ირაკლი მელაშვილი: 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” გამოკვეთილი ფავორიტია იმ გაუგებრობების გამო, რაშიც ოპოზიციაა

“2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” გამოკვეთილი ფავორიტია იმ გაუგებრობების გამო, რაშიც ოპოზიციაა. ოპოზიციის ამოცანაა მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულ უმრავლესობას არ მიაღწიოს, გამარჯვებაზე არც ერთი არ ფიქრობს, თუმცა ისიც სათუოა, მოახერხებს თუ არა 50 მანდატის მოპოვებას – ერთ ფლანგზეა განლაგებული ერთი და იმავე იდეოლოგიის რამდენიმე პარტია და ერთმანეთისთვის ელექტორატის წართმევით არიან დაკავებული”,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი მელაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტის თქმით, არჩევნების დღეს გაყალბების მოლოდინი არ აქვს.

“ბოლო დროს შექმნილი ოპოზიციური ჯგუფები მმართველ პარტიას კი არა, “ნაცმოძრაობას” ართმევენ ხმებს. ერთადერთი პარტია, რომელიც სერიოზულად მუშაობს და პრობლემებს უქმნის “ქართულ ოცნებას”, გახარიას პარტიაა. დანარჩენები “ნაცმოძრაობის” ველზე ბალახობენ. გახარია ცდილობს მიიმხროს ის ამომრჩეველი, რომელიც არც “ოცნების” მხარესაა და არც “ნაცმოძრაობის”. შესაბამისად, გახარია ცდილობს დააფიქსიროს პოზიცია, რომ არც ერთის მხარესაა და არც მეორის. არჩევნების შემდეგ კი, როდესაც მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება, გახარია იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ გადანაწილდება ხმები პარლამენტში. ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილს 5%-იანი ბარიერის გადასალახავად რესურსი არა აქვთ. ამომრჩეველი კი ყოველთვის ცდილობს იმ პარტიას დაუჭიროს მხარი, რომელიც მის ხმას არ დაკარგავს. “ლელოს” დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ისეთი რიტორიკა, რაც “ნაციონალებთან” დაახლოებულად წარმოაჩენდა. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ შეძლო დამოუკიდებელი ნიშის დაკავება, ახლა ცდილობს, მაგრამ არ ვიცი, მოასწრებს ან მოახერხებს? “ლელოს” სერიოზული პრობლემები აქვს პოლიტიკურ მენეჯმენტში, იმიტომ, რომ ამ პარტიაში ფულის გამო უფრო მიდიოდნენ, ვიდრე იდეოლოგიის. მელია და გვარამია ერთად თუ ცალ-ცალკე, ისევე როგორც ხოშტარია და ზურა “გირჩი” ჯაფარიძე, თავიანთი წარსულიდან გამომდინარე ყველა შემთხვევაში “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველზე იქნებიან ორიენტირებული. ეს ხალხი დღეს მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობის გამო არ არის “ნაცმოძრაობაში”. მათ მხარს დაუჭერს ელექტორატი, რომელსაც მოსწონს “ნაცმოძრაობის” იდეოლოგია, მაგრამ არ მოსწონს ხაბეიშვილი და კეზერაშვილი. მათ ძირითადად, ის ხალხი დაუჭერს მხარს, ვინც ადრე “ნაციონალების” ამომრჩეველი იყო. “ევროპული საქართველო” არა მარტო აკრიტიკებს “ნაციონალებს”, ბევრი სხვა პარტიისგან განსხვავებით, თავის პლატფორმის შექმნას ცდილობს. თუმცა საზოგადოებას უჭირს ყოფილი “ნაციონალებისგან” კრიტიკის მოსმენა, იმიტომ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს იმავე პრობლემებზე ხმას არ იღებდნენ. შესაბამისად, “ევროპულ საქართველოს” უჭირს იმის დამტკიცება, რომ სააკაშვილი ადრე კარგი იყო და ახლა გახდა ცუდი. ამას გარდა, მათ არც კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ტელევიზიები, არც სახელისუფლებო მედია აშუქებს და საზოგადოებამდე საკუთარი აზრის მიტანაც უჭირთ. ძალზე უაზრო ცნებად მიმაჩნია “დამოუკიდებელი დეპუტატი”. ნეტავ რისგან არის დამოუკიდებელი? ყველა ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერი დეპუტატი რაღაც პლატფორმას წარმოადგენს. დეპუტატი, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება სურს, ახალი საარჩევნო (პროპორციული) სისტემიდან გამომდინარე, შეეცდება საკუთარი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი რომელიმე პარტიას შესთავაზოს. მე არ ვიცნობ დამოუკიდებელ დეპუტატს, რომელსაც ქვეყანაში სერიოზული გავლენა ჰქონდეს და ძალიან სჭირდებოდეს რომელიმე პარტიას. საქართველოში ავტორიტეტული ლიდერების დეფიციტია… რაღაც იცვლება მაშინ, როცა ოპოზიცია უკეთესის იმედს აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პერმანენტულად უშვებს შეცდომებს, ოპოზიცია საზოგადოებაში ვერ ქმნის განწყობას, რომ ცვლილების შემთხვევაში ქვეყანა უბედურებაში არ გაეხვევა.

“ნაცმოძრაობა” გვეუბნება, რომ სააკაშვილს დააბრუნებს ხელისუფლებაში. “ნაციონალები” ამბობენ, საზოგადოების 60% “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგიაო, მაგრამ იქნებ ისიც კარგად დათვალონ, რამდენია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების მომხრე?! სანამ საზოგადოების თავზე სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით კიდია, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენის დიდი შანსი აქვს… სააკაშვილის შეწყალება ნიშნავს აბსოლუტურ პოლარიზაციას, ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწევს ბრძოლის ველიდან გასვლა, სახლებში არ წავლენ, მაგრამ ხმებს ვერ მიიღებენ. ერთმანეთის პირისპირ ისევ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” დარჩება და “ოცნება” ისევ ორით ერთს მოიგებს. ზურაბიშვილს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს დღეს სააკაშვილის ციხიდან გამოშვება. სხვათა შორის, ეს სააკაშვილის შვილმაც კარგად დაინახა, მან თქვა, მამაჩემი უნდა გავიდეს პოლიტიკიდანო, მაგრამ ეს არ აწყობთ “ნაციონალებს”. საკმარისია სააკაშვილი მოაშორო “ნაცმოძრაობას” და პარტია მაშინვე განულდება თავისი ხაბეიშვილიანად. ამიტომაც არიან ჩამოკიდებულები ამ ერთ კაცზე. სააკაშვილის გარდა, თემა არა აქვთ. მმართველი პარტია, წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო ბერკეტებს იყენებს და ზოგან წყალი გაჰყავს, ზოგან გზა და ა.შ. – “ოცნების” მთავარი იარაღი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. არჩევნების დღეს გაყალბების მოლოდინი არ მაქვს. ახალი საარჩევნო სისტემა მთლიანად არ ხურავს გაყალბების შესაძლებლობას, მაგრამ დიდწილად ამცირებს. “ნაციონალები” და სხვა ოპოზიციური პარტიები ასე ვერ გააკეთებენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ თავიანთი სათქმელი სწორად მიიტანონ საზოგადოებამდე. როდესაც “ნაციონალები” ისევ სააკაშვილის საკითხით აპირებენ თემის აწევას, ეს ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ! ბოლო დროს წამოწეული სოციალური თემები არადამაჯერებელია. ხაბეიშვილი თურქეთში დარბის იმის საჩვენებლად, რომ წამლები და პროდუქტი იქ გაცილებით იაფია. ხალხმა მასზე უკეთ იცის ეს. ხაბეიშვილმა ის უნდა გვითხრას, როგორ აპირებს კორუფციასთან ბრძოლას. რაც შეეხება პენსიების გაზრდას – ტყუილია, რომ ამბობენ, კორუფციის შემცირების ხარჯზე გავზრდით პენსიებსო. საქართველოში კორუფცია არის, მაგრამ არა იმ ხარისხის, რომ მისმა აღმოფხვრამ პენსია ოთხჯერ გაზარდოს.

სალომე ზურაბიშვილი არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებს “ქართულ ოცნებას” საჩუქარს პრეზიდენტის პოსტის დატოვებით და ოპოზიციაში წასვლით. არანაირ პარტიას ან გაერთიანებას არ ჩაუდგება სათავეში. მან მშვენივრად იცის, რომ დიდი ლოკომოტივი ვერ გახდება პარლამენტში ვინმეს შეყვანით. საამისოდ არა აქვს არც ფინანსური რესურსი და არც ადამიანური. მან შეიძლება მხარი დაუჭიროს ისეთი ძალების გაერთიანებას, რომლებიც არც “ნაცები”არიან და არც “ქოცები”,- განაცხადა მელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები