„ხშირად ვფიქრობ აფხაზეთზე და არაერთხელ დამსიზმრებია, როგორ მივყვები ადამიანების დიდ ნაკადს წვიმიან ამინდში“…

დაიბადა   ქუთაისში. გაიზარდა სოფელ ფარცხანაყანებში. ხოლო ბოლო წლების მანძილზე ცხოვრობს თბილისში. 3-ჯერ დაამთავრა ფრანკლინის აკადემია.
ხელოვნების ნიჭი ადრეული ასაკიდან აღმოაჩნდა. არის რეზიდენტ-არტისტი, თვითნასწავლი არტისტი. გარდა მხატვრობისა, არის ფოტოგრაფი, პოეზიის მოყვარული,
 წერს ლექსებს.
ორი პერსონალური გამოფენის ავტორია. ახლახან ჰქონდა გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში – სახელწოდებით „შიზოგადოება და საზოგადოება“.  მანამდე, მის ნამუშევრებს „არტერია უმასპინძლა, ამავდროულად, ქმნი პერფორმანსებს და მუსიკასთან აკომპანირებით, იმპროვიზაციით – ნახატს.  – მიქაელ გვამბერაძის პერსონა.

 

– დავიბადე ქალაქ ქუთაისში, აღვიზარდე სოფელს ფარცხანაყანევში, სოფელი, სადაც გავიზარდე, არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობით, მაგრამ ეს ადგილია, სადაც გავიზარდე და დავიწყე ჩამოყალიბება ადამიანად, სადაც პირველი ნაბიჯების გადადგმა და პირველი სიტყვების წარმოთქმა დავიწყე. ჩემს სოფელთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. არ ვიცი, ამ ყველაფერზე როგორ ვისაუბრო ან როგორ გავიხსენო კონკრეტული მოგონება, რაც სოფელში გადამხდა თავს.
ეს ყველაფერი ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია და არ შემიძლია კონკრეტულ ერთ თემაზე საუბარი. ერთადერთი, რაც მაწუხებს, როდესაც სოფელში ჩავდივარ და ვხედავ იმ ქუჩებს, ეზოებს, სადაც ხშირად ვიყავი, ახლა მხოლოდ მოგონებებია და მეტი არაფერი, რადგან სოფლიდან ყოველთვის მიდის ვიღაც. ბევრმა დატოვა იქაურობა და მეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვინც წამოვიდა, მაგრამ მონატრება იმდენად ძლიერია, მე მაინც ჩავდივარ ხოლმე და იქაურ მიდამოს ვეფერები.

ასე იქმნება ავტოპორტრეტი

– ხელოვნების, ხატვის ნიჭი ადრეული ბავშვობიდან დაგყვათ…. პირველი ნახატები…
– ხელოვნებისადმი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მქონდა, თითქოს ეს ჩემს გენეტიკურ მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი, რადგან ვიცოდი ისეთი რაღაცები, რაც არავის უსწავლებია ჩემთვის. ამ ყველაფრის განვითარებაში ჩემი ბაბუც დამეხმარა, სანამ გარდაიცვლებოდა, ცოტა რთულია პირველი ნახატების გახსენება, მაგრამ რაც ღრმა ბავშვობიდან  მახსოვს, ეს ნახატები დიდი ალბათობით ნატურმორტი იქნებოდა.
– სამჯერ დაამთავრეთ ფრანკლინის აკადემია…
– ფრანკლინის აკადემიაში ვსწავლობდი – ფილოსოფიას, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, დებატებს, ეს ჩემთვის ზედმეტად საინტერესო იყო, მცოდნოდა ისეთი რამ, რაც დამეხმარებოდა ბევრ საკითხთან სწორად აზროვნებაში.
–  ხილვები გაქვთ და ხატავთ აფხაზეთს…
–  მე ამას ხილვებს ვერ დავარქმევდი. ეს უფრო სიზმრები იყო, გამოწვეული იმისგან, რომ ხშირად ვფიქრობ აფხაზეთზე და ამ ყველაფრის ფონზე არაერთხელ დამსიზმრებია, როგორ მივყვები ადამიანების დიდ ნაკადს წვიმიან ამინდში და მესმის ხმები, რომ ამბობენ და კითხვას სვამენ, უკან დავბრუნდებით? რაც შეეხება ამ ყველაფერს, აფხაზეთის თემაზე მხოლოდ ერთი ნახატი შევქმენი, რომლის სახელწოდებაა „სოხუმი“. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამ თემაზე კიდევ შემექმნა ნახატები… იმის მიუხედავად, რომ მე არ ვარ ნამყოფი აფხაზეთში, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე და ემოციური საკითხია.
ქმნი პერფორმანსებს და მუსიკასთან აკომპანირებით, იმპროვიზაციით – ნახატს...  შთაგონება მუსიკას მოჰყავს?
– სხვათა შორის, საინტერესოა არტ პერფორმანსი, როცა მუსიკასთან აკომპანირებით იქმნება ნახატი. ამ დროს ორმაგი შემოქმედება ხორციელდება ადამიანის გონებაში, რომელმაც შემდეგ ტილოზე უნდა მიიღოს სრულყოფილება და მაყურებელს წარუდგენ, როგორც ცოცხალ  ქმნილებას, რადგან ხელოვნებაც ცოცხალია და მუსიკაც. რთულია ამ დროს მხატვარი იყოს კონცენტრირებული ერთ რამეზე, როცა მაყურებლის დიდი ნაკადი ადევნებს თვალს. ამ დროს სცენაზე მდგომ არტისტს უწევს, ემოცია მაყურებლისგანაც აიღოს, მუსიკისგანაც და თავისი გონების შინაგანი სამყაროსგანაც, რომ შემდეგ ამ ყველაფერს დაერქვას იმპროვიზაცია და შეიქმნას ნახატი. ხელოვნება არ არის იმ ჰაერივით, რომლის ჩასუნთქვა ნახშირორჟანგს აბრუნებს უკან. ეს არის ჰაერი, რომელიც უკან აბრუნებს სიცოცხლეს და უკვდავ შედევრს.
–  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მეორე პერსონალური გამოფენა – „შიზოგადოება და საზოგადოება“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებული 19 ფერწერული ნამუშევარი, ამავდროულად, დამთვალიერებელმა იხილა  გრაფიკულ ნახატებც. რატომ ეს სახელწოდება?
– დიდხანს ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო გამოფენის სახელწოდება, საბოლოოდ კი შევჩერდი სახელწოდებაზე: „შიზოგადოება და საზოგადოება“. შიზოგადოება ეს არის ადამიანის ბნელი ემოცია, რომელიც თავადვე შთანთქავს ადამიანს და შემდეგ თვითონ ეს ემოცია ხდება ადამიანის მმართველი სისტემა, რასაც შემდგომ ჰუმანოიდს ვუწოდებ. ეს არის მოვლენა, როდესაც სული კვდება და ცოცხალი გვამები დადიან ქუჩებში, როცა ადამიანი კარგავს შინაგან სამყაროს და აღარ ფიქრობს არაფერ კარგზე. რაც შეეხება საზოგადოებას, ეს არის მოაზროვნე ადამიანების ნაკადი, რომელიც ამ ყველაფერს უმკლავდება და ცდილობს  შიზოიდის გაადამიანურებას.
აი, ეს ემოციები იყო ჩემს შემოქმედებაში, რომელიც გამოფენაზე იხილა ხალხმა.
– ყველა ნახატი მუსიკის ფონზე იქმნება?
– ჩემი ნახატების შექმნის ინსპირაცია უმეტესად ღამენათევი ფიქრები ან ქუჩაში უეცრად შექმნილი ემოციაა, არ აქვს დროს მნიშვნელობა. ნებისმიერ დროს შეიძლება უეცრად მოსულ მუზაზე დავიწყო ხატვა, მაგრამ არის ერთი პატარა ისტორია, რომელიც არასდროს დამავიწყდება – პლენერზე გავედი, ქართლის დედის ფეხებში დავიდგი მოლბერტი, ჩემ  წინ თბილისის ულამაზესი ხედი გადაიშალა, მე კი დოქები დავხატე.
თვითნასწავლი არტისტი და ფოტოგრაფი… წერთ ლექსებს…
– უმეტესად, რასაც ვაკეთებ, ეს თვითნასწავლი პროფესიებია. მაგალითად, ფოტოგრაფია. მე შესაძლოა, ქუჩის ფოტოგრაფი ვიყო და, ამავდროულად, ვცდილობ, ნებისმიერ წერტილში იმ ემოციის, გრძნობის, მიმიკის, მოქმედების ან თუნდაც ისტორიული მომენტის ან ადგილის გადაღებას. ძალიან მიყვარს ეს საქმე და ესეც ისეთივე განუყრელი ნაწილია ჩემთვის, როგორც მხატვრობა. ასევე ვარ პოეზიის მოყვარული, ვწერ ლექსებს, ეს ალბათ უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ ვერ ვახერხებ სათქმელის ნახატით თქმას, პოეზიით ვცდილობ სიტყვების გათავისუფლებას.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ფორტეპიანოზე დაკვრა. ეს სასწაულია, სულს ჩააქსოვს ადამიანი, ზოგჯერ ისეთ მელოდიებს გამოსცემს ფორტეპიანო. მთავარია, შეეხო და ჩუმად იჯდე პიანინოსთან, მთავარია, კლავიშს შეეხო და სიტყვის თქმაც არ გიწევს. პიანინო იწყებს სიმღერას! მთავარია, როგორ მიუდგება ადამიანი.
–  ერთი ლექსი…

ფარული მზერა ბურუსით სავსე,
ნოემბრის თვეში თეთრი სუდარა,
ნისლად მოდებულ ალმურ სოფლებზე,
გამთენიისას სიჩუმე ფარავს.

დაბურულ ქუჩებს და სევდით სავსეს,
უსიტყვოდ ესმის ამ დღის მუქარა,
უძირო ნისლით და ან უფრო მეტით,
რაღაც ფიქრს ფარავს თეთრი სუდარა.

კორიანტელი წვეთები ბალახს,
ასველებს, როგორც მარტის დღეები,
ერევი ჩუმად, გადადგამ ნაბიჯს,
იმ წამსვე შენც ნისლად იქცევი.
– სამომავლო გეგმები…
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არ ვიცი, რა მოხდება, რა იქნება ხვალ ან ზეგ, არც ის ვიცი, ვიქნებით თუ არ ვიქნებით, მთავარია, რომ რაღაც გეგმები გვაქვს და მივისწრაფვით ამ გეგმებისკენ. სამწუხაროდ, ყოველთვის თავს ვარიდებ სამომავლო გეგმებზე საუბარს, მაგრამ გეგმები მაქვს, რაც მთავარია, არ ვაპირებ გაჩერებას, მუდამ წინ.
                                                                                       

                                                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები