დათო მაღრაძე: თუ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლება უცხოეთში, არჩევნები სრულ სიმშვიდეში ჩაივლის
“იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე”,- ამის შესახებ პოეტმა, დათო მაღრაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლება უცხოეთში, არჩევნები სრულ სიმშვიდეში ჩაივლის.
“მართებულად მიმაჩნია ჩვენი ეპოქის სურვილს შევეხოთ, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე, რათა უფრო მკაფიო გახდეს ჩვენი რეალობა, შესაძლებლობები, მოწადინება, რა შანსი აქვს ხელისუფლებას, რა ფუნქცია საზოგადოებას და ა.შ. ჩემი თვალსაწიერიდან ისე ჩანს, რომ დღეს გაბატონებულ საერთაშორისო ტენდენციას შეიძლება დაერქვას “დენორმალიზაცია”. დენორმალიზაცია – მოდი, ეს სიტყვა იყოს საპრეზენტაციოდ ჩემგან თქვენი გაზეთისთვის. როდესაც სურთ მორალური ქაოსი მოინათლოს როგორც ჩვეულებრივი და მარტივი ამბავი, სხვის ცხოვრებაში ჩარევა, პირადი ცხოვრების ეპიზოდებით დაშანტაჟება მიუღებლად მიმაჩნია. მე არ ვემხრობი ამა თუ იმ მოდური ტენდენციის რელიგიის ხარისხში აყვანას. თავს ვაკუთვნებ ქრისტიანულ ცივილიზაციას, მაგრამ არასოდეს მქონია სურვილი მეცხოვრა თეოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ქრისტიანობა იქნება სახელმწიფო რელიგია. მე დავიბადე და გავიზარდე თეოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც აგრესიული ათეიზმი სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული და ახლაც მორალური ქაოსის სახით იმავეს მთავაზობენ. აგრესიული ათეიზმი ყოველთვის საზოგადოებას უპირისპირდება და ახლა საზოგადოება საერთოდ რომ ვერ შედგეს, სათავეს ამღვრევენ. სათავის ამღვრევაში ვგულისხმობ იმას, რომ გენდერული ქაოსის იარაღით სამიზნედ სკოლას და მოწაფეებს ირჩევენ. როდესაც სახელმწიფო რელიგიად ცხადდება ტრადიციული რელიგია, თავისუფალი არჩევანი იკარგება, თავს მოხვეულის ელფერს იძენს ის, რაც თავისუფალი არჩევანის ნაყოფი უნდა იყოს. უფალს ადამიანისგან თავისუფალი არჩევანი ახარებს და არა ადამიანის ნაცვლად სახელმწიფოს გაკეთებული არჩევანი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, ქრისტიანულ ცივილიზაციას ვაკუთვნებ თავს, არასდროს მიმაჩნდა, რომ ქრისტიანობა გამოცხადებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო რელიგიად. ასეთ თეოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება ჩემი სურვილი არასდროს ყოფილა. მეტადრე მიუღებელია, რომ არატრადიციული ტენდენცია, რელიგიის სიმაღლეზე აყვანილი, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს და როცა ამის ცდას ვხედავ, სწორედ ეს მიმაჩნია დენორმალიზაციად.
დავუბრუნდეთ არჩევნებს – ვფიქრობ, ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არა აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს. ეს ხელისუფლების რეალობასთან ძალიან ახლომდგომი განზრახვაა. ახლო იყო საფრთხეები, მაგრამ ამ ხელისუფლების პატივად უნდა ითქვას, რომ გააზრებული რისკის ფასად ჩვენს სამშობლოს აარიდა დიდი ქარტეხილები, რაც ჩვენ გარშემო თითქმის ყველგან დატრიალდა. არაერთი მოწოდება გაისმა, როგორც საერთაშორისო ძალიან გავლენიანი სტრუქტურების, ასევე ბრძოლაში ჩართული უკრაინის ხელისუფლების… არ ვიცი, რამდენად ბოლომდეა განეიტრალებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის ჩვენი მოსახლეობა – ანუ ერთი რომ ქარტეხილები აგვარიდა ხელისუფლებამ, და მეორე – მშვიდობიანი დრო მიეცა ჩვენს მოქალაქეს, რათა არჩევნებზე გააზრებული გადაწყვეტილებით წავიდეს და არა ფორიაქით, არა კარს მომდგარი განსაცდელის შიშით, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებით. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ხშირად არჩევნებზე მივდიოდით “ოღონდ ეს არა” განზრახვით. ახლა მიეცა საშუალება მოსახლეობას, მშვიდად გაიაზროს თავისი გადაწყვეტილება. სწორედ ეს აძლევს ხელისუფლებას საფუძვლიან იმედს იმისა, რასაც აცხადებს.
იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე. თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი უნდა გქონდეთ, ის არის ერთადერთი წყარო თქვენი გამარჯვებისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ, შესაძლოა დათესონ შფოთი, რათა იქნებ აირიოს ქვეყანა – როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ. თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში, სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა, სიმტკიცე, მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს ყველა მცდელობა, გამიზნული არეულობისათვის. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს არ დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის, მე, დათო მაღრაძე, ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს.
მე ვერ ვიქნები ნეიტრალური ამომრჩეველი ჩემი ბიოგრაფიისა და თავგადასავლის გამო, ყველა ქარტეხილი, რასაც მოვესწარი, გულგრილად არც ერთი არ ჩამიტარებია. არ ვეკუთვნი იმ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ როდესაც უსამართლობა ხდება, ის უნდა დაიმალოს, თავის დამალვას კი საქმის კეთება დაარქვას. ასეთ ნეიტრალურ ამომრჩეველს ათენიდან აძევებდნენ ხოლმე. სულ არ მაწუხებს, რომ არა ვარ ნეიტრალური ამომრჩეველი. ჩართული ვარ ჩემი სამშობლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვსუნთქავ ჩემი სამშობლოს ჰაერით. ამდენად, ძალიან დიდი ნდობა არა მაქვს ნეიტრალური ხალხის, ვინც ამას ნეიტრალობას არქმევს; სახელს არ ვუწოდებ, არც შეურაცხმყოფელს, არც დამაკნინებელს, უბრალოდ, ნეიტრალური ამომრჩეველი ასეთი ქარტეხილების დროს ჩემთვის არ არის მისაბაძი…
ვინც ამბობს, ამას და იმას ვიზამთო და კეთილ დაპირებებს იძლევიან, იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მათი ნათქვამი სარწმუნო, თუ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს გვინახავს, მაგრამ, როდესაც ნანახი გვყავს ხელისუფლებაში, რაღა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან?! ჩალის ფასი აქვს ყველა სიტყვას, ყველამ ზედმიწევნით იცის, ვისი რეკონსტრუირება მოხდება. პროგნოზი არ სჭირდებათ, ზუსტად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რა განმეორდება. რა თქმა უნდა, მათ ძალიან მცირერიცხოვანი ერთგული ნაწილი ჰყავთ, მაგრამ ეს არ არის ის გავლენის არეალი, რომელმაც შეიძლება საარჩევნო გარდატეხა ან რყევა გამოიწვიოს.
აქვე მინდა ერთი რამ დავძინო – ჩვენ ხშირად ვუხსნით ხოლმე ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომ მათ დროს იყო სისტემური წამება პენიტენციარულ სისტემაში, ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ისე ხელაღებით შეეძლოთ გამეტება. ეს წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში… განა არ სჯერათ, რომ იყო? ზუსტად იციან, რომ იყო და ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე. რომ ამბობთ, ყველას გვინდა მშვიდობიანი არჩევნებიო, არ გვინდა ყველას! ეს პოლიტიკოსების ფრაზებია, “დღეს როგორც არასდროს”, სრული სიყალბეა ასეთი ფრაზა. “ყველა ერთად დავდგებით” – ესეც სიყალბეა. “ყველას ერთად გვაწუხებს” – არ გვაწუხებს ყველას ერთად! არის ხალხი, რომელთაც შენ რაც გაწუხებს, ის ახარებს.
რაც შეეხება კეზერაშვილ-ადეიშვილის საკითხს – ეს ხალხი უკრაინის ხელისუფლებაშიც და საქართველოს ხელისუფლებაშიც ერთი პროექტის მოქალაქეები იყვნენ. უკრაინის ხელისუფლებაც და საქართველოს ხელისუფლებაც “ნაციონალების” დროს დაკომპლექტდა ერთი პროექტის მოქალაქეებით. ეს დადასტურდა, როცა არჩევნებში დამარცხდა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება, თითქმის სრული შემადგენლობით თუ არა, ძალიან დიდი ნაწილი გადაიყვანეს უკრაინის ხელისუფლებაში. რამდენიმე დღესაც იქ მუშაობს. ესენი არ არიან არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეები, ესენი პროექტის მოქალაქეები არიან. ის თუ პროექტი რომელ ქვეყანაში შემუშავდა – არ ვიცი, მაგრამ მათი ხელმძღვანელი, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილე ქალბატონი ვიქტორია ნულანდი, რომელიც ახლა პოსტის გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, პროექტი გრძელვადიანი არ გამოდგა და აქტუალურობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ ამერიკის მედიაში ნატალი და კლეიტონ მორისის პოდკასტში, ამ ძალიან პოპულარულ გადაცემაში, რომელსაც ჰქვია “REDACTE” “ჰარი პოტერის” პერსონაჟად მონათლეს – ლორდი ვოლდემორი, ეს ჯადოსანი პერსონაჟი უწოდეს ქალბატონ ნულანდს. ე.ი. როდესაც ასეთი ხელმძღვანელები და მხარდამჭერები ჰყავდათ, ბუნებრივია, ვიღაცას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ქართულ ხელისუფლებას, საერთაშორისო ინტერპოლზეც მეტად მიუწვდება ხელი… ვერავისკენ ხელს ვერ გავიშვერ, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან. თუმცა, მგონი, დღეს მეტი სიმტკიცით მოქმედებს ქართული ხელისუფლება, რაც კარგია, ეს მოსახლეობასაც სახელმწიფოებრივი სიმყარის განცდას უჩენს.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, “რამდენად მორალურია უკრაინელების შემონათვალი, სააკაშვილი გაათავისუფლეთო” – მორალზე შეიძლება ისაუბროს ექვთიმე ათონელმა, იოანე დამასკელმა, არახამიას მორალზე საუბარი ცოტა ღიმილის მომგვრელია. არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს, როდის და რატომ. ესენი ჩვეულებრივი პროექტის მოქალაქეები არიან, ამათთან მორალზე როგორ შეიძლება ლაპარაკი. პროექტის მოქალაქის მორალი მხოლოდ პროექტია. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, დენორმალიზაციას დიდი გასავალი აქვს დღეს სამყაროში, მით უმეტეს, პროექტის მოქალაქეებისთვის რელიგიაა დენორმალიზაცია. როგორ შეიძლება გამოიხატოს ეს გენდერული მორალური ქაოსი? – ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, მოხუცია თუ ბავშვი, ცოცხალია თუ მკვდარი. ეს ყველაფერი თუ არ იცი, სუპერევროპელი ხარ, ოღონდ ეგ სუპერევროპელი ქართველები მეორე უკიდურესობას იწვევენ, ქრისტიანობის რადიკალიზაციას, პერანგზე ფლომასტერით ჩოხის ქილებს რომ მიიხატავენ და სუპერქართველები ხდებიან. იცით, ნიშანდობლივი რა არის? – ქრისტეს კი აღარ ეძებენ, ქრისტეს მტრებს ეძებენ. თუ მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ, ბოლოს იპოვი, ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს. ამ (პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა) სუპერევროპელებსა და სუპერქართველებს შორის არსებობს კიდევ ქართველი საზოგადოება, რომელიც არც რელიგიური რადიკალიზმის მიმდევარია და არც დენორმალიზაციის, იმიტომ, რომ ისიც დენორმალიზაციის ნაყოფია, როდესაც ქრისტეს სახელით მთელი ცხოვრება ქრისტეს მტერს ეძებ. არ მინდა ცუდი ასოციაციების შექმნით დავიწყო, მაგრამ ინკვიზიციის დროს ხომ გახსოვთ, ქრისტეს სახელით ეძებდნენ ქრისტეს მტერს ხან სხვენში, ხან სარდაფში, ხან იქ, სადაც ის არ იყო… ორივე სახიფათო, საგანგაშო მიმართულებაა და ამიტომ დავარქვი დენორმალიზაცია. არსებობს საქართველოს მოსახლეობა, რომლისთვისაც ძვირფასია ზომიერება და კულტურა. უკულტურობას სიახლე არ ჰქვია. სიახლე ისეთი მნიშვნელოვანი რამაა, მის გარეშე სიცოცხლე აზრს კარგავს. სიახლის ძიების წყურვილი თუ ქრება, იქაურობა ჭაობდება. სიახლე ჟანგბადია, ოღონდ სიახლე არანორმალურობას არ ჰქვია. ეს არ ნიშნავს წარსულის ნგრევას. ლეონარდო და ვინჩის შედევრში, “მოგვთა თაყვანისცემაში”, ვხედავთ ღვთისმშობელს, მოგვებს, კიდევ სხვა ბევრ ფიგურასაც, ზემოთ კი, ნახატის კიდეში, ტაძრის დასრულება ხდება – ანუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ მესია მოვიდა არა წარსულის დასანგრევად, არამედ აწმყოს სრულყოფისათვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რომელსაც გააზრება სჭირდება.
გენიალურად თქვა გუსტავ მალერმა, რომ ტრადიცია ეს არის ცეცხლის გადაცემა და არა ფერფლის თაყვანისცემა. სიახლე ის იყო, როდესაც ფოტოგრაფიის გაჩენას საფრანგეთში მხატვრებმა იმპრესიონიზმით უპასუხეს…
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან – როდესაც ედუარდ მანემ ერთ-ერთ გამოფენაზე თავისი უმნიშვნელოვანესი ტილო, “ოლიმპია” გამოფინა, რომელსაც თითქმის ყველა იცნობდა, იმიტომ, რომ მაშინ ბორდელს ბევრი სტუმრობდა იქ დამსწრე დამთვალიერებლიდან, ოლიმპიას სახით ყველამ იცნო მეძავთა სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი და ამას სკანდალი მოჰყვა. მაშინ დეგამ ამ ტილოს გამოფენის სიმამაცის გამო მანე ჯუზეპე გარიბალდის შეადარა. ეს მართლა ასეთი სიმამაცის ტოლი იყო. მანეს კრიტიკის ღვარცოფი დაატეხეს თავზე, მაგრამ ის იყო სიახლე და იყო შედევრი, ის იყო მართლაც ხელოვანის სიმამაცე!
საქართველო არასოდეს უკრაინის მტერი არ გახდება, თუ რატომ, ამას უკრაინის ხელისუფლება ვერ გაიგებს… უკრაინას არც ადეიშვილი სჭირდება, არც არახამია და არც სხვა ბევრი. ეს სჭირდება პროექტს. უკრაინა არის ქვეყანა და არა პროექტი. პროექტი არის მის ხელისუფლებაში მყოფი ხალხი, ხოლო უკრაინა არის შევჩენკო, დოვჟენკო, ფარაჯანოვის “Тени забытых предков”, უკრაინა არის უკრაინული ხალხური სიმღერა…. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება”,- განაცხადა მაღრაძემ.