ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის საბოლოო მიზანია რევოლუციის მოწყობა – ახლა მიმდინარე აქციები იმის რეპეტიციაა, რასაც ოქტომბერში აპირებენ, თუმცა, ვერაფერს მიაღწევენ

არ ველოდები, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება ძალიან დაიძაბება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამართალდამცველები თავიანთ ფუნქციასა და ამოცანებს ჯეროვნად შეასრულებენ. თუმცა მომიტინგეების მხრიდან, რომლებიც აშკარად მშვიდობიან აქციას არ აწყობენ, სიტუაციას დაძაბვის მცდელობები იქნება, მაგრამ ყველა ასეთი მცდელობა აღიკვეთება, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის საბოლოო მიზანი არის რევოლუციის მოწყობა.

„ძალადობისკენ მოწოდებები, რომლებიც მედიის საშუალებით თუ სოციალურ ქსელით უხვად ვრცელდება, მომიტინგეების რეალურ სახეს აჩვენებს. ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, ეს არ არის აზრის თავისუფალი გამოხატვა, არამედ, ეს არის ძალადობა მათგან განსხვავებულ აზრზე. ეს არის ძალადობა იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს და ქვეყანამ ვერ შეძლოს თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცება. რადიკალებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის ინტერესები, არც ქვეყნის განვითარება, ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდგომში უსიტყვოდ შეასრულონ გლობალური ომის პარტიის დავალებები, იქნება ეს ლგბტ პროპაგანდის დაშვება, ომში ჩართვა თუ სხვა, რაც ჩვენი ხალხის ინტერესსა და ნებას არ გამოხატავს.

რადიკალური ოპოზიციის საბოლოო მიზანი არის რევოლუციის მოწყობა, თუმცა მათი გათვლებით, რევოლუცია არ იქნება მშვიდობიანი. სურთ მძიმე პროვოკაციები მოაწყონ და სისხლი დაიღვაროს – ამის მცდელობა აქვთ და ამას ადასტურებს ძალადობრივი მოწოდება, დაშინება, სპეცრაზმელების ფოტოების, მათი სახელების, გვარების და ინფორმაციის გამოქვეყნება. აგრეთვე, იმ მოქალაქეების დამუნათება, შერცხვენა, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლებას და მომხრე არიან გამჭვირვალობის – ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ შექმნან დიდი, რევოლუციური მუხტი და ხელისუფლება შეცვალონ. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები, თითოეული პოლიციელი, თითოეული ადამიანი, რომელიც კანონს იცავს, მოწოდების სიმაღლეზეა და მათი ეს პროვოკაციები თავიდანვე აღკვეთილი იქნება. ეს არის მცდელობა, დიდი რეპეტიცია იმ მოვლენებისა, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი – არჩევნების შემდეგ, როცა, თითქოსდა გაყალბების მოტივით ისევ შეეცდებიან ასეთი ტიპის არეულობის მოწყობას. მაგრამ, კარგია, რომ ეს არეულობა ახლა მოაწყვეს, რადგან გამოვლინდა ყველა ის აქტორი, რესურსი, რომელიც უცხოეთიდან იმართება, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც გუნდს ღალატობენ, ან მზად არიან ღალატისთვის“, – განაცხადა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები