პრემიერი: თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო წინ წახვალ ევროინტეგრაციის მიმართულებით

ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ და აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებულ იქნა რევოლუციის მცდელობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და 2022 წელს საქართველოს უსამართლოდ არ მისცეს კანდიდატის სტატუსი.

მთავრობის მეთაურმა გასული წელი გაიხსენა, როდესაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ მმართველმა გუნდმა დადო პირობა, რომ მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიდნენ და კომისიის დასკვნის მიღებამდე მისი განხილვა აღარ გაგრძელდებოდა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა.

„გამოვიდნენ აქაური აგენტურა და მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთ. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს უნდათ, ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენონ. 2023 წელს ცდილობდნენ ვიღაცები ქვეყნის რყევას, იმას, რომ არ დაესვენებინათ, მოეწყოთ რევოლუცია და აქ არ მაქვს საუბარი ევროკავშირზე. ევროკავშირი, სამწუხაროდ, იმ მომენტში მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და 2022 წელს ჩვენ უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე არ მოგვცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი. რა ახსნა შეიძლება მოუძებნო, რამე ახსნა აქვს ამას? ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. მოლდოვას აძლევ, დსთ-ს წევრს, უკრაინას აძლევ, საქართველოს არ აძლევ. კორუფციის კუთხით იცით რა ხდება უკრაინაშიც და მოლდოვაშიც. კორუფციაში იხრჩობა ორივე ქვეყანა, პირდაპირ რომ ვთქვათ. ინსტიტუტების სისუსტე, სასამართლო პრობლემები და ა.შ. იმ ორ ქვეყანას აძლევ სტატუსს, საქართველოს – არა. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. მაშინ ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ და აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებულ იქნა რევოლუციის მცდელობისთვის. საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, თავიდან აგვეცილებინა დესტაბილიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ. თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევაში იგივე შედეგს მიიღებ – შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და წახვალ კიდევ უფრო წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. მაშინ ჩვენ პრინციპულად რომ არ გვებრძოლა და ბოლომდე არ გაგვეტანა ყველაფერი, დღეს არ გვექნებოდა არც მშვიდობა, არც სტაბილურობა და უკან მოგვრჩებოდა საერთოდ ევროკავშირი, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება. აქედან გამომდინარე, მთავარია ეროვნული ღირსების და პრინციპების ბოლომდე დაცვა. ამას თუ გავაკეთებთ, შედეგებს მივიღებთ ყველა მიმართულებით, ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები