შალვა პაპუაშვილი – გამჭვირვალობის კანონზე: შინაარსობრივი განხილვისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიდის გამჭვირვალობის კანონის განხილვა და რამდენიმე კვირაა, ვითხოვთ, რომ თუ არის რაიმე არგუმენტი, შემოთავაზება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყოს ფორმულირებული ესა თუ ის მუხლი, როგორ იყოს ჩამოყალიბებული ესა თუ ის მიდგომა, მზად ვართ, ეს შინაარსობრივად განვიხილოთ. ამას იმეორებდნენ მომხსენებლები საპარლამენტო განხილვის დროს. ამასვე ვეუბნებით ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, შეთავაზება, რომელიც გააკეთა პრემიერმინისტრმა ელჩების მიმართ, ჯერ კიდევ ძალაშია. თუკი ვინმეს აქვს საგნობრივად რაიმე სათქმელი და შემოსათავაზებელი, მზად ვართ ეს მოვისმინოთ, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რასაც მმართველი გუნდი კანონის დაინიცირების დღიდან ისმენს, არის მსჯელობის დაბლოკვა.

„შინაარსობრივი განხილვისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ. სამწუხაროდ, გავიდა კვირები და არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. გუშინ ვნახეთ, რომ კანადაში ინიცირდება მსგავსი კანონი, ვნახეთ სხვა ქვეყნებში როგორ მიდის ამა თუ იმ ინიციატივის განხილვა. სწორედ ეს არის ამ პროცესის ფარისევლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად არიან იუპიტერები, საქართველო კი არის ხარი და რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, ქართველებისთვის და პატარა ერისთვის დასაშვები არ არის, რაც არის სამწუხარო მიდგომა. განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არ არის. და რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან საქართველოში? რა თქმა უნდა, აქ არის ამ აქტორების ინტერესი, ვინაიდან საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის თანხებს, რომელიც ფარულად იხარჯება საქართველოში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები