„ვინც საკუთარ თავს იპოვის ლექსში, ან – ნაცნობ ტკივილსა თუ სიხარულს, აი, მისთვის არის ლექსი შექმნილი“…

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში, რვაშვილიან ოჯახში დაიბად. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიაფილოლოგიის განხრით. ამბობს, რომ ლიტერატურის სიყვარულმა გადააწყვეტინა მასწავლებლობა.
2012 წლიდან დღემდე, მშობლიური სოფლის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობ, 2022 წლიდან კიდირექტორის პოზიციაზე.
ბავშვობიდან წერს და, მისი თქმით, „ლექსი მოზღვავებული ემოციაა, რომელიც ცრემლს უკავშირდება“. ეს რომ ნამდვილად ასეა, მისი გულწრფელი და სულიერებით სავსე პოეზია დაგარწმუნებთ.
ორი პოეტური კრებულის ავტორია.
ამჟამად კი რომანზე მუშაობს. – პოეტისა და პედაგოგის, პაატა აბაშიძის პერსონა.

 – ბავშვობიდან ნათელი დღეები ნაკლებად გასახსენებელია.
ჩემი ბავშვობა გადაიკვეთა ბნელ 90-იანებში. აი, ორი სიტყვით რომ ვთქვა, ერთ უბრალო რვაშვილიან ოჯახში (როცა მერვე ხარ) იზრდები და ვერანაირ სამომავლო პერსპექტივას ვერ ხედავ. ირთობ თავს მოგონილი ზღაპრებით, ყალბი რითმებით გაწყობილი ლექსებით, სისულელეებით და არის მომენტი, როცა მსახიობი გინდა გამოხვიდე, ან როცა – ფეხბურთელი და ამ დროს „ღმერთს ეცინება”.
–  უფრო სკოლის ასაკიდან გაღვივდა ჩემში პოეზიაო, – წერთ… როდის დაიწყეთ ლექსების წერა?
– ბანალურია ეს მოსაზრება, მაგრამ ასე რომაა, რა გინდა, რომ ქნა. ყველაფერი რვა მარტის ბრალია. დედას დავუწერე ლექსი. წერტილ-მძიმეებიანად მახსოვს ეს პირველი ლექსი, მაგრამ არსად, არასდროს მითქვამს.
–  რატომ გადაწყვიტეთ ისტორია-ფილოლოგიის განხრით სწავლის გაგრძელება?
– ოთარ ჭილაძის ლექსები და ინანიშვილის მოთხრობები მთრგუნავდა. ვპოულობდი ჩემს თავს მასში და პერსონაჟებთან ვაიგივებდი. ბავშვობიდან ავიტაცე ეს, რაც ძალიან ახლოს არის ლიტერატურის მასწავლებელთან. მერე მოხდა ისე, რომ ლიტერატურის სიყვარულმა გადამაწყვეტინა მასწავლებლობაც.
– სტუდენტობა… რა ან ვინ დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდან?
– ძალიან ლამაზი სიტყვაა „სტუდენტობა”. აი – ოქროსფერი, დაისისფერი, სიყვარულისფერი, სევდისფერი და კიდევ ბევრი ფერი ადღვებილი ერთმანეთში. მე უფრო მეტად მეყვავილე ქალი მახსოვს. სიყვარულის დღეს ერთი ცალი ვარდი ვიყიდე მისგან, თუმცა ის არ მოვიდა, ვისაც ველოდი და ისევ გამყიდველს მივუტანე და ვაჩუქე. მახსოვს კურსელები და მეტ-ნაკლებად ვეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს. მახსოვს კარგი და ძლიერი ლექტორებიც, მაგრამ ყველაზე მეტად – ის ქალი.
– თქვენი ლექსები უშუალო და გულწრფელია… ამბავი მოაქვს პოეტურად, შინაგანი რიტმით… და მაინც, რა აწერინებს პოეტს?
– რთულია ამის ახსნა, მაგრამ ვეცდები. ლექსი ცრემლთან შეიძლება დავაკავშირო. აი, რა არის ცრემლი? ცრემლი არის მოჭარბებული ემოცია, ხომ – რაც სიტყვებით არ გადმოიცემა და აქტიურდება საცრემლე ჯირკვლები. ესაა ლექსიც, რა. ლექსიც მოზღვავებული ემოციაა. რა ვიცი, ვფიქრობ, სწორად ავხსენი.
– ვის სჭირდება  ჩვენს – პრაგმატულ დროში – პოეზია?
– წინა კითხვისა არ იყოს, არც ეს არის მარტივი. ყველა დროს ჰყავს თავისი მკითხველი. ვფიქრობ, ვინც საკუთარ თავს იპოვის ლექსში, ან ნაცნობ ტკივილსა თუ სიხარულს, აი, მისთვის არის ლექსი შექმნილი და საკუთარ თავს პოულობს.
უცნაურ რამესთან გვაქვს საქმე – ამ დროს ლექსის ავტორი ხარ შენ, თორემ ლექსი მკითხველს ეკუთვნის. და რამდენ ხანს გრძელდება? – გრძელდება იქამდე, სანამ უკეთესს არ აღმოაჩენს. მერე დაპატარავებული სვიტერივითაა, შეიძლება სხვამ მოირგოს და მოგზაურობს დროში.
რა ვიცი, რაღაც ფილოსოფიურად გამომივიდა ამ კითხვის პასუხი.
ლექსი და გარემო…
– იყო შემთხვევა (უკეთესია თუ ამ ინტერვიუს სამართალდამცველები არ ნახავენ!), საჭესთან დამიწერია (ზოგადად, ფრთხილად ვმოძრაობ). ზოგჯერ ისე მოვარდება „ლექსი, მეწყერივით“, მარსზეც დაიწერება და მიწისქვეშეთშიც.
– ამას წინათ მაჩუქეთ კრებული, რომელსაც ჰქვია „იქნებ“…
– ექსპრომტად დაიბადა ეს სათაური, არ მიძებნია. ძირითადი თემატიკა მაინც ნაღალატევი, განწირული, ცალმხრივი თუ სენტიმენტალურია. აი, ვფიქრობ, უიმედობაში იმედის ძიების აღმნიშვნელია ეს სათაური.
– ამ კრებულში ლექსებთან ერთად არის მოთხრობებიც და ჩანახატებიც – არანაკლებ პოეტურები, ვიდრე ლექსები… როდის წერთ პროზას, როცა ლექსი არ იწერება?
– კი, ნამდვილად, როცა ლექსი არ იწერება, შეიძლება ასე ავხსნა, რომ ყველაფერზე არ დაიწერება ლექსი. შეიძლება მე ასე ვფიქრობ.
– ერთი ლექსი…

– აი, ეს ლექსი მიტრიალებს  ამ წუთს გონებაში:

რამდენ რამეს ვამბობ,
მაგრამ გზად სულ ყრუებს
ვხვდები და დავდივარ
ამ გზებზე ნასვამი.
არავის აღარ ვწერ
და ჩემს თავს ვუყურებ,
ხარვეზით გასული
გადაცემასავით.

ის ძაღლიც აღარ მყავს…
სულ იწვა კარებთან –
როგორ გაუძლებდა
ის ამ საუკუნეს.
ვურაზავ კარს ჩემს თავს,
რომ გადის გარეთ და
ინკასატორივით
კარზე მიკაკუნებს.

ამ ბოლოს სიზმრებსაც
სულ ვეღარ ვიტან და
ცხადს როგორ ავიტან,
რომ ნერვებს მიწამლავს.
ჰო,  ვნანობ მამისთვის
ჭიქით წყლის მიტანას,
რომ ფილტვში ის წყალი
ჩაუდგა, იმ საწყალს.

მომბეზრდა წიგნები
და კითხვა ბოდლერის.
ჭილაძეებიდან,
ვკითხულობ უმცროს ძმას.
მოხუცი დედის მეტს
ვის მოვაგონდები –
ჰა, ჰა, ერთ-ორ კაცს და
იმათაც ერთ-ორ წამს.

მამასაც ვერ ვსტუმრობ
ამ ბოლოს, საერთოდ
და ვიცი, არ მიწყენს –
არ იყო ისეთი…
ვეღარ მოვიცალე,
არა და არ იქნა,
ვერ გამოვილიე
ვერცერთი მიზეზი.

რამდენ რამეს ვამბობ,
მაგრამ გზად სულ ყრუებს
ვხვდები და დავდივარ
ამ გზებზე ნასვამი.
არავის აღარ ვწერ
და ჩემს თავს ვუყურებ
ხარვეზით გასული
გადაცემასავით.

– მშობლიური სოფლის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით. როგორც ამ საგნის პედაგოგს, რა გაღელვებთ?
– თამაზ ბაძაღუას აქვს ერთი ასეთი პასაჟი წიგნიდან- „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო“:
„ოცი წელი ვასწავლიდი-მეთქი. ქართულს ვასწავლიდი. რუსთაველს და ბარათაშვილს ვასწავლიდი. გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა. მაინც არაფერი გამოვიდა. ნეხვის გროვაზე ენძელა არ ამოვა, უნდა იცოდე, მე გვიან მივხვდი. იცით, როდის მივხვდი? ერთხელ, აი ამ მწარე არყით გამოვიბრუჟე, ქუჩაში გამოვედი და ძალიან მომინდა ჩემი ყოფილი მოწაფეები მენახა.
დავფიქრდი და იცით, რა აღმოვაჩინე? თურმე მთელი ოცი წელიწადი არც ერთ ჩემს მოწაფეს ფილოლოგიურზე არ ჩაუბარებია. გესმის, რას ნიშნავს ეს? მივხვდი, რომ არარაობა ვიყავი. მივხვდი, რომ ოცი წელი ჩემს თავსაც ვატყუებდი და იმათაც. მე ერთს ვუჩიჩინებდი და სიმართლე მეორე მხარეზე იყო. ეს საშინელებაა“…
მთლად ასე სავალალოდ არ არის მდგომარეობა, მაგრამ ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რომ არ გამოინახოს…
– რას გაიხსენებთ პედაგოგიური საქმიანობიდან?
– ახალბედა მასწავლებელი ვიყავი, როცა მოსწავლეებს ვაჟას ლექსი წავიკითხეთ – „იას უთხარით, ტურფასა“ და განხილვასა და დაწერის ისტორიაზე ვისაუბრეთ. ვნახე, რომ აეცრემლა თვალები მოსწავლეს, დაუსევდიანდა. სენსიტიურია ძალიან. ყველა გაკვეთილი ხომ საინტერესოა, როცა მოსწავლეებთან გაქვს შეხება.
– ორი წელია  სკოლის დირექტორად მუშაობთ, რაც, ბუნებრივია, დიდი პასუხისმგებლობაა…
– ძალიან ლამაზი და მოწესრიგებული სკოლის ხელმძღვანელი ვარ. ამ არგუმენტს ამყარებს ის, რომ ერთ გუნდად შეკრული პედკოლექტივისგან შედგება და მოსწავლეებშიც გადამდებია ეს „სენი“, რაც მათშიც ზედმიწევნით ჩანს. სკოლაში მუშაობს არაფორმალური განათლებაც დამატებითი წრეების სახით და ეს უქმნით მოტივაციას.
მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ყოველწლიურად მოსწავლეთა კონტინგენტი იკლებს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მრავალფეროვანი იყოს სწავლება, რათა ნაკლები იყოს მიგრაცია.
–  რას შეცვლიდით თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული თქვენ ირგვლივ?
– მამას გავიცოცხლებდი და თუ მაინცდამაინც, 19 წლის ჩემს თავს არ მივატოვებინებდი.
–   ოჯახი…
– მყავს მოხუცი დედა, რვა შვილზე ზრუნვაში ჩამობერებული, მყავს ჩემი ამტანი და გამძლები ცოლი და სამი შვილი, რომლებსაც შუა გზაში არასდროს მივატოვებ, თუკი ვჭირდები მათ.
– ჰობი…
– გამორჩეულად არაფერი. მრავალფეროვნება მიტაცებს. ხშირად ნაკლებად საინტერესო ან უმნიშვნელო რაღაცაზეც მიფიქრია. რა სისულელე ფიქრია ხომ, მაგალითად, რატომ აგროვებს ქუჩის განათება მკვდარი მწერების კოლექციას; არანაკლებ სისულელეა, დედამიწას მხოლოდ ძვირფასი ადამიანების მიზიდულობის კანონი აქვს, თუ… რა ვიცი, მოკლედ, მეფიქრება ყველაფერზე, რაზედაც არ უნდა ვფიქრობდე. თუ შეიძლება ეს რომ ჩავთვალოთ ჰობად, ჰობია.
– რაზე მუშაობთ ამჟამად?
– დაწყებული მაქვს რომანზე მუშაობა. უნდა ვცადო, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი უნარები მეტად შევიცნო (თუ ეღირსა გამოცემა, აუცილებლად გაჩუქებთ). დიდი მადლობა თქვენ!

 

                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები