ქართველი ექიმი, რომლის პრეპარატიც კანისა და ლორწოვანის სიმსივნეებს კურნავს

ექიმ-დერმატოლოგის, შალვა მარდის (მარდახიაშვილი) რეგალიების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია: ევროპა-აზიისა და ამერიკის დერმატოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, კანის ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის, კანის დაავადებების კვლევის ევროპული გაერთიანების, კოსმეტიკური დერმატოლოგიის საერთაშორისო გაერთიანების, დერმატოლოგთა საერთაშორისო გაერთიანების მმართველობის, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლაურეატი; რუსეთის სამხედრო აკადემიის პროფესორი და საპატიო დოქტორი; იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო გაერთიანების საპატიო პროფესორი; კანის კიბოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ ბრძოლის საერთაშორისო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი (WHO-ს ფარგლებში), რომელიც აღიარებულია წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისთვის; მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და დაპატენტებული გამოგონების ავტორი ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრობლემებზე.

შალვა მარდი დაიბადა 1933 წლის 14 მარტს, დასავლეთ საქართველოში, სოფელ ლაილაშში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა ქალაქ ქუთაისში (1953);  შემდეგ, ასევე წარჩინებით მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი (1959); საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ლენინგრადში 1962 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია, კიევში, 1967 წელს.

ამის შემდეგ, როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, სამშობლოში დაბრუნდა და მალე მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილი გახდა, როგორც ონკოლოგიის პროფესორი, ზუსტი დიაგნოზის დამსმელი. სწორედ იმ წლებში დაუახლოვდა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს როზმარი თარონიშვილს, რომელთანაც მალე იქორწინა.

1974 წელს შალვა მარდის ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ძალიან მალე, 1977 წელს მიწვეულ იქნა შვეიცარიაში, სადაც გააფორმა ხელშეკრულება შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან „Solco Basel AG“, დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

შვეიცარიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად დააპატენტა ფარმაცევტული პრეპარატი Mardi-derm კანის სიმსივნის, ხოლო Mardi-gin ლორწოვანი გარსების სამკურნალოდ.

Solco Basel AG-ში მუშაობის დასრულების შემდეგ 1982 წლიდან თანამშრომლობდა შვეიცარიის კვლევით ინსტიტუტებთან, კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან.

დერმატო-ონკოლოგიის დარგში მიღწეული წარმატებული მკურნალობისათვის, საფრანგეთში ჩატარებულ XX მსოფლიო კონგრესზე პროფესორი მარდი მიჩნეულ იქნა საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთ თვალსაჩინო სპეციალისტად დერმატოლოგიაში. მან წარმოადგინა პრეპარატი – მარდების ოჯახური ნაყოფი „MMMM”, რომელიც გარანტირებულად კურნავს კანისა და ლორწოვანის სიმსივნეებს, არატოქსიკურია და არ საჭიროებს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას.

შალვა მარდი იყო ისრაელისა და შვეიცარიის მოქალაქე; 1975 წლიდან –  იერუსალიმის საპატიო მოქალაქე; 1976 წელს გახდა წლის ადამიანი ისრაელში; საქართველოში შეძლებისამებრ ხშირად ჩამოდიოდა; კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი მის სახელს ატარებს.

2003 წლის 22 იანვარს დამტკიცდა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარედ. იგი იყო 2003 წლის 12 მაისს სემკ-ის ეგიდით პირველი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი, რომელზეც მეგობრებმა, კოლეგებმა და ფართო საზოგადოებამ მიულოცა მას 70 წლის იუბილე; ქ.ქუთაისში არის მისი სახელობის მუზეუმი.

შალვა მარდი ავტორია მრავალი აღმოჩენისა მედიცინისა და კოსმეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ის იყო ბრწყინვალე მხატვარი და თვითნასწავლი მოქანდაკე, წერდა მუსიკას. ყველა მისი მიღწევის თანაავტორია მისი მეუღლე, როზმარი და ორი შვილი, ქალ-ვაჟი. სამივე – მეცნიერებათა დოქტორი.

შალვა მარდი გარდაიცვალა 2019 წელს, შვეიცარიაში. მისი ნეშტი მიაბარეს შვეიცარიის ებრაელთა სასაფლაოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები