ოპერაცია „ფინალი“ – როგორ გაიტაცა მოსადმა არგენტინიდან ჰოლოკოსტის შემოქმედი ადოლფ აიხმანი

ოტო ადოლფ აიხმანი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, SS-ის ობერშტურმბანფიურერი, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მილიონობით ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებაში და ფიზიკურ განადგურებაში. 1960 წელს ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, მოსადმა ის არგენტინაში შეიპყრო. დამნაშავედ ცნეს სამხედრო დანაშაულში და 1962 წელს ჩამოახრჩვეს.


ომის ბოლო დღეებში ბევრი ნაცისტი ეძებდა გაქცევის გზებს. ცხადია, მათ უსაფუძვლოდ არ ეშინოდათ. ზოგი შეიპყრეს და ნიურნბერგში გაასამართლეს, მაგრამ ზოგიერთმა გაქცევა მოახერხა. გაქცეულებს შორის მთავარი ძებნილი ადოლფ აიხმანი იყო, ჰოლოკოსტის მთავარი ორგანიზატორი. 1960 წლამდე ის წარმატებულად იმალებოდა, თუმცა ისრაელის დაზვერვის სააგენტომ, მოსადმა მაინც იპოვა. მოსადის მიერ ბრწყინვალედ განხორციელებული ოპერაცია „ფინალი“ აიხმანის გატაცებით, მისი ისრაელში გადაყვანით, გასამართლებითა და სიკვდილით დასჯით დასრულდა.

დღეს ამ საინტერესო ისტორიას გიამბობთ.

გასაკვირი არ არის, რომ აიხმანი ყველაზე ძებნილი ნაცისტი იყო და ის კიდევ უფრო მეტად ეჯავრებოდათ,  ვიდრე „ექიმი სიკვდილი“ იოზეფ მენგელე. „ჰოლოკოსტის არქიტექტორს“ მოსადი მთელ მსოფლიოში ეძებდა, ბოლოს კი, არგენტინაში მიაკვლიეს, სადაც აიხმანი, სხვა სახელითა და გვარით, ჩვეულებრივი ადამიანის შეუმჩნეველი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ევროპისგან შორს მდებარე არგენტინა ათასობით ნაცისტი კრიმინალის გადარჩენის კუნძულად იქცა. ქვეყნის პრეზიდენტი ხუან პერონი ყოველთვის თანაუგრძნობდა ჰიტლერს. გერმანიის დამარცხების შემდეგ მან მწვანე შუქი აუნთო გაქცეულ ნაცისტებს, რომლებსაც არგენტინაში შესვლა უნდოდათ. საბოლოოდ, ნაცისტებმა, ოჯახებთან ერთად, ყალბი პასპორტებით, სამხრეთ ამერიკაში დიდი და გავლენიანი დიასპორა შექმნეს.

სანამ პერონი ხელისუფლებაში იყო, გერმანელები ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდნენ და არგენტინის ჯარშიც კი მსახურობდნენ. თუმცა, ადოლფ აიხმანს ეს არ სჭირდებოდა – მან იმდენი ფული მოიპარა, რამდენიმე ცხოვრების განმავლობაშიც ეყოფოდა. ჰოლოკოსტის ორგანიზატორმა, ყურადღება რომ არ მიექცია, სამსახური მიიღო კომპანია „მერსედესის“ ადგილობრივ ფილიალში და ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ღარიბ უბანში, რიკარდო კლემენტის სახელით, მეუღლესთან და სამ ვაჟთან ერთად  ცხოვრობდა.

ადოლფ აიხმანი მეუღლესთან ერთად

აიხმანს მისი ერთ-ერთი შვილის, კლაუსის მეშვეობით მიაგნეს. ახალგაზრდას ერთი გერმანელი ემიგრანტის, ლოთარ ჰერმანის ქალიშვილი შეუყვარდა, რომელმაც გადაწყვიტა, თაყვანისმცემელი მამისთვის გაეცნო. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით გერმანიიდან იყო, ლოთარს ნაცისტებთან საერთო არაფერი ჰქონდა – ის ებრაელი გახლდათ და ომის დროს მისმა ოჯახმაც მძიმე ცხოვრება გამოიარა.

ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი თავი ღიად წარადგინა და ამაყობდა კიდეც იმით, რომ მამამისი „მასობრივ წმენდაში“ მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ლოთარს მხედველობა არ ჰქონდა, სამი შეხვედრის მერე დანამდვილებით იცოდა, რომ მისი ქალიშვილის მეგობარი ბიჭი ადოლფ აიხმანის ვაჟი იყო.

ლოთარმა წერილი მისწერა გერმანიაში გენერალურ პროკურორს, ფრიც ბაუერს, რომელმაც ინფორმაცია აიხმანის ადგილსამყოფელის შესახებ ისრაელის ხელისუფლებას გადასცა. მოსადიც საქმეს შეუდგა.

ადოლფ აიხმანი შვილთან ერთად

ოპერაცია „ფინალი“

გერმანიიდან გაქცეულმა აიხმანმა ცოლ-შვილი ჯერ ევროპაში დატოვა. შემდეგ, გერმანული წარმოშობის არგენტინელის, რიკარდო კლემენტის საფარქვეშ, ოჯახი ბუენოს-აირესში წაიყვანა. გაქცევის დროს არგენტინაში გატანილი სოლიდური თანხის მიუხედავად, გაქცეულთა ოჯახი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ პატარა, ძველი სახლი ღარიბ უბანში, თავად ადოლფს კი, მანქანაც კი არ გააჩნდა და სამსახურში ავტობუსით დადიოდა.

ოპერაციას, სახელწოდებით – „ფინალი“, პირადად ხელმძღვანელობდა მოსადის დირექტორი ისერ ჰარელი. მისი მომზადება 1959 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 1960 წლის აპრილში დასრულდა. ოპერაციაში სულ 30 ადამიანი იყო ჩართული.

„ფინალისთვის“ არგენტინის დედაქალაქში რამდენიმე სახლი და ორი მანქანა დაიქირავეს. ყველა ვარიანტი იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ყველაზე უსიამოვნოც – თუ პროცესში არგენტინის პოლიცია ჩაერეოდა. აიხმანის მოკვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან ის ზედმეტად ღირებულ ინფორმაციას ფლობდა.

ისერ ჰარელი

ასევე, არ შეიძლებოდა არც მოსადის გამოჩენა, რადგან ამას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა, შესაბამისად, რამე რომ მომხდარიყო, ოპერაციის მონაწილეებს თავად უნდა მიეხედათ საკუთარი თავისთვის.

1960 წლის 11 მაისს აიხმანს სახლთან შვიდი ადამიანი ელოდებოდა. 20:00-ზე ობიექტი ავტობუსიდან ჩამოვიდა და ქუჩის გასწვრივ, თავისი სახლისკენ დაიწყო გადაადგილება. მოსადის ერთ-ერთმა აგენტმა, პიტერ მალკინმა მამაკაცს დაუძახა: „Un momentito, señor!“. როცა აიხმანი გაჩერდა, უცნობმა ის, სწრაფი მოძრაობით, მიწაზე დაანარცხა. ადგილზე მაშინვე მიირბინეს სხვა აგენტებმა,  ხელებსა და ფეხებში ჩაავლეს, მანქანაში ჩატენეს და სქელი ნაჭერი გადააფარეს. მოგვიანებით, „ფინალის“ ერთ-ერთმა მონაწილემ გაიხსენა, რომ ნაცისტს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

აიხმანი არგენტინაში

ოპერაციის მეორე ნაწილი – აიხმანის არგენტინიდან გაყვანა – უფრო რთული იყო, ვიდრე მისი შეპყრობა. შეცდომა არ შეიძლებოდა. არგენტინა, ფაქტობრივად, ღიად უჭერდა მხარს ნაცისტებს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა.

მოსადს აიხმანი „საიდუმლო სახლში“ 9 დღის განმავლობაში საწოლზე ჰყავდა მიჯაჭვული. ხელმძღვანელმა ჰარელმა ნაცისტი პირველად სწორედ იქ დაკითხა. გატაცებულმა არაფერი უარყო და მალევე დაადასტურა კიდეც მისი ნამდვილი ვინაობა.

აიხმანი იძულებული გახდა, დაეწერა წერილი, რომელშიც თავად გამოთქვა სურვილი, წასულიყო ისრაელში და იქ გაესამართლებინათ თავისი სისასტიკისთვის:

მე, ადოლფ აიხმანი, ნებაყოფლობით ვაცხადებ: ახლა, როცა ცნობილი გახდა, ვინ ვარ სინამდვილეში, აზრი არ აქვს სასამართლოსგან თავის დაღწევას. მე ვაცხადებ თანხმობას ისრაელში გამგზავრებაზე და იქაურ კომპეტენტურ სასამართლოში გამოცხადებაზე. რა თქმა უნდა, მე ვიღებ სამართლებრივ დაცვას და, ჩემი მხრივ, არაფრის დამალვის გარეშე მოვყვები გერმანიაში ჩემი სამსახურის ბოლო წლებზე, რათა მომავალმა თაობებმა გაიგონ ამ მოვლენების ნამდვილი სურათი. მე ნებაყოფლობით ვაწერ ხელს ამ განცხადებას. არც არაფერს დამპირდნენ და არც არაფრით დამემუქრნენ. მინდა, საბოლოოდ ვიპოვო სიმშვიდე. იმის გამო, რომ მე აღარ შემიძლია წარსულის დეტალურად გახსენება და ხანდახან მოვლენები მერევა, გთხოვთ, მომაწოდოთ დოკუმენტები და მოიყვანოთ მოწმეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სურათის აღდგენას. ადოლფ აიხმანი. ბუენოს-აირესი, 1960 წლის მაისი.

თვითმფრინავი, რომლითაც „ჰოლოკოსტის არქიტექტორი“ გამოიყვანეს

აიხმანი აეროპორტში პილოტის ფორმაში გამოწყობილი მიიყვანეს, გონზე ნახევრად მყოფი და შეხვეული თავით. მოსადის აგენტებს, რომლებიც მას თან ახლდნენ, მესაზღვრეებისთვის ჰქონდათ ცნობა, რომელშიც ეწერა, რომ მსხვერპლი იყო სამოქალაქო ავიაციის პილოტი რაფაელ არნონი, რომელიც დაჭრილი იყო, მაგრამ ტრანსპორტირებადი.

პასპორტის შემოწმების შემდეგ არგენტინელებმა „დაჭრილი“ მამაკაცი და თანმხლები პირები თვითმფრინავში შეუშვეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სანამ აიხმანი აგენტებთან ერთად „საიდუმლო სახლში“ იმყოფებოდა, 300 ნაცისტი, პოლიციასთან ერთად, მთელ ბუენოს-აირესს ჩხრეკდა. მათ ეშინოდათ, რადგან თუ ვინმე აიხმანს შეიპყრობდა, მაშინ ვერცერთი მათგანი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.

მალე ისრაელის ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ აიხმანი სასამართლოში გამოცხადდა. მათ ბოდიში მოუხადეს არგენტინის მთავრობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე თვითნებობისთვის. სასამართლო პროცესი აპრილში დაიწყო და 1961 წლის დეკემბერში დასრულდა. პროცესზე აიხმანის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის ასობით ცოცხალი მოწმე საუბრობდა და განაჩენიც სამართლიანი იყო – სიკვდილით დასჯა.

ადოლფ აიხმანი ქალაქ რამლას ციხეში 1962 წლის 1-ელ ივნისის ღამეს ჩამოახრჩვეს. მისი ცხედარი მაშინვე დაწვეს. ისრაელის მიწაზე მილიონობით ებრაელის მკვლელის დასამარხი ადგილი არ იყო, ამიტომ სიკვდილით დასჯილის ფერფლი ხმელთაშუა ზღვაზე, ნეიტრალურ წყლებში მიმოფანტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები