დღეს საქართველოს სახალხო არტისტის – ქეთევან კიკნაძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, ქეთევან კიკნაძის, დაბადების დღეა. მას 85 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქეთევან კიკნაძეს იუბილეს ულოცავს.
„ქეთევან კიკნაძე გახლავთ თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი, რომელიც წლებია მოღვაწეობს და შექმნილი აქვს არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო პერსონაჟი. მან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დასრულებისთანავე (1959 წელი) მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო სამსახიობო საქმიანობა და იქ 1967 წლამდე მოღვაწეობდა. 1967-1977 წლებში რუსთაველის თეატრში გამოდიოდა, ხოლო 1977 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრში განაგრძო საქმიანობა.
მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვა.
გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში: „შეხვედრა წარსულთან“ (მარიამი, 1966 წელი), „ტარიელ გოლუა“ (თინა, 1968 წელი), „დათა თუთაშხია“ (ბეჩუნი პერტია, 1978 წელი), „თეთრი ბაირაღები“ (ზაზას დედა, 1990 წელი), „პრემიერა“ (მარგო, 1991 წელი), „წიგნი ფიცისა“ (ქეთევან დედოფალი, 1983 წელი), „ყავა და ლუდი“ (გულჩინა) და სხვა.
ქეთევან კიკნაძემ 1987 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; მას ასევე მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999 წელი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები