საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტის – „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საგანმანათლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.
საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას, ასევე მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.