როგორ დაიწყო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია
დღესდღეობით, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს სილამაზისა და მოდის გამო ატარებენ, მაგრამ ასეთი მიდგომა ძალიან გაუკვირდებოდათ, მაგალითად, ძველ სპარსელებს, რომლებიც ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ლუდოვიკო XIV განრისხდებოდა, ვინაიდან წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მხოლოდ მისთვის იყო ნებადართული. საინტერესოა, საერთოდ, რატომ გაუჩნდა ადამიანს აზრი, გაეკეთებინა ასეთი ფეხსაცმელი, სრულიად არამდგრად ძირზე და რატომ შენარჩუნდა ეს მოდა წლების მანძილზე?
ქუსლები, როგორც აუცილებლობა
ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია მრავალ წელს ითვლის, მაგრამ წარსულში მათ სავსებით პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ. მეცნიერები თვლიან, რომ პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ხალხი ტომებში ცხოვრობდა, დაკავებული იყო ნადირობით, შემგროვებლობით და პრიმიტიული მიწათმოქმედებით. ქუსლი ეხმარებოდა ადამიანებს, ფეხი უფრო მაღლა ჰქონოდათ და თავი აერიდებინათ ტალახისთვის ან დატბორილი ადგილისთვის ტყეში.
ძველ სპარსეთში ქუსლიანი ფეხსაცმელი სამხედროების პრეროგატივა იყო. სპარსელები ფეხსაცმლის ამ ნაწილით ცხენის უზანგებს ეჭიდებოდნენ, რაც ცხენზე ჯდომისას უფრო მეტ სიმყარეს იძლეოდა.
ევროპაში ქუსლიანი ფეხსაცმლის მოდა, დაახლოებით, შუა საუკუნეებში შემოვიდა. ქალაქებში, სადაც ქუჩებზე წყალი მოედინებოდა და თხრილებით იყო სავსე, ეს გამოგონება ძალიან ადგებოდათ.
ასეთივე ხრიკს მიმართეს იაპონელებმა. ხის სანდლებს ორი ფიცარი გაუკეთეს.
მისი უდიდებულესობა ქუსლი: როკერები, ბიტნიკები და კოვბოები
მე-17 საუკუნეში მეფე ლუის კარზეც კი შემოიღეს წესი, რომ ფართო ქუსლები მამაკაცებისთვის იყო, ხოლო თხელი ქუსლები ქალებისთვის. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, თუმცა არის გამონაკლისებიც. სხვადასხვა დროს ფეხსაცმლის ამ ნაწილის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული გახლდათ. 1770-იან წლებში იგი ვულგარულად ითვლებოდა და სექსმუშაკების ბრჭყვიალა კოსმეტიკას უტოლდებოდა. მოდიდან გადავიდა მამაკაცის ქუსლებიც – საფრანგეთში მათი ბედი რევოლუციამ გადაწყვიტა.
იმის გათვალისწინებით, რომ პარიზი ყოველთვის მოდური ტენდენციების სათავეში იდგა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისადმი ინტერესი მთელ ევროპაში შემცირდა.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკელ კოვბოებს გაახსენდათ სპარსული საცხენოსნო ჩექმები. მათი ფეხსაცმელი კლასიკად იქცა და თავის სახელს დღემდე ინარჩუნებს. დროთა განმავლობაში, ძირითადად, ქალებმა დაიწყეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. ქუსლიანი ფეხსაცმელი ფლამენკოს მოცეკვავეების კოსტიუმის ნაწილი იყო. მოგვიანებით, ისინი ჩაიცვეს ჯაზმენებმა, როკერებმა და სხვებმა. ბითლზმაც ბევრი რამ გააკეთა ქუსლების პოპულარიზაციისთვის.