„ყოველი ახალი ნახატის შექმნისას, ყოველ მონასმში თავიდან ვიბადები“…

ხატვის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო. ჯერ იყო მ. თოიძის  სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ამბობს, რომ საინტერესო სტუდენტობა ჰქონდა და  გამორჩეული პედაგოგები ასწავლიდნენ. შემდეგ ისე მოხდა, რომ სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, ფოტოხელოვნებითაც იყო გატაცებული, ხატვას კი მხოლოდ პანდემიის პერიოდში დაუბრუნდა.
მრავალფეროვანია მისი პალიტრა – ნატურმორტი იქნება თუ პეიზაჟი, ან აბსტრაქცია…
ამბობს, რომ მთავარი განწყობაა, სათქმელი ბევრი დაუგროვდა და ხატავს. – ნანა მდინარაძის პერსონა.

– როგორც ყველა ბავშვს ხატვა მეც ძალიან მიყვარდა, საათობით შემეძლო, მეხატა უცნაურად დაგრეხილი ფიგურები. მეხუთე კლასში უკვე გავიაზრე,  რომ ყველაზე ბედნიერად თავს ხატვის დროს ვგრძნობდი. ცამეტი წლიდან ვემზადებოდი  ხატვაში ჯერ ნიკოლაძისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დროს, როცა გამოცდაზე უნდა წავსულიყავი,  მამა გარდაიცვალა.
ერთი წლის შემდეგ შევედი მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში და პარალელურად უკვე აკადემიისთვის დავიწყე მზადება, მიმიყვანეს არაჩვეულებრივ ადამიანთან, იმ დროს ახალგაზრდა  მხატვართან, პედაგოგ გია ეძგვერაძესთან. მან რადიკალურად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ის საოცრად ღრმად მოაზროვნე, ფილოსოფოსი მხატვარია. მან, შეიძლება ითქვას, ფერით აზროვნება მასწავლა. თუმცა მალე, ახლობლების დაჟინებული რჩევით, მომიწია მიმართულების შეცვლა  და გადავწყვიტე აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.

„ორბეთი“ – „ზამთრის სერიიდან“.

–  სტუდენტობის წლებიდან  ვის გაიხსენებთ?
– 80-იანი წლების მიწურული იყო, აკადემიაში ფერწერის განხრით შეზღუდული ადგილები და მაღალი კონკურენცია იყო. მამიდა ხელოვნებათმცოდნე მყავს და განმიცხადა, მეტი ადგილია და  ჩაბარების მეტი შანსი გაქვსო. არც ერთი წუთი არ მინანია ამის გამო, დიდი თეორიული ცოდნა მომცა, მხატვრობის და არქიტექტურის ისტორია სიღრმისეულად შევისწავლე და კიდევ ბევრი რამ, რამაც პროფესიულად გამზარდა.
პირველი პედაგოგები, ვინც ნახატის წაკითხვა მასწავლა, იყვნენ: სამსონ ლეჟავა და მისი მეუღლე – ასმათ ოქროპირიძე. შემდეგ უკვე აკადემიაში – ვახტანგ ბერიძე, რუსუდან ყენია და ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგი, პროფესიონალი.  90-იანი წლების მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, ძალიან საინტერესო და კარგი სტუდენტობა მქონდა. ხატვით სულ ვხატავდი, დამთავრების შემდეგ შეთავაზება მივიღე გერმანიიდან, მაგრამ ისევ გარემოებები აღიმართა ჩემსა და ჩემს მიზანს შორის, – უარი ვთქვი.
მყავს ბავშვობიდან ეტლით მოსარგებლე უმცროსი ძმა, ის ჩემთვის ყველაფერია და… საქართველოში დავრჩი.
ერთხანს  ვმუშაობდი – რედაქციაში, სკოლაში, დაკავებული ვიყავი გრაფიკული დიზაინით, ინტერიერის დიზაინით. შემოვიარე თითქმის მთელი საქართველო,  ფოტოხელოვნებამაც გამიტაცა, ხატვით მხოლოდ ჩანახატებს ვაკეთებდი და იმ დროს იშვიათად ვმუშაობდი ფერში, მხოლოდ თუ შემიკვეთავდნენ.

სერიიდან „ჩემი ქალაქი“

– პანდემიის პერიოდმა ხატვასთან დაგაბრუნათ…
– პანდემიის დროს იძულებული გავხდი, სახლში ჩავკეტილიყავი, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დასაცავად, ჩემი ძმისთვის მსუბუქი ვირუსიც კი შეიძლება საშიში აღმოჩენილიყო. ამან განაპირობა, სერიოზულად დავბრუნებოდი მხატვრობას, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ „დიდ ავიაციაში“ აუცილებლად დავბრუნდებოდი… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით…
 სხვადასხვა სერიას ქმნით – „მოგზაურის დღიურიდან“, „ზამთრის სერიიდან“, „იქ, სადღაც“, „ფარაონის სიზმარი“, „სახლი ძველ უბანში“… საინტერესოა აბსტრაქციები…
– ბევრი სათქმელი დამიგროვდა და მეც ვხატავ. მუშაობას მზის ამოსვლასთან ერთად ვიწყებ და დაღამებამდე გრძელდება. ვმუშაობ თითქმის ნებისმიერი მასალით: ზეთით, აკრილით, ტუშით, პასტელით…  იმისდა მიხედვით, გააჩნია, რას ვხატავ.
სერია: „სახლი ძველ უბანში“ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიბადა, ფეხით შემოვიარე ძველი თბილისის ქუჩები,  ყველა ეზო…
მაქვს სერია „ჩემი ბავშვობის ქალაქი“ და ასევე – „ჩემი ქალაქი“. ეს ორი ერთმანეთისაგან თვისობრივად განსხვავებული სერიაა, პირველი ჩემს მოგონებებს და იმ ემოციას გადმოსცემს, რაც მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა, ხოლო მეორე – „ჩემი ქალაქი“ სულ ერთი თვის წინ დაიბადა, ის ჩემს სიზმრებს თუ ხილვებს ასახავს, ბევრი რამ არის ისეთი, რაც გაუცნობიერებლად მოდის…
„ფარაონის სიზმარიც“ ძველი სერიაა, 90-იან წლებში ერთ კარგ ადამიანს სცენარიც დავუწერე ბალეტისთვის ამ თემაზე, მაშინ ძალიან ვიყავი გატაცებული ძველი ეგვიპტით…

„ალიონი ზღვაზე“

–  ფოტოგრაფიული არის  შესრულებული ნატურმორტები… თუ გჭირდებათ შთაგონება?
– არ აქვს მნიშვნელობა, რას ვხატავ – ნატურმორტს თუ პეიზაჟს, განწყობა ყოველთვის წარმმართველია.
თითოეული  ნამუშევარი  ჩემი სულის ნაწილია, ეს ჩემი სამყაროა, სადაც ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ. ყოველი ახალი ნახატის შექმნისას ყოველ მონასმში თავიდან ვიბადები და ვიზრდები, ის ჩემი სუნთქვაა. რასაც ვქმნი, ყველა იმ დიდი ამბის ერთი პატარა ფრაგმენტია, რაც ჩემში ცხოვრობს მოგონების სახით, ემოციაა…
–  როგორი გარემო უნდა გქონდეთ, რომ ზუსტად გადმოსცეთ  ის, რაც ჩაიფიქრეთ?
– მთავარი განწყობაა, ყველაფერი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო, გარშემო იმდენი საინტერესო რამ არის – ფილმი,  სპექტაკლი, უჩვეულო განათება, ძველი ნივთი და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

„ნატურმორტი ყურძნით“

– ჰობი…
– ჰობი, როგორც ასეთი, არ მაქვს. ჩემი ინტერესების სფერო მეტად დიდია და მრავალფეროვანი.
–  გამოფენები…
– ვმონაწილეობ ონლაინ გამოფენებში, პერსონალური ჯერ არ მქონია, ვფიქრობ, საამისოდ ჯერ არ ვარ მზად. ჩემი ნახატები, რამდენიმეს გამოკლებით, კერძო კოლექციებშია დაცული, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. ვფიქრობ, ჯერ ბევრი მაქვს გასაკეთებელი…

„კესანები“

–  ვინ არიან თქვენი პირველი შემფასებლები ოჯახში?
– პირველი შემფასებელი ჩემი ძმაა, ის ბედნიერია, ხატვას რომ დავუბრუნდი…
რაზე მუშაობთ ამჟამად?
–  „ჩემი ქალაქის“ სერიაზე ვმუშაობ..
–  გეგმები…
– წინასწარ ვერაფერს ვიტყვი გეგმებზე, რადგან ცხოვრება ხშირად იცვლის ზნეს, სიურპრიზებით  სავსეა.  ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი, სანამ ვარსებობ, ვხატავ! დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

„სახლი ძველ უბანში“
„ზამთრის სერიიდან“

 

                                                                                                                        თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები