუღლეც არქიტექტორია…
– ჩემი პატარა ოჯახი ჩემი დიდი საყრდენია. სულ ოთხნი ვართ, მე, დედა – თამარ ბერიძე, ქალიშვილი – ანი მჭედლიშვილი და მეუღლე – ვალერი მჭედლიშვილი. დედა წინა საუკუნის 30 წლებში მესხეთთან თურქების შემოსევას გამოქცეული და კახეთში შეფარებულ ოჯახში დაიბადა. 45 წლის მანძილზე პედაგოგად მუშაობდა. მერე მეხმარებოდა საოჯახო საქმეებსა და ქალიშვილის აღზრდაში. დედამ ასწავლა ანის გაკვეთილების დამოუკიდებლად მომზადება და არც არასდროს ჩამიბარებია მისი გაკვეთილები.
ანიმ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, შემდეგ წითელ დიპლომზე დაამთავრა მაგისტრატურა და ამჟამად ერთ-ერთი ბრიტანული საფინანსო-საბანკო კომპანიის პოლონეთის ოფისში მუშაობს სპეციალობით. ხშირად ჩამოდის საქართველოში. ბავშვობაში ცეკვავდა, მღეროდა და გამოდიოდა კონცერტებზე, ხატავდა და რამდენიმე გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად მოგზაურობა იტაცებს, ეტყობა შთაბეჭდილებებს აგროვებს.. ძალიან მიზანდასახული გოგოა, ვნახოთ, როგორი მომავალი ექნება.
მეუღლეც არქიტექტორია. წლების მანძილზე იყო კახეთის ერთ-ერთი რაიონის მთავარი არქიტექტორი. შემდეგ დაამთავრა დოქტორანტურა, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. ჩვენი პროფესია ბევრ საერთო ინტერესსა და საზრუნავს გვიჩენს. გვყავს დიდი საერთო სამეგობრო. ჩვენ წყვილს „მეგობრების“ წყვილი შეიძლება ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს საკუთარი შეხედულებები და ხშირად პროექტზე მუშაობისას ვკამათობთ კიდეც. ძირითადად, ვახერხებთ ერთმანეთის აზრების გაზიარებას, თუმცა ყოველთვის – არა..და მაშინ ჩვენ შორის ბოლო სიტყვა იმ კონკრეტული პროექტის მთავარ ავტორ არქიტექტორს ეკუთვნის ხოლმე..
– სამომავლო გეგმები...
– ჩემი სამომავლო გეგმები ჩემს ძირითად სამსახურს უკავშირდება. ახალ-ახალი გამოწვევები ახალ-ახალ გადაწყვეტებს ითხოვს. ამჟამად ვმუშაობ პროფესიული პროგრამა „ინდუსტრიული დიზაინის“ შექმნაზე, რომლის განხორციელებაც ჩვენს უნივერსიტეტში იგეგმება. საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. გვინდა უნივერსიტეტმა მოამზადოს სპეციალისტები და ეს დარგიც განვითარდეს საქართველოში.
თამარ შაიშმელაშვილი