ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას მეურნეობა გადასცა

  საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას მეურნეობა გადასცა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ პროექტ “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში სასტუმრო “რედისონში” გამარულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღეს დამტკიცდა სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის ბაზაც ჯიღაურას მეურნეობა იქნება.
“ჩვენი მიზანია, დაახლოებით 2-3 წლიან პერიოდში შესაძლებელი იყოს სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირება და აპრობირებული გამოცდილი მასალის გამოყენება დასათესად სხვადასხვა რაიონში”, – აღნიშნა შალვა ფიფიამ.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას, მოსავლიანობის ზრდასა და არსებული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გაანალიზებასა და გადაწყვეტას, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის შეფასების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები