როგორ იყენებდნენ ყავას, სანამ სასმელი გახდებოდა
ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია დედამიწაზე. ბევრს არ წარმოუდგენია დღის დასაწყისი ერთი ფინჯანი არომატული ყავის გარეშე. ის გამოიყენება კულინარიაში, მედიცინასა და სილამაზის ინდუსტრიაშიც, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ყავის ისტორიის დასაწყისი საერთოდ არ იყო ასეთი მიმზიდველი და იმ დროში ცოტა ვინმეს თუ მოუვიდოდა თავში მისი მარცვლების სასმელად გადაქცევა.
ითვლება, რომ ყავის დალევის ტრადიციას ახლო აღმოსავლეთში მე-15 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. როგორ გამოიყენებოდა აღნიშნული პროდუქტი ამ დრომდე, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ მეცნიერებს გამოკვლეული აქვთ ყავის ისტორია, სანამ ის სპარსეთსა და არაბეთში დაიმკვიდრებდა თავს.
სანამ ყავა სასმელი გახდებოდა, მას ხელების დასაბანად იყენებდნენ.
მცენარე, რომელიც დღეს არაბიკის სახეობის ყავას გვაძლევს, ეთიოპიის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაჩნდა. ამ რეგიონს ბონგა ეწოდება. ზუსტად ამ ადგილიდან გავრცელდა ეს პოპულარული პროდუქტი მთელ პლანეტაზე.
იდუმალი ნედლეული იემენიდან
არაბულ სამედიცინო და ბოტანიკის წიგნებში ყავა პირველად მე-10 საუკუნეში მოიხსენიება. ამ ნედლეულის აღწერა ბუნდოვანი იყო, მაგრამ მეცნიერებმა მაინც დაადგინეს, რომ საქმე მართლაც ყავას ეხებოდა. სამეცნიერო ნაშრომების ავტორები რეკომენდაცია უწევდნენ მის გამოყენებას პირადი ჰიგიენის მიზნით.
მანამდე, მე-9 საუკუნეში არაბი ექიმი იბნ მასავაიჰი სასარგებლო მარცვლების შესახებ „ჯავაჰირ ატ-ტიბის“ ტრაქტატში საუბრობდა. ექიმის ხელში მარცვლები იემენიდან მოხვდა, სადაც, მისი თქმით, ქალები მარცვლებს კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. სიმართლე რომ ითქვას, მეცნიერმა ვერ დაადგინა, რა მცენარე იყო და ჩათვალა, რომ ეს აკაციის ერთ-ერთი სახეობის ნაყოფი გახლდათ.
შუა საუკუნეებში ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა წარმოდგენა, როგორ გამოიყურებოდა ყავის ხე. ეს არაა გასაკვირი, ვინაიდან მათ ხელში ხვდებოდა მხოლოდ მარცვლები, რომლებიც ვაჭრებს იემენიდან ჩამოჰქონდათ. მისგან კოსმეტიკურ საშუალებებს, მედიკამენტებს და არომატულ დანამატებს ამზადებდნენ.
მსგავსი ვითარება იყო იმ დროს შავ ჩაისთან დაკავშირებითაც. ის შავი, თხელი ფოთლების სახით ჩამოჰქონდათ ჩინეთიდან. ჩაის იყენებდნენ, კომპრესის სახით, თავის ტკივილისა და შეშუპებების დროს.
უცნაური გამოყენება
რაც შეეხება ყავას, ხალხს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გამოეყენებინა ის. მე-10 საუკუნეში ექიმი არ-რაი წერდა, რომ მისი გამოყენება ფეხის უსიამოვნო სუნის დროსაც შეიძლებოდა. ყავა რეკომენდებული იყო როგორც არომატიზატორი, რომელიც ნებისმიერ არასასიამოვნო სუნს ახშობდა.
იბნ სინა ამტკიცებდა, რომ ყავა ადამიანის სხეულს სასიამოვნო სუნს აძლევს და კანს არბილებს. ის, ასევე, წერდა, რომ მოხალული მარცვლების ნაყენი ადამიანს სიმხნევეს მატებს და დადებითად მოქმედებს ინტელექტზე. იბნ სინა პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც გამოიკვლია ყავის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ყავის უნარმა – გააქროს უსიამოვნო სუნი ადამიანის ფორებიდან – იგი მოთხოვნადი გახადა აღმოსავლეთში. ხელის დასაბან სითხეს ამზადებდნენ ყავის ნაყენისგან, რომელსაც უმატებდნენ მიხაკს, შავ კარდამონს, ხილის კანს და დარიჩინს.
სითხე არა მხოლოდ აქრობდა სუნს, არამედ კარგად უმკლავდებოდა ცხიმს და შაქარს.
უკანასკნელ ათწლეულებში ზოგიერთმა კომპანიამ გაიხსენა ყავის ისტორია და კვლავ დაიწყო მისი გამოყენება კოსმეტოლოგიაში.