ირაკლი მენთეშაშვილი – ინჟინერი, რომელიც საბჭოთა სისტემამ ოჯახს სამუდამოდ დააშორა

მეორე თაობის ქართველი ემიგრანტი ირაკლი მენთეშაშვილი დაიბადა 1912 წლის 10 მაისს სიღნაღის რაიონ სოფელ ქვემო მაჩხაანში. მამამისი ეგნატე სასულიერო პირი იყო, შემდგომში თბილისის ქალთა გიმნაზიის ლექტორი. დედა – ოლღა პოპიაშვილი. ჰყავდა ერთი ძმა მიხეილი და სამი და: ქეთევანი, მარგალიტა და ნინო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.

ირაკლიმ სკოლა ოქროს მედალზე  დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომლის დასრულებისას მიიღო მშენებელი ინჟინრის წითელი დიპლომი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ირაკლი მენთეშაშვილმა დაოჯახებაც მოასწრო. ორი შვილი ეყოლა – 1939 წელს – ჯუმბერი და 1941 წელს –  ნათელა.

ომის დაწყების პირველივე დღიდან გაიწვიეს საინჟინრო-სამხედრო ნაწილში. ერთ-ერთი ბრძოლისას ტყვედ ჩავარდა. ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1949 წელს შინაგან საქმეთა კომიტეტიდან ოჯახს აცნობეს, რომ ირაკლი მენთეშაშვილი ცოცხალი იყო და ცხოვრობდა ლონდონში. შ.ს.კ-ში ქ-ნ ვერას აწერინებდნენ წერილებს მეუღლესთან ლონდონში გასაგზავნად. ყოველნაირად ცდილობდნენ მის სამშობლოში  ჩამოტყუებას, რათა შემდგომ დაეპატიმრებინათ. ოჯახის წევრებს მუდმივ შიშში ამყოფებდნენ, ემუქრებოდნენ, მაგრამ რამდენიმე წელში მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა და გადასახლებას გადაურჩნენ.

1959 წელს ირაკლი მენთეშაშვილი იქაურ ოჯახთან ერთად (მეორე მეუღლე ფრანჩესკა და ოთხი შვილი – ნოდარი, თამრიკო, ეგნატე და ქეთევანი) საცხოვრებლად აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გადავიდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბ-მა ირაკლიმ ოჯახთან ურთიერთობა აღადგინა. 1962 წლამდე დედაც ცოცხალი ჰყავდა. წერილებს ფოსტით აგზავნიდნენ და იღებდნენ. შვილები დაწვრილებით მოუთხრობდნენ თავიანთი საქმეებისა და გეგმების შესახებ, აცნობდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

მეორე მსოფლიო ომის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილმა ირაკლი მენთეშაშვილმა სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეინარჩუნა ქართული სული. იგი ამერიკელ შვილებს ქართულს ასწავლიდა, აქაურ შვილებს კი, უთვლიდა, რომ ყველა პირობებისა და მიზეზებისთვის სათანადო ანგარიში გაეწიათ და ღირსეულ მამად ეგულებინათ. ნატრობდა მისი ძვლების ქართულ მიწაში დამარხვას. მოუთმენლად ელოდებოდა, წელიწადში ორჯერ, ოჯახის წევრების მიერ ამანათით გაგზავნილ შვინდის, კაკლის მურაბას და სუნელებს. ქ-ნ ვერას და შვილებს სთხოვდა წერილები ქართული მარკებით გაეგზავნათ და ამბები დაწვრილებით მოეთხროთ, რათა უფრო დიდხანს „ემოგზაურა“ თავის სამშობლოში.

ირაკლი მენთეშაშვილი თავს ვალდებულად თვლიდა, თავის ოჯახში ემასპინძლა მის შტატში ჩასული საქართველოს კულტურის მუშაკებისა და სპორტსმენებისთვის.

გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1982 წელს და იქვეა დაკრძალული.

მისმა ამერიკელმა ქალიშვილმა, თამარმა, მამის გარდაცვალების შემდეგ იმოგზაურა საქართველოში, გაიცნო ქართველი ნათესავები და რამდენიმე თვე დარჩა მათთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები