საბანკო-საფინანსო საკითხების ექსპერტი, ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლითაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა, დადებითად აფასებს. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ტენდენცია მინდა, წარმოგიდგინოთ, თუ რა პირობებში ახდენს ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილების მიღებას. ესაა პირობები, როცა გარდა იმისა, რომ ოქრო ისედაც მიმზიდველი, სტაბილური აქტივია, ამასთან, კრიზისების დროს ეკონომიკის და მაღალი ინფლაციის თავისებურ დამცავ ბალიშად მიიჩნევა. აქედან იღებს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას და არა იქიდან, ოქრო, მაგალითად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე უფრო ლიკვიდურია თუ არა, რაც საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.
შარშან ეროვნულმა ბანკმა მილიარდ ნახევარ დოლარამდე უცხოური ვალუტა შეიძინა. ბაზრის ისეთი კონიუნქტურა იყო, ბოლო 3 წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ამან ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე გაეზარდა. საკითხი დადგა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გაზრდილი რეზერვების სტრუქტურა და დივერსიფიკაცია მოეხდინა. ეროვნულმა ბანკმა თანხები აქტივებში კიდევ ერთი მიმართულებით ჩადო, ეს ოქროს ზოდებია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი. ამას სავსებით ნორმალურად, პოზიტიურად ვაფასებ. ოქროს ფასი მერყევი არაა, მზარდია. მეორეც – როცა ეროვნული ბანკი ოქროს, როგორც აქტივს ყიდულობს, ეს მოკლე პერიოდზე გათვლილი არაა, გრძელვადიან ტრენდზეა გათვლილი. მოგეხსენებათ, დღეს ტრენდი აღმავალია. თუ გლობალურ პროცესებს შევაფასებთ, რისკები გაზრდილია, მათ შორის, ფინანსური, გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე. ესაა უკრაინაში ომი, რომელიც კაცმა არ იცის, როდის დამთავრდება, რაც გლობალურ ბაზრებს მაღალ ტურბულენტურ ზონაში ტოვებს, ასევე არის ისრაელ- “ჰამასის” დაპირისპირება, დიდი დაპირისპირება ირანს და ისრაელს შორის. ამიტომ, ამ პირობებში არა ოქროს ფასის დაცემას, არამედ ზრდას უნდა ველოდოთ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დროშიც აბსოლუტურად გამართლებულია.
დღეს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდები, რაც ვიყიდეთ, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11%-ია. ეს დიდი მაჩვენებელი არაა.
თუ ეროვნული ბანკი მომავალშიც გადაწყვეტს ოქროს დამატებით ყიდვას, ეს გასაკვირი და არასწორი ნაბიჯი არ იქნება. პირიქით, მე რომ მკითხოთ, ეროვნულ ბანკს, შეუძლია კიდეც საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მარაგების წილი გაზარდოს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, პირველად მოხდა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარით 7 ტონა ოქროს ზოდები შეიძინა, რაც ისტორიული მომენტია.
ეკონომისტის განმარტებით, ოქრო ერთ-ერთი მიმზიდველი და ბევრი თვალსაზრისით საკმაოდ დაცული აქტივია.
“მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ეროვნული ბანკი თანხებს, ძირითადად, უცხოურ ვალუტასა და A კლასის ფასიან ქაღალდებში ათავსებს. აქ, ბუნებრივია, წამყვანი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციები იგულისხმება, რადგან მაღალი, A კლასის რეიტინგი აქვთ, შედარებით დაბალრისკიანი და აქტივებში ყველაზე დაცული. ამავდროულად, ოქრო ძალიან საინტერესო აქტივია. ისტორიული მომენტია, პირველად მოხდა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ოდენობით 7 ტონა ოქროს ზოდები შეიძინა. ეს ლონდონში მოხდა. ჩვენი საერთაშორისო რეზერვები იქვე ინახება. აქვე აღვნიშნავ, რომ ოქროს რეზერვი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს. ისინი ამ რეზერვს მხოლოდ ერთ ადგილას, ან მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ცენტრალურ ბანკში არ ინახავენ.
მაგალითად, გერმანიას და იტალიას მოვიყვან. ეს თავისებური დაცულობაა ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, როცა ოქროს ზოდი ერთ ადგილას არ არის შენახული.
აქვე მივადექით თემას, თუ რამდენად გამართლებულია ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი. კრიტიკოსები გამოჩნდნენ, მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე. მან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. თქვა, რომ ოქრო ლიკვიდური აქტივი არ არის, აქ, ბუნებრივია, ფულსა და ფასიან ქაღალდებთან შედარებით იგულისხმება. მან ასევე განაცხადა, ოქროს ფასი ძალიან მერყევიაო. პირველ საკითხს დავბრუნდები, ზოგადად, ოქროს სტანდარტზე უარის თქმის შემდეგ, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში განხორციელდა, ბუნებრივია, ერთი შეხედვით, ოქროს აღარ აქვს ის დატვირთვა, რომელიც ვალუტის სიმყარესთან იქნებოდა დაკავშირებული. ვიცით, რომ თუნდაც ამ საუკუნის დასაწყისში ოქროზე დიდი მოთხოვნა არ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ოქროს ფასი ძალიან დაბალი იყო. რეალურად, ცენტრალური ბანკები, ვგულისხმობ დასავლეთის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, იყვნენ ოქროს არა მყიდველები, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, გამყიდველები. ფაქტობრივად, ეს დაბალი ფასიდან გამომდინარეობდა, რომელიც მაშინ იყო. მაგრამ, 2000 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი მომენტები მოხდა, როცა გლობალური კრიზისებს ჰქონდა ადგილი. ვგულისხმობ 2007 წლის ყველაზე სერიოზულ კრიზისს, რომელიც აშშ-ში დაიწყო და მთელი მსოფლიო მოიცვა, შემდეგ კრიზისულ სიტუაციებს, თუნდაც კოვიდპანდემიურ შოკს, რომელმაც მსოფლიოში ეკონომიკის რეცესია გამოიწვია. ანუ ოქრო იყო სტაბილური და დაბალი ფასით, როცა გლობალურ ბაზრებზე არანაირი შოკი არ ხდებოდა, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში, ფინანსურ ბაზრებზე გარკვეული სტაბილიზაცია იყო. მაგრამ კრიზისებმა აჩვენა, რომ ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა, როგორც ყველაზე დაცულ და სტაბილურ აქტივზე. ოქრო ერთ-ერთი აქტივია, მიმზიდველი და ბევრი თვალსაზრისით საკმაოდ დაცული. ახლა საუბარია იმაზე, თუ რამდენადაა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორი. გეტყვით, რომ 2022-23 წლებში ცენტრალური ბანკების მხრიდან დიდი რაოდენობის ოქროს შესყიდვა მოხდა, არა მხოლოდ ე.წ. ნაკლებ დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, რაზეც ბატონ გოცირიძეს აქვს ხაზგასმა, არამედ, აქ საუბარია დემოკრატიულ ქვეყნებზე, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. გასულ წელს ოქროს ყველაზე დიდი შემსყიდველები პოლონეთი და ჩეხეთი იყვნენ. რაც შეეხება აშშ-ს და წამყვან დასავლურ ქვეყნებს, მათ საცავებში ისედაც დიდი რაოდენობის ოქრო აქვთ.
შეერთებულმა შტატები ფლობს ოქროს მსოფლიოს უდიდეს მარაგს, 8 000 ტონაზე მეტი ზღვრით, რაც მსოფლიო რეზერვების 25 %-ს შეადგენს. ამ კუთხით მომდევნო უმსხვილესი ქვეყნებია: გერმანია – 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი – 7.6%-ით.
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ 2000 წლიდან დაწყებული გლობალური კრიზისებიდან ოქროზე მოთხოვნაც გაზრდილია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფასებიც. 2018 წლიდან 2020 წლამდე ძალიან მაღალი პიკი იყო, ანუ ოქროს ფასი მზარდი იყო, 1 470 აშშ დოლარიდან 2 300 აშშ დოლარს ასცდა, რითაც კოვიდპანდემიური შოკისას ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. შემდეგ გარკვეული ვარდნა მოხდა, როცა ფასი 1800 დოლარს ჩამოსცდა, დაახლოებით 1740 დოლარი იყო. ეს 2020-22 წლებში იყო, მაგრამ ვარდნა 2022 წლის ოქტომბრამდე იყო, შემდეგ ფასმა აწევა დაიწყო.
მოგეხსენებათ, დღეს ისტორიულ მაქსიმუმსაა მიახლოებული. ამას გარდა, საინტერესო უფრო ისაა , რომ გასული წლის ოქტომბრიდან ფასი 25 %-ითაა გაზრდილი”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.
“სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ელი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო – საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.