არემჯის ჟენევის უნივერსიტეტიდან სტუმრობდნენ

არემჯის ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ მორიცი, და ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი, შაფაკ სონმეზი სტუმრობდნენ. კომპანიის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სტუმრებმა მოინახულეს კომპანიის საბადოები, ჩაატარეს საველე სამუშაოები და აიღეს სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო ნიმუშები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო სემინარიც, რომელსაც არემჯი ჯგუფის გეოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.

არემჯი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ჟენევის უნივერსიტეტთან, კომპანიის გეოლოგიისა და გრძელვადიანი სამთო დაგეგმარების საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მალხაზ ნაცვლიშვილისა და კარტირების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ფოფხაძის ინიციატივითა და ჩართულობით. თანამშრომლობა ბოლნისის საბადოების, მათი გავრცელებისა და არსებული საბადოების გეოლოგიური კრიტერიუმების შესწავლას ითვალისწინებს.

„პროფესორი მორიცი და მეცნიერი სონმეზი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის გეოლოგები არიან და გვსურდა, მათი გამოცდილება, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი სპეციალისტისთვის გაგვეზიარებინა. სწორედ ამიტომ დავაორგანიზეთ სემინარის ფორმატის შეხვედრა, მოვიწვიეთ სტუდენტები და პროფესორები. დარწმუნებული ვარ, ყველასათვის ძალიან საინტერესო დღე იყო, რადგან სტუმრებმა გაგვიზიარეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა მადნეულის საბადოების გეოლოგიის კუთხით არსებულ ტენდენციებს, თანამედროვე მეთოდების ინტენსიურ გამოყენებას და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო სტანდარტებს გეოლოგიის სფეროში.“ – მალხაზ ნაცვლიშვილი, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეოლოგიისა და გრძელვადიანი სამთო დაგეგმარების საკითხებში.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო შევხვედროდით არემჯის სპეციალისტებს. წლებია ვთანამშრომლობთ და კომპანია ყოველთვის ღია იყო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. შაფაქ სონმეზი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩემთან ერთად საქართველოს ეწვია, თუმცა ამ დრომდე გვყოლია სხვა სტუდენტებიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ მსგავს კვლევებში.
თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, შევძელით შეგვეგროვებინა საკმაო მასალა და ვფიქრობ, რომ ეს კომპანიისთვისაც სასარგებლოა. სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია ქართველ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ ისეთი საკითხები, რაც ერთის მხრივ ჩვენთვის არის საინტერესო, მეორე მხრივ კი – კომპანიისთვის.“ – რობერტ მორიცი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი.

„ჟენევის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტთან უკვე 15 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ, არაერთი პროექტი განხორციელებულა შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის, ჟენევის უნივერსიტეტისა და არემჯის ჩართულობით ამ დროის განმავლობაში. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევები აკადემიური ხასიათისაა, თუმცა კერძო კომპანიების ასეთი ტიპის კვლევებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ ჩვენს საწარმოო ტერიტორიაზე ჩაატარონ აკადემიური კვლევებისთვის საჭირო სამუშაოები, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტი ყველა ამ მონაცემს და შედეგს, რომელსაც იღებენ ჟენევის და ლოზანას მაღალრეიტინგული ლაბორატორიებიდან სრულად გვიზიარებენ კომპანიას. ასეთი კვლევებისა და ინტერესების შერწყმა ერთი მხრივ აკადემიური და მეორე მხრივ პრაქტიკული აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებში, რაც მეტად ზოგავს დროსა და რესურსებს კომპანიებისთვის და საშუალებას აძლევს მისი ინტერესების განხორციელებას“ – ნინო ფოფხაძე, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი/არემჯის გეოლოგიური კარტირების სამსახურის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები