მამუკა არეშიძე: ვაღიაროთ, გასულ კვირას, არც მატჩის სამზადისისას და არც გამარჯვების შემდგომ პოლიტიკოსები არავის გახსენებია
“ამ გამარჯვებით სპორტულ შედეგზე ცოტა მეტი შედეგი დადგა – საზოგადოებრივი მუხტის არნახული აფეთქება. არც ვიცი, ამას რა დავარქვა, რათა ზუსტი შეფასება გამომივიდეს – ჩვენ ვნახეთ ეროვნული ენერგიის უპრეცედენტო კონცენტრაცია. მე მომსწრე ვარ 1981 წლის 13 მაისის, როდესაც “დინამომ” თასების მფლობელთა თასი მოიგო. კარგად მახსოვს, რაც იმჟამად ხდებოდა, მაგრამ მაშინ ეს კიდევ სხვა რამ იყო”, – ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულში არ არის საქმე, ადამიანებმა ამ გამარჯვებით ერთმანეთი სხვა თვალით დაინახეს.
“საქართველო იმხანად საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და აქედან გამომდინარე, ამ გამარჯვებას უფრო სხვაგვარად განვიცდიდით. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს უფრო მაგონებს 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ დღეებს, როდესაც ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და ბრძოლის ჟინით ვიყავით აღვსილი. მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი – გამარჯვებამ. მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულში არ არის საქმე, ადამიანებმა ამ გამარჯვებით ერთმანეთი სხვა თვალით დაინახეს. ეს არის იმის მაგალითიც, რომ როგორც სახელმწიფოს, თუ წარმატების გზით სიარული გვინდა, ჩვენი ეროვნული ენერგია სწორედ ამგვარად უნდა გავაერთიანოთ, მხოლოდ სწორად დასახული მიზნების გარშემო კონსოლიდაციით შეიძლება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სპორტული წარმატების მიღწევა.
შემთხვევითი კი არ არის, რომ ქვეყნის მტრები მუდმივად ცდილობენ ჩვენს გათითოკაცებასა და ერთმანეთზე წაკიდებას. როდესაც ადამიანები ერთიანდებიან და ერთობლივად მოქმედებენ, ისეთი ენერგეტიკული ველი იქმნება, რომელიც ცვლის არსებულ რეალობას უკეთესობისკენ. ქვეყნის პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით დაყოფის ცდები მხოლოდ მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. სხვათა შორის, ამ გამარჯვებით გაიხარა მთელმა ქვეყანამ, მთელმა ჩვენმა მოსახლეობამ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ამ ყველაფრისგან შესაბამისი დასკვნების გაკეთებაა საჭირო… ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალების რეაქცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ერის ერთიანობის კლიმატის შემქმნელი საქართველოში ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალია. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ვაღიაროთ, გასულ კვირას, არც მატჩის სამზადისისას და არც გამარჯვების შემდგომ პოლიტიკოსები არავის გახსენებია. ისინი იყვნენ თავისთვის, რაღაცებს საუბრობდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ შორის ცდილობდნენ ჩვენს ნაკრებთან რაღაცით ასოცირებას, მაგრამ, დამერწმუნეთ, მათი განცხადებები თუ გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის მეათეხარისხოვანი იყო. საერთოდ გადაფარა პოლიტიკა გამარჯვების სიხარულმა. ეს უფრო კარგად გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.
ვფიქრობ, პოლიტიკურმა სპექტრმა რაღაც მაინც უნდა ისწავლოს ამ ყველაფრისგან. იქნებ მიხვდნენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ადამიანებს მათი დაპირისპირება და ლანძღვა-გინება არ აინტერესებთ. მოქალაქეებს სჭირდებათ წარმატებაზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგი, იმის ჩვენება, რომ მათი ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. მართალი გითხრათ, ბევრი პოლიტიკოსის ტონში ერთგვარი გაკვირვებაც იგრძნობოდა იმით, რაც ამ გამარჯვებას მოჰყვა. ხმამაღლა კი არაფერი უთქვამთ, მაგრამ მათი განცხადებების ტონში ჩანდა ეს. ზოგმა სცადა მოვლენების განვითარებას ჩასჭიდებოდა და რაღაც სათავისოდაც გამოედნო, რაც ზოგს გამოუვიდა, ზოგსაც არა… ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ბევრი არაფერი იცვლება. კვლავინდებურად პოლიტიკანობა უფრო მეტია, ვიდრე საქმის კეთება… გარდა ამისა, მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. თუ რამ კარგი შეიძლება ითქვას “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე, ის არის, რომ მოახერხა საოცრად ამღვრეულ ვითარებაში ერთგვარად ლავირება. საქართველო რამდენიმე ფრონტზე თამაშობს ერთდროულად და ამის წყალობით ხერხდება სტაბილურობის შენარჩუნება.
ქართულ სასამართლო სისტემას სჭირდება სერიოზული რეფორმირება. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის კადრები სრულად გადაიბარა “ქართულმა ოცნებამ”, ბუნებრივად იბადება უამრავი ეჭვი და კითხვა, რაზეც პასუხებს ვერ ვიღებთ. იმაზე ლაპარაკი, რომ სასამართლო სისტემა სრულიად თავისუფალია და პოლიტიკურ გავლენას არ განიცდის, რბილად რომ ვთქვათ, არ შეეფერება სიმართლეს. სასამართლო სისტემაში საჭიროა ცვლილებები და ამის რესურსი აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ამის ნებას ვერ ვხედავთ. ვეტინგს რომც დათანხმდნენ, ესეც ფორმალური პროცესი იქნება, რაც მოხდა მოლდოვაში. როგორც ვიცი, ამ სისტემას დიდი ბენეფიტები არც ალბანეთისთვის მოუტანია. ვეტინგის სისტემაში, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ხელისუფლებას, არის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა. სიმართლე გითხრათ, პირადად მეც ეს საკმაოდ საჩოთირო მგონია. რა სახელმწიფო გვაქვს, თუ ამგვარი პროცესის წარმართვაც კი არ შეგვიძლია დამოუკიდებლად?! ამიტომ არ მომწონს ვეტინგის სისტემა, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ სასამართლოს ხარვეზებს ვხედავ. ვფიქრობ, სისტემური პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც უნდა მოვთხოვოთ იმას, ვისაც ეს ხელეწიფება – ხელისუფლებას.
რაც შეეხება მოსკოვში მომხდარ ტერაქტს… იანვარში “ისლამური ხალიფატის” ამ განაყოფმა, რომელსაც “ხორასნის ვილაიეთი” ეწოდება, მტრების სია გაავრცელა, რომელშიც შედიოდნენ: რუსეთი, აშშ, “თალიბანი” და ირანი. ისლამისტური ორგანიზაციების მიზანია ისლამის ზეობა. მათი აზრით, მთელი მსოფლიო “ისლამური ხალიფატი” უნდა იყოს – ეს არის მათი ამოცანა. ისლამისტურ ორგანიზაციებს შორის მიდგომებსა და მოქმედების არეალშია განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ “თალიბანი” ისეთივე ისლამისტური ორგანიზაციაა, როგორიც “ისლამური ხალიფატი”, ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. “ხორასანი” აქტიურობს ავღანეთის ნაწილში, პაკისტანის გარკვეულ ტერიტორიაზე და ცენტრალურ აზიაში. ის საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა და მისი საყრდენი შუააზიური ეთნოსებია, უპირველესად, ტაჯიკები. მათი მოქმედება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს გაგრძელდება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მოუხერხდებათ. ტერორიზმი, სამწუხაროდ, დაუმთავრებელი პროცესია და ყველა სახელმწიფო მზად უნდა იყოს ამისთვის. რაც შეეხება კითხვას – “კრემლი ცდილობს ამ ტერაქტში უკრაინული კვალი იპოვოს…” – უკრაინას ხან ტერორისტების დაფინანსებას აბრალებენ, ხან ამბობენ, მათ შეფარებას აპირებდნენო. მე ამ ყველაფერში უკრაინის კვალს გამოვრიცხავ, ისევე, როგორც დასავლეთისას. მე ორი რამ მგონია: ან კრემლში იცოდნენ, რაც იგეგმებოდა და მიუშვეს, რადგან იფიქრეს, რომ ქვეყანაში ხალხის კონსოლიდაციისთვის შეეძლოთ გამოეყენებინათ, ან გამოეპარათ. მე უფრო მეორე მგონია. ამიტომაც ამის აღიარება არაფრით არ უნდათ და ცდილობენ სხვებს გადააბრალონ საკუთარი სისუსტე. სახელმწიფო, რომელიც ფსევდოკონსოლიდაციას ცდილობს და უკრაინაში რაღაც მიღწევებით ამაყობს, რეალურად გამოდის, დაუცველი ყოფილა, თანაც მუსლიმანურ სახელმწიფოებთან არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება, ისევ დასავლეთს მიადგნენ და მიედ-მოედებიან. ვიმეორებ, ტერაქტები გაგრძელდება, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზეც”,- განაცხადა არეშიძემ.