თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის დედაქალაქში შეხვედრებს აგრძელებს
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქული შეიარაღებული ძალების გაძლიერების ფონდის საავიაციო ელექტრონიკის ინდუსტრიისა და ვაჭრობის გენერალურ სამმართველოს HAVELSAN-ს ეწვია და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ სავაშ იანიკთან და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულების მენეჯერ ემრე ოზბეისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურ ავრცელებს.
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ვიზიტის დროს ასევე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
„საპარლამენტო დელეგაციამ თურქეთის ერთ-ერთი თავდაცვისა და მოწინავე ტექნოლოგიების კომპანია დავათვალიერეთ. ვიზიტის დროს საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ HAVELSAN-ის უახლესი მუშაობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვის პროგრამული უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოება, სიმულაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი.
ჩვენ მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებს გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება, მოდერნიზაცია გაუკეთოს საჯარო სერვისებს და გააუმჯობესოს თავდაცვის სისტემებს შორის თავსებადობა.
კომპანიაში ვიზიტის დროს ასევე, განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ასეთი ვიზიტები არა მხოლოდ აღრმავებს ჩვენს ცნობიერებას ჩვენი პარტნიორების ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ, არამედ კარს გვიხსნის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიზიტის ორგანიზებისთვის თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალექსანდრე კალანდიას მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო დელეგაციაში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები – გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე შედიან.