ის სიკვდილს 7-ჯერ გადაურჩა და მილიონი დოლარი მოიგო – ყველაზე იღბლიანი კაცის ისტორია

მუსიკის მასწავლებელს ხორვატიიდან, ფრანო სელაკს პლანეტის ყველაზე იღბლიან ადამიანს უწოდებენ. ის 7-ჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და შემდეგ ლატარიაში მილიონდოლარიანი ჯეკპოტიც მოიგო. ეს გამაოგნებელი ისტორია კი ასე დაიწყო:

პირველი უბედური შემთხვევა 1962 წელს მოხდა. მამაკაცი სარაევოდან დუბროვნიკში მიდიოდა, როდესაც მატარებელი მოულოდნელად რელსებიდან გადავიდა და გაყინულ მდინარეში ჩავარდა. ტრაგედიის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ფრანომ გამოსვლა მოახერხა და სისხლჩაქცევებით, ჰიპოთერმიითა და ხელის მოტეხილობით „გამოძვრა“.

1963 წელს მამაკაცი ჩამოვარდა თვითმფრინავიდან, რომლის საავარიო კარიც შემთხვევით გაიღო. ინციდენტის შედეგად, დაიღუპა 19 ადამიანი, მაგრამ სელაკმა აქაც სასწაულებრივად მოახერხა გადარჩენა – ის თივის გროვაზე დაეცა. ფრანომ მხოლოდ მსუბუქი შოკი, რამდენიმე სისხლჩაქცევა და სხეულზე მცირე ნაკაწრები მიიღო.

სამი წლის შემდეგ ავტობუსი, რომლითაც სელაკი მიემგზავრებოდა, მდინარეში გადავარდა. რასაკვირველია, ფრანომ თავის დაღწევა და ნაპირისკენ უვნებლად გაცურვა მოახერხა. 1970 წელს მას კვლავ ინციდენტი შეემთხვა: საკუთარი მანქანით გზატკეცილზე მოძრაობდა, ავტომობილს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა.

1973 წელს სელაკი მანქანას არემონტებდა, როდესაც ბენზინის ტუმბო გასკდა და საწვავი პირდაპირ გახურებულ ძრავზე დაიქცა, რამაც აალება გამოიწვია. შედეგად, ხორვატმა თმა დაკარგა, თუმცა გადარჩა.

მომდევნო წლების განმავლობაში, სელაკი კიდევ ორჯერ გადაურჩა სიკვდილს. 1995 წელს მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მას სკოლის ავტობუსი დაეჯახა. ფრანომ ისევ მხოლოდ რამდენიმე სისხლჩაქცევა მიიღო.

ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ საოცარი ამბავი შეემთხვა. სელაკი მთებში მანქანით მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად მისკენ მომავალი სატვირთო ავტომობილი შენიშნა. მამაკაცმა საჭე მკვეთრად მოატრიალა, რის შედეგადაც ავტომობილი გზის ჯებირს შეეჯახა და გატეხა. მანქანა 90 მეტრის სიმაღლეზე, უფსკრულის კიდეზე იყო „ჩამოკიდებული“ და ფრანოც შიგნით იჯდა. ბოლო წამზე მან გადმოსვლა მოახერხა და ზემოდან შეავლო თვალი, როგორ დაენარცხა მიწაზე და როგორ აფეთქდა მისი „შკოდა“.

ამის შემდეგ ხორვატს მსგავსი არაფერი გადახდენია. თითქოს, ამდენი უბედური შემთხვევის საკომპენსაციოდ, 2002 წელს ფრანომ ლატარიაში მილიონდოლარიანი ჯეკპოტი მოიგო. თუმცა, მან ეს თანხა თავისთვის არ დაიტოვა და ნათესავებსა და მეგობრებს დაურიგა. სელაკისთვის ფული მთავარი არ იყო… განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, რაც თავს გადახდა.

მამაკაცი 2016 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები