სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარაძესა და ბათუმის ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა.
საქპატენტის თავმჯდომარემ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას გადასცა 2-6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი 275 ერთეული დამტკიცებული კურიკულუმის სახელმძღვანელო და 100 ერთეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი. აღნიშნული მასალა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაიბეჭდა საქპატენტსა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის 2025 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული კურიკულუმის სახელმძღვანელო და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი, რომელიც შეიქმნა მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვან და ეფექტიან განხორციელებას, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევასა და ბავშვთა მრავალმხრივ განვითარებას.
2025 წელს სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს ასევე გადასცა ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ზღაპრები, რომლებშიც ასახულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ სახალისო, შემეცნებითი ხასიათის ისტორიები.
საქპატენტისა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობის მიზანია პატარებში კრეატიული უნარების განვითარებისა და სიახლეების აღქმის წახალისება.