ნაპოლეონის პირადი მცველი – როსტომ რაზმაძის ისტორია
ნაპოლეონ I ბონაპარტის პირადი მცველი, ქართველი მამლუქი რუსტამი (როსტომ რაზმაძე) 1783 წელს დაიბადა თბილისში. მისი წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. რუსტამს ქართველად იხსენიებს ფრანგი პიერ ლარუსის ცნობილი „დიდი მსოფლიო ენციკლოპედია“. შემორჩენილია თავად რუსტამის მოგონებებიც, სადაც იგი წერს:
„წარმოშობით თბილისელი ქართველი ვარ, ვაჭრის, როსტომაშვილის შვილი, დედაჩემიც (ვარია) თბილისელია, ჩემს მშობლებს ორი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი ჰყავდათ, რომელთაგან უფროსი მე ვიყავი“.
თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, იგი თბილისელი სომხის ვაჟია. ექვსი ან შვიდი წლის ასკაში რუსტამი შუშის ციხიდან მოიტაცეს. 1791 წელს სტამბოლის მონათა ბაზარზე კაიროს ერთ-ერთი მმართველის, სალა ბეის ნდობით აღჭურვილმა პირმა იყიდა. ასე აღმოჩნდა რუსტამი ეგვიპტეში და მალე მამლუქთა კავალერიაშიც ჩარიცხეს. 1799 წელს რუსტამი შეიხ ელ ბეკრის ამალაშია.
ეგვიპტეში ლაშქრობისას გენერალ ბონაპარტს კაიროს შეიხმა რამდენიმე არაბული ცხენი და ორი მამლუქი – რუსტამი და იბრაჰამი მიართვა საჩუქრად. როსტომით მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქართველი მამლუქი თავის ამალაში დატოვა და პირად მცველად დანიშნა. 1799 წლიდან 17 წლის როსტომი ნაპოლეონის სამსახურში ჩადგა და ამის შემდეგ აღარც მოსცილებია მას გვერდიდან. იგი იმდენად იყო დაახლოებული ნაპოლეონთან, რომ თან ახლდა, თითქმის, ყველა საჯარო შეხვედრაზე.
რუსტამი ნაპოლეონთან ერთად იბრძოდა, მონაწილეობდა სამხედრო აღლუმებსა და საზეიმო ცერემონიალებში. ნაპოლეონის საძინებლის კართან იწვა, ემსახურებოდა მას ტრაპეზობისას და, ბრწყინვალე აღმოსავლურ კოსტიუმში გამოწყობილი, საფრანგეთის სასახლეს განსაკუთრებულ აღმოსავლურ ეგზოტიკას სძენდა. ესწრებოდა ნაპოლეონის იმპერატორად კორონაციას 1804 წლის 2 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. ონორე ბალზაკმა მას „სახელგანთქმული მამლუქი“ უწოდა.
ნაპოლეონი პატივს სცემდა რუსტამს. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მან მამლუქს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება დაუნიშნა. ყოველი სამხედრო ოპერაციის შემდეგ გულუხვად აჯილდოებდა. 1806 წელს ბონაპარტმა რუსტამი ჟოზეფინა კამერდინერის ქალიშვილზე, ალექსანდრა დუვილზე დააქორწინა და ქორწილის ხარჯებიც მთლიანად გაიღო.
რუსტამის მცდელობა, მოეძებნა მშობლები, უშედეგო აღმოჩნდა.
ბურუსითაა მოცული რუსტამისა და ნაპოლეონის ურთიერთობის ბოლო წლები – ერთი ცნობით, მან იმპერატორს ბოლომდე უერთგულა, ხოლო სხვა ვერსიით, მამლუქმა ნაპოლეონი 1814 წელს კუნძულ ელბაზე მისი პირველი გადასახლების წინ მიატოვა. „ასი დღის“ დროს რუსტამი შეეცადა შეცდომის გამოსწორებას და ნაპოლეონს თავისი სამსახური შესთავაზა, მაგრამ ნაწყენმა იმპერატორმა ცივი უარით გაისტუმრა.
რუსტამი თეთრ ტერორს როგორღაც გადაურჩა, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნებული ბურბონები მას ეჭვის თვალით უყურებდნენ.
1830 წლის რევოლუციის შემდეგ ის თავისი მეუღლის მამულში, დურდანში დასახლდა. რუსტამი კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1840 წლის 15 დეკემბერს, წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებისას და ცხადია, იგი ამ ისტორიულ ცერემონიალში მონაწილეობდა.
როსტომ რაზმაძე 65 წლის ასაკში, 1845 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა დურდანში და იქვეა დაკრძალული, მეუღლესთან ერთად.