მეცნიერებმა ჩაის პაკეტებში ასობით სახეობის მწერის დნმ აღმოაჩინეს
ბევრი ადამიანისთვის ჩაის სმა ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომელიც, მათივე სურვილით, ყოველდღიურ რუტინად იქცევა ხოლმე. ჩაის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი მიირთმევს, ამიტომ გერმანელმა მეცნიერებმა ამ მცენარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმის, პაკეტების შესწავლა გადაწყვიტეს. კვლევის პროცესი თანამედროვე, მაღალი სიზუსტის მქონე საკვლევი აღჭურვილობის გამოყენებით წარიმართა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების უმცირესი კვალის აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.
ტრირის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაის პაკეტები უახლოეს სუპერმარკეტში შეიძინეს. ბიოლოგებმა თითოეულ პაკეტში, დაახლოებით, 400 სახეობის მწერის დნმ აღმოაჩინეს, მთელ შეკვრაში კი, ათასობით მათგანის კვალი აღმოჩნდა.
კვლევის ხელმძღვანელმა, ბიოლოგმა, ჰენრიკ კრეენვინკელმა განაცხადა, რომ ცოცხალი არსებები საკუთარ დნმ-ს მაშინაც კი ტოვებენ, თუ ისინი, უბრალოდ, „გასინჯავენ“ ჩაის ფოთოლს ან „გადაურბენენ“ მას. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩაის ფოთლების დამუშავების შემდეგაც კი ხდის შესაძლებელს მწერის იმ სახეობის დადგენას, რომელიც მცენარეს შეეხო.
ჩაისგან განსხვავებით, მსგავსი პრობლემა არ გვხვდება ყავის შემთხვევაში, რადგან მარცვლის შეწვისას ყველა მსგავსი დნმ ნადგურდება. კრეენვინკელის განმარტებით, ამ კვლევის მიზანი იყო შემდეგი: ბიოლოგებს სურდათ გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა ძველი ჰერბარიუმებიდან დაედგინათ იმ ეკოსისტემის მახასიათებლები, რომელშიც კონკრეტული მცენარეები იზრდებოდნენ.
ჩაის ექსპერიმენტის შემდეგ გერმანელი ბიოლოგები მუზეუმებიდან ჰერბარიუმის კოლექციების შესწავლას დაიწყებენ. ახლა მათ შეეძლებათ, თქვან, რომელი მწერები იქნა აღმოჩენილი იმ ადგილებში, სადაც ეს მცენარეები შეაგროვეს. რაც შეეხება ზემოხსენებული დნმ-ების არსებობას, მეცნიერების განცხადებით, მათ ადამიანისთვის ზიანის მოტანა არ შეუძლიათ; მაშინაც კი, თუ ისინი პლანეტის ყველაზე საშიში მწერები არიან. ასე რომ, ამ მხრივ, ჩაის დალევა უსაფრთხოა.