ირაკლი მელაშვილი: როგორც ჩანს, ტერაქტი რუსეთში მცხოვრები მუსლიმანების მოწყობილია და გრუ-ს უკავშირდება, ძალიან სურდათ, რამენაირად ეს უკრაინელებისთვის დაებრალებინათ

“რუსეთი გააფრთხილეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, რომ ტერაქტი იგეგმებოდა. ძალიან კი მალავდნენ და არ უნდოდათ ამის თქმა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერაქტი რუსეთში მცხოვრები მუსლიმანების მოწყობილია და გრუ-ს უკავშირდება. ძალიან სურდათ, რამენაირად ეს უკრაინელებისთვის დაებრალებინათ და ახლა ცდილობენ ის დააბრალონ, თითქოს ტერორისტები უკრაინაში გადასვლას ცდილობდნენ”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზში – “კროკუს სითი ჰოლში” 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე საუბრისას “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პუტინს ძალიან სჭირდება მობილიზაცია, ამიტომ ყველანაირად ეცდება ეს თემა უკრაინელების წინააღმდეგ ქვეყანაში უფრო ძლიერი მასობრივი ფსიქოზის დასანერგად გამოიყენოს.

”პუტინმა თქვა, უკრაინელებმა “ფანჯარა გაუკეთესო”. კი, მაგრამ რუსულ მხარეს როგორ გაუკეთეს ფანჯარა უკრაინელებმა? სინამდვილეში, როგორც დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა თქვეს, ბელარუსის საზღვრიდან 25 კილომეტრში იყვნენ გაჩერებული, 125 კილომეტრზე კი უკრაინის საზღვრიდან. რა თქმა უნდა, პუტინი ეცდება ეს თავისი შიდა პოლიტიკისთვის გამოიყენოს. მას სჭირდება ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა მობილიზაციის ჩასატარებლად. ფაქტია, პუტინს არა მარტო მობილიზაცია უჭირს, არამედ დიდი პრობლემები აქვს ბელგოროდის ოლქში, სადაც 12-ში სხვადასხვა ბატალიონი შევიდა: ციმბირის, ჩეჩნური, კიდევ ორი რუსული ბატალიონი და უკვე ორი კვირაა პუტინი ვერაფერს აკეთებს და მეტიც, ევაკუაციის დაწყებამ მოუწიათ. ასეთ ვითარებაში მას ძალიან სჭირდება მობილიზაცია, ამიტომ ყველანაირად ეცდება ეს თემა გამოიყენოს ქვეყანაში უფრო ძლიერი მასობრივი ფსიქოზის დასანერგად უკრაინელების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ძლიერი ძვრებია რუსეთში. ბელგოროდის ოლქში აჰმედ ზაკაევის შვილი იბრძვის, ჩეჩნების დიდი ნაწილიც შეუერთდა ამ ბრძოლას, კადიროვი კი დუმს, არადა, ერთი ჩეჩნური ბატალიონი მთლიანად გაანადგურეს ბელგოროდში. ამიტომაც შეიძლება დიდი უკმაყოფილება დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი ძალიან ჭკვიანურად იქცეოდა და ჩეჩნურ ბატალიონებში, ძირითადად, რუსებს აბრძოლებდა. ასევე საინტერესოა ბატალიონი “ციმბირი”, რომელიც, როგორც ამბობენ, ციმბირელებით არის დაკომპლექტებული. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ციმბირში დიდი მოძრაობა იყო, კონფედერაციულ საწყისებზე გადასვლა სურდათ, რადგან ყელში ამოუვიდათ მთელი რუსეთის რჩენა, მაშინ, როცა თვითონ არაფერი რჩებათ. მოკლედ, პუტინს ეშინია შიდა უკმაყოფილების და ამიტომაც შეეცდება ახლა ეს მობილიზაციისთვის გამოიყენოს”, – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები