“დარწმუნებული ვარ, ტურიზმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილება არ გვექნება” – გიორგი აბაშიშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით

“დარწმუნებული ვარ, ტურიზმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილება არ გვექნება”, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბაშიშვილმა განმარტა, შეიძლება თუ არა, მიმდინარე პროცესებმა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გავლენა იქონიოს.

“ესეც (ტურიზმის სეზონის პერსპექტივა) მშვიდობასა და სტაბილურობასთან პირდაპირ დაკავშირებულია. ბუნებრივია, ყველას ისეთ ქვეყანაში უნდა წასვლა, სადაც სიმშვიდეს ვხედავთ. როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ, ადამიანების დიდ ნაწილს დასვენება სურს და არეულობაში ვერავინ ისვენებს, ეს ამ ნაწილში პირდაპირი ფაქტორია. ტურიზმი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ვნახეთ, რომ, მიუხედავად უამრავი ტიპის ტურბულენციისა, გასულ წელს საქართველოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ტურისტების როგორც ფიზიკური პირების რაოდენობრივი თვალსაზრისით, ისე ფინანსური ნაკადების თვალსაზრისით. მე მგონია, რომ ვითარების სტაბილიზაცია რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უფრო ნაკლებად დავსვათ კითხვას იმაზე, თუ რა შეიძლება, მოხდეს ზაფხულში. ივლის – აგვისტოში, განსაკუთრებით მაღალია ხოლმე, პიკურია ამ სეზონის ტურისტების შემოდინების მაჩვენებელი, ჩემი გათვლით, ემოციების გვერდზე გადაწევის შემდეგ ამ სეზონს არაფერი დაემუქრება. როგორც ლარის კურსზე პანიკას არ უნდა ავყვეთ, ისე ზოგად ვითარებაში პანიკას არ უნდა ავყვეთ. საქართველო ევროპაში, მთელ მსოფლიოში ბევრი კუთხით ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნადაა მიჩნეული. ყველამ ვიცით ტურისტების, სტუმრების განსაკუთრებული პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, ტურიზმის შემთხვევაში მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილება არ გვექნება”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები