ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მოქანდაკის, ჯემალ ჯაფარიძის, გარდაცვალების გამო.
მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე 1932 წელს დაიბადა თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევრები – „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ მან მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით შექმნა. მეფის ქანდაკება იმ პერიოდის საბჭოთა ცენზურისთვის მიუღებელი იყო (მეფეთა სკულპტურების დადგმა დედაქალაქში ოდნავ მოგვიანებით დაიწყო), ამიტომ სკულპტურის ესკიზი სადიპლომო ნამუშევრისთვის არ დაამტკიცეს, ვახტანგ ჭაბუკიანის ქანდაკება კი ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში დადგეს, რაც ახალგაზრდა შემოქმედის უდავო აღიარება და პირველი დიდი წარმატება იყო.
1960 წლიდან მოყოლებული, ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრები ხშირად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა გამოფენაზე საქართველოში და საზღვარგარეთ.
მოქანდაკე ქმნიდა მონუმენტური, საპარკო და პორტრეტული ქანდაკების ნიმუშებს ქვის, ლითონისა და ხის მასალით.
მოქანდაკის შემოქმედების მთავარი თემაა მებრძოლი ქალი, განხორციელებული თამარ მეფის, მედეას, ამორძალებისა და მშვილდოსნების გამოსახულებებში. ქალთა ლირიკული სახეები ჯემალ ჯაფარიძემ გამოაქანდაკა თანამედროვე ქალთა პორტრეტებში. მის ნამუშევრებში ჭარბობს დედაშვილობისა და ოჯახის მოტივები.
2022 წლის ზაფხულში საქართველოს ეროვნულმა გალერეამ ჯემალ ჯაფარიძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი პატივს მიაგებს ჯემალ ჯაფარიძის ხსოვნას, უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები