„ყველას უკვირს, როგორ ვასწრებ ამდენს“ – „ციცქნა ბაღის“ ფერადი ქალბატონი ქუთაისიდან

ქუთაისში ცხოვრობს და 30-ე საჯარო სკოლაში, დაწყებითების პედაგოგად მუშაობს. ამბობს, რომ  აქვს ბევრი ჰობი. მუშაობს თექაზე,  თელავს შარფებს, ხატავს თექით, ქეჩისაგან  ამზადებს თმის საბნევებსა და ბროშებს. ამზადებს სამკაულებს. ამჟამად ძირითად დროს უთმობს ბაღს, რომელსაც „ციცქნა ბაღი“ ჰქვია. გამოჰყავს ეზოსა და ოთახის ყვავილები. – ლია ჭიქაბერიძის პერსონა.
– ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება. არდადეგებს ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდი, მიწის, შრომის და ფერების სიყვარული სოფლიდან შევიძინე. ძალიან მიყვარდა მდინარეზე და ტყეში სოკოზე სიარული, რაც დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ფერები და ხატვა მუდამ მიზიდავდა. დღესაც ფერად ქალბატონ მეძახიან.
– რატომ  გადაწყვიტეთ პედაგოგობა?
– მათემატიკა მიტაცებდა, ჯერ ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, შემდეგ – პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მაგრამ ეს ის პერიოდია, როცა წარმოებები გაჩერდა და იძულებული გავხდი, პროფესია შემეცვალა. პედაგოგიურში, დაწყებითებზე ჩავაბარე და, დამთავრებისთანავე, 30-ე სკოლაში დავიწყე მუშაობა, სადაც დღემდე ვმუშაობ.
ზოგადად, სულით მასწავლებელი ვარ, ყველას მინდა გავუზიარო ჩემი ცოდნა-გამოცდილება. გულით მინდა ქვეყანას და საზოგადოებას კარგი ადამიანები აღვუზარდო.
სტუდენტობის პერიოდი…
– სტუდენტი ვიყავი, როცა დავოჯახდი, მალევე შემეძინა შვილები, პარალელურად ვმუშაობდი. ოჯახს ბევრი სჭირდებოდა, ჩემი ჰობისთვის ვერასდროს მოვიცალე.
– როდის დაიწყეთ ბაღის გაშენება?
– შვილები რომ გაიზარდნენ, დაახლოებით 8 წლის წინ, ჩემს თავს ვუთხარი, კმარა, დროა, შენი პატარა ოცნებებიც აისრულო – დავიწყე ბაღის გაკეთება, შემდეგ თექის დამუშავებაც შევისწავლე. დღეს  ჩემი ეს გადაწყვეტილება მაბედნიერებს…
–  მუშაობ თექაზე,  თელავ შარფებს,  თავშალებს, ხატავ თექით
– ერთხელ  ჩემმა მოსწავლის მშობელმა ნინო აბზიანიძემ  მაჩუქა მისი მოთელილი ნაძვის ხის სათამაშო. ის ვარდების კოლექციონერია, მანვე შემასწავლა თექის დამუშავებაც და  მისი ულამაზესი ბაღის დამსახურებაც არის, რომ მებაღეობას მოვკიდე ხელი.
თექისგან ამზადებთ სადღესასწაულო სათამაშოებს. სააღდგომოდაც ალბათ გექნებათ სათამაშოები…
– სამწუხაროდ, სააღდგომოდ ვერაფერი გავაკეთე, ბაღს დიდი დრო მიაქვს, 2 მაისობისთვის ვემზადები. ყვავილების გამოფენა-გაყიდვაში მინდა მონაწილეობის მიღება. ბაღს „ციცქნა ბაღი“ დავარქვი. ყვავილების მოყვარულები უკვე ბაღშიც მსტუმრობენ, ეს კი ჩემი დამატებითი შემოსავალია.
– დაწყებითების პედაგოგი ხართ. პარალელურად ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ… ჰობი და მასწავლებლობა – ასწრებთ ყველაფერს…
– ვინც ბაღში შემოდის, ყველა მეუბნება, როგორ ვასწრებ ამდენს. ზოგჯერ მეც მიკვირს. გაზაფხულიდან ჩემი საქმიანობა 5 საათიდან იწყება. მეუღლეც მეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს საუკეთესო ოჯახი, კოლექტივი, მაქვს საყვარელი საქმიანობა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები