სახალხო დამცველი: აქციაზე დაკავებულ ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია, გარეგნული დათვალიერებით ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აქტიურად აკვირდებოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები მთელი ღამის მანძილზე ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციაზე დაკავებულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია, გარეგნული დათვალიერებით ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.

“სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის მანძილზე ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები