ბელა სტარი – ველური დასავლეთის დედოფალი

ბანდიტები და ველური დასავლეთი, თითქმის, სინონიმებია. სროლა, კოვბოები, ქუდები, რევოლვერები – ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი საშიში „კაცთა სამყაროა“, მაგრამ კრიმინალებს შორის ისეთი ქალებიც იყვნენ, რომლებიც მამაკაცებს არ ჩამოუვარდებოდნენ.

ბელა 1848 წელს მისურის შტატში დაიბადა. მისი მშობლები საკმაოდ განათლებულები იყვნენ. თავად გოგონათა სკოლაში სწავლობდა და ფორტეპიანოზე უკრავდა. სამოქალაქო ომის დროს მის მშობლიურ ქალაქს ჯარისკაცები თავს დაესხნენ და მამამისმა ოჯახი ტეხასში გადაიყვანა. მოგვიანებით გავრცელდა ჭორები, რომ სწორედ ტეხასში გაიცნო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ბელამ ჯესი ჯეიმსი, ცნობილი ამერიკელი კრიმინალი.

1886 წელს ბელა დაქორწინდა ჯიმ რიდზე, რომელიც ჯესი ჯეიმსის ბანდის წევრი იყო. მათ ქალიშვილი შეეძინათ.

ახალგაზრდა ბელა შესანიშნავად ჯირითობდა და ზუსტად ისროდა. გათხოვების შემდეგ მან უნარების დახვეწა განაგრძო. სანამ ჯიმს მკვლელობაში დაადანაშაულებდნენ, წყვილი კარგად ცხოვრობდა. შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სახლი და ჯიმის წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვამდე კალიფორნიაში გადასულიყვნენ. მათი მეორე შვილი სწორედ იქ დაიბადა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში კალიფორნიაში ცხოვრების შემდეგ ოჯახი ტეხასში დაბრუნდა. ჯიმი ცდილობდა, პატიოსნად ეცხოვრა: მიწათმოქმედებას ეწეოდა და უნაგირებს ყიდდა, მაგრამ ძველ საქმეს საკმაოდ მალე დაუბრუნდა. თავიდან ძარცვა მარტომ დაიწყო, მაგრამ ბელაც მალევე შეუერთდა.

1869 წელს წყვილი სამხრეთ-დასავლეთით გაემგზავრა. აქ მათ, დაახლოებით, 30,000 დოლარის ხელში ჩაგდება მოახერხეს. საბოლოოდ, ისინი ბანდას შეუერთდნენ. ჯიმს უკვე ჰქონდა კავშირი აღნიშნულ ბანდასთან: ისინი ერთად ყიდდნენ ალკოჰოლს და იპარავდნენ პირუტყვს. 1874 წელს ჯიმი ტეხასში კამათის დროს მოკლეს. 

მეუღლის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ ბელა სემ სტარზე დაქორწინდა, მაგრამ არც ამ კაცთან იყო ბედნიერი. 1882 წელს ისინი სასამართლოში აღმოჩნდნენ ორი ცხენის ქურდობისთვის. მათ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დროდადრო ბელას ფერმებზე თავდასხმისა და ცხენების ქურდობისთვის იჭერდნენ. 1886 წელს, ქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ, მისი ქმარი ამერიკელმა მარშალმა მოკლა. მიწის შესანარჩუნებლად, 40 წლის ბელა 24 წლის ბილიზე, მისი ქმრის ძმაზე დაქორწინდა.

ერთი წლის შემდეგ, 3 თებერვლის დილას ბელა საკუთარ სახლთან დახვრიტეს. ვინ გააკეთა ეს, დაზუსტებით უცნობია, თუმცა ზოგიერთი ვერსიით, ამაში მისი შვილების ხელი ერია. სხვა ვერსიით, ბელა მეზობელმა მოკლა, რომელთანაც, მიწის გამო, კონფლიქტი ჰქონდა. ეს ვერსია უფრო სარწმუნოდ ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები