ანრი ოხანაშვილი – ლევან ხაბეიშვილს: ხმას ნუღარ უწევ, ნუ მეპასუხები

“გაჩერდი მანდ, ხმას ნუღარ უწევ, ნუ მეპასუხები”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ხმაური ხაბეიშვილის კითხვას მოჰყვა, რომლითაც მან უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხა, ხომ არ იყო კანონის მიღების მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა.

„ბატონო ლევან, სხდომის მიმდინარეობს ხელს უშლით, ამიტომ, გაფრთხილებული ხართ. ნუ საუბრობთ ყველა ერთად, რა გჭირთ?! რატომ საუბრობთ ყველა ერთად, სხდომის ჩაშლა რომ გინდათ, ვიცით, მაგრამ გაჩერდი ერთი წუთი, მოისმინე რა, ხმას ნუღარ უწევ, ნუ მეპასუხები, გაჩერდი. ნუ მესაუბრებით ორ ხმაში, ბოლოჯერ განგიმარტავთ. რისთვის ხარ შემოსული აქ, პროვოკაცია გინდა, ხომ? პროვოკაციისთვის ხარ ხომ, შემოსული? ბოლოჯერ გაფრთხილებთ. მუხლთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვა, დასვით, თუ არადა, ჩამოგართმევთ სიტყვას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა კვლავ კანონპროექტის მომხსენებელს, მამუკა მდინარაძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

„ამბობთ, რომ მიზანი გამჭვირვალობაა, მე გეკითხებით და უპასუხეთ მოქალაქეებს, არსებობს და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა, ინსტრუმენტები იმის, რომ ყველა გადარიცხვა იყოს გამჭვირვალე? ეს არსებობს და დაადასტურეთ, შეუძლია თუ არა ფინანსთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა ტრანზაქციის ნახვა საჭიროების შემთხვევაში. ბატონო მამუკა, ერთი მაგალითი მოიყვანეთ, არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, რომ რამე გადარიცხვა იყო არასწორი, ან კორუფციული, ან ისეთი თანხა, რომელიც სახელმწიფოსთვის საშიში მოქმედებას მოხმარდა? ასევე, როცა საუბრობთ მიზნებთან დაკავშირებით, გეცოდინებათ უნგრეთის მაგალითი, შემდეგ ევროპულმა სასამართლომ ეს კანონი გააუქმა, ამიტომ თავიდან რაც დავსვი შეკითხვა, ისევ იქ მივდივარ. პირველი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ტყუილის ტირაჟირება, რომ რამე გაუმჭვირვალეა, ხალხს უნდა უპასუხოთ, რამე ინსტრუმენტი არ გაქვთ სახელმწიფოს? თუ აქვს ეს ინსტრუმენტები, ეს კანონი რა საჭიროა. მეორე, თუ დანაშაული დადგა, ერთი ფაქტი მოიყვანეთ. მესამე, როცა მიზნებზე საუბრობთ, თქვენი გაცხადებული მიზანი არის თუ არა, ამ კანონით ევროკავშირზე უარის თქმა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები