„აღვსება“ – საიდან მოდის აღდგომის დღესასწაულის აღმნიშვნელი ტერმინი

ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ლიტერატურაში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „აღვსება“. იგი ორიგინალური ძველი ქართული ტერმინია და, უპირატესად, პასქალიონში გამოიყენება. სიტყვა აღვსება ებრაულიდან მომდინარე ტერმინ პასექის ზედმიწევნითი შესატყვისია და ბერძნულ პასხას და სომხურ ზატიკს შეესაბამება. „უძველეს იადგარში“ აღვსება აღდგომის საგალობლებში გვხვდება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მისი, როგორც ტერმინის სიძველეს.

„აღვსება“ ჰომილეტიკურ და ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში გამოიყენება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აქ მას ორგვარი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის აღდგომის დღესასწაულთან არ უნდა გავაიგივოთ. ამის შესახებ საინტერესო განმარტებას ვხვდებით ე. ჭელიძის კომენტარში, რომელიც მას დართული აქვს „წმინდა მოწამე შუშანიკის მარტვილობის“ერთი კონკრეტული ადგილის განმარტებისას. კერძოდ, ჰაგიოგრაფიულ ტექსტში ნათქვამია, რომ ვარსქენმა შუშანიკი გვემა აღვსების ორშაბათს: „მეორედ გუემაჲ მისი შემდგომად აღვსებისა ზატიკისა, დღესა ორშაბათსა“. ე. ჭელიძე აღნიშნავს, რომ ტერმინი „აღვსება“ ორმნიშვნელოვანია: 1) „იგი, ერთი მხრივ, აღნიშნავს ციკლს, დღეების გარკვეულ მონაკვეთს, ჩვეულებრივ შვიდეულს (ზოგჯერ შვიდეულებს), ამ აზრით, ტერმინი აღვსება იმიჯნება აღდგომისაგან. 2) მეორე მხრივ, აღნიშნავს ხსენებული ციკლის (ჩვეულებრივ , შვიდეულის) დამაგვირგვინებელ კონკრეტულ დღეს, კვირიაკეს, კვირა დღეს, როდესაც აღდგა უფალი. ამ შინაარსით, აღვსება და აღდგომა იდენტურია“. ე. ჭელიძის აზრით, შუშანიკის წამებაში მოხსენიებული აღვსების ორშაბათი შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვნების შვიდეულის ორშაბათად, ისე აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათად.

ტერმინ „აღვსების“ შინაარსობრივი განმარტება, კ. კეკელიძის აზრით, დაკავშირებული უნდა იყოს დიდი მარხვის დასრულებასთან. მეცნიერის თქმით: „აღდგომით სრულდება, აღივსება პერიოდი 49 დღის მარხვა-სინანულისა, რომელიც მას წინ უძღვის“.

კ. კეკელიძე თავის შეხედულებას სხვა მოსაზრებითაც ამყარებს: „ძველ ქართულ ჰეორტოლოგიურ წელიწადში, რომელიც ცხრა პერიოდად იყოფოდა, 4-9 პერიოდი შეიცავდა თითოეული შვიდ კვირას ან 49 დღეს. შვიდკვირეულ პერიოდებად დაყოფა საეკლესიო წელიწადისა არის უძველესი აღმოსავლური პრაქტიკა, რომლის კვალი დარჩენილია სირიის ქრისტიანთა, ნესტორიანთა და იაკობიტთა შორისაც, ტერმინი „აღვსება“ იხმარებოდა ხოლმე ამ ქრისტიანთა მიერაც, იმით აღინიშნებოდა, არამარტო დიდმარხვის, არამედ სხვა პერიოდის უკანასკნელი შვიდეულიც. მაგალითად: „პარასკევი მოციქულთა შვიდეულის აღვსებისა“, „კვირა მოციქულთა შვიდეულის აღვსებისა“. მეექვსე პერიოდი ხსენებული ჰეორტოლოგიური წელიწადის მარტვილიიდან, ანუ სული წმინდის გადმოსვლის დღესასწაულიდან იწყებოდა და გრძელდებოდა 29 ივნისამდე, პეტრე-პავლობამდე. ამიტომ ამ შვიდეულს ეწოდებოდა „მოციქულთა შვიდეული“, რომელსაც თავისი „აღვსება“ ჰქონდა. კ. კეკელიძე ამ მოსაზრებას ამყარებდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების ერთი მონაკვეთით, სადაც 1065 წლის 29 ივნისი მოხსენიებულია როგორც „აღვსება“ — ნუგეშინის-ეცით ძმათა, რამეთუ დღეს აღვსებაჲ არს“. კ. კეკელიძის აზრით, 29 ივნისი, პეტრე-პავლობის დღესასწაული არის „აღვსება“ მოციქულთა მარხვის შვიდეულისა.

ა. შანიძის ვერსიით, ტერმინი „აღვსება“ შეიძლება დაკავშირებული იყოს გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო სავსემთვარეობასთან, რომლის შემდეგი კვირადღე წარმოადგენს აღდგომის დღესასწაულს. მისი აზრით, „ის გარემოება, რომ პასექი ძველ ქართულად იწოდებოდა აღვსებად, მოწმობს იმის შესახებ, რომ მისი დღესასწაულობა შესაძლებელია დაკავშირებული იყო გაზაფხულის სავსემთვარეობის შემდგომ პირველ კვირასთან“. ამავე მოსაზრებას გამოთქვამს ე. ჭელიძეც და ტერმინ აღვსების სათავედ ებრაული პასექის აღსრულების ჟამს მიიჩნევს: „უეჭველია, რომ ქართული „აღვსება“ უნდა შექმნილიყო, როგორც პასექის დრესასწაულის აღმნიშვნელი ტერმინი, გამომდინარე პასექის აუცილებელი პირობიდან, სავსემთვარეობიდან. როგორც ცნობილია, პასექის დღესასწაული აუცილებლად იმართებოდა სავსემთვარეობას, რაც ძველ ქართულად სწორედ „აღვსებად“ ითქმის“. ა. შანიძის ამ მოსაზრებას არ იზიარებდა კ. კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები