ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე 20 წელია ჩვენ ევროპისაკენ მივისწრაფვით
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული უკვე 20 წელია ჩვენ ევროპისაკენ მივისწრაფვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანგულ ტელეარხ “ფრანს 24”-თან ინტერვიუში განაცხადა. ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა რამდენიმე თვის წინ, ვილნიუსში განხორციელებულ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას.
“ჩვენი ქვეყნისათვის ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ისტორიულად ჩვენ ევროპა ავირჩიეთ, და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული უკვე 20 წელია ევროპისაკენ მივისწრაფვით. როგორც გითხარით, ჩვენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოვახდინეთ და, ალბათ, აგვისტოში ან სექტემბერში უკვე ხელსაც მოვაწერთ ხელშეკრულებას, ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამჟამად. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება ევროკავშირთან ასოცირებას. რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 85℅ ეთანხმება ამ ასოცირებას”,-განაცხადა პრემიერმა “ფრანს 24”-თან ინტერვიუში.