8 მარტი – როგორ დაიწყო „ქალთა დღის“ ისტორია?
რატომ გადაწყდა ამ დღის აღნიშვნა და რატომ მაინც და მაინც 8 მარტს? რა არის ეს – დღესასწაული თუ პროტესტი?
როგორ დაიწყო ყველაფერი?
8 მარტი შრომითი მოძრაობიდან წარმოიშვა და მას ამერიკული ფესვები აქვს.
1910 წლის აგვისტოს ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი კლარა ცეტკინი კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდე იდეით, დაეწესებინათ ქალთა უფლებებისა და ემანსიპაციისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღე. 17 ქვეყნის, დაახლოებით, 100-მა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი იდეას.
1911 წელს ის პირველად აღნიშნეს გერმანიაში, ავსტრიასა და უნგრეთში, დანიასა და შვეიცარიაში.
რატომ 8 მარტი?
დემონსტრაცია ნიუ-იორკში, რითაც ყველაფერი დაიწყო, 28 თებერვალს ჩატარდა. კლარა ცეტკინმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა. ქალთა დღე პირველად გერმანიაში 19 მარტს აღნიშნეს. შემდეგ ქალთა დღე სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნებოდა 2, 9 ან 12 მარტს, ასევე 2 და 12 მაისს.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა, მთელი ევროპის მასშტაბით, მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა 1913 წლის 8 მარტს. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი გახდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით ორგანიზებული დემონსტრაცია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკმა, ალექსანდრა კოლონტაიმ დაითანხმა ლენინი, რომ ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გამხდარიყო, თუმცა ის სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა უდიდესი დამსახურების გამო კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვისას ფრონტსა და ზურგში, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“.
1975 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა 8 მარტი, როგორც დღე, რათა აღენიშნათ ქალების მიღწევები ცხოვრების ყველა სფეროში და პროტესტი უთანასწორობის ნარჩენების წინააღმდეგ. 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა. თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ეს თარიღი ისევ გახდა პოპულარული. 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და, ამასთან დაკავშირებით, გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის დაფინანსების ნებართვა გასცა.