ვახტანგ ძაბირაძე: მგონი, “ნაცმოძრაობას” აწყობს, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს

“მგონი, მათაც (“ნაცმოძრაობას”) სააკაშვილი ციხეში აწყობთ, გულში მჯიღის ცემით რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ. მაგრამ “ნაცმოძრაობისთვის” და განსაკუთრებით ხაბეიშვილის ფრთისთვის პიარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად სალაპარაკო ჰქონდეთ და ამასთან, მოუწოდონ ამომრჩეველს, ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ერთ მუშტად შევიკრათო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ძაბირაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

“ევროპარლამენტარები ძალიან ცუდად იცნობენ ვითარებას საქართველოში და როგორც ჩანს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც, როცა უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. მაშინ სააკაშვილმა და მთელმა “ნაცმოძრაობამ” ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ სხვაგვარად მიაწოდეს დასავლეთს. მუდამ იმაზე იყო ლაპარაკი, თუ რა წარმატებული რეფორმები მიდიოდა საქართველოში. 2007 წელს მე “სოლიდარობის” მიწვევით ვიყავი ვარშავის უნივერსიტეტში კონფერენციაზე და საკმაოდ რთულმა საუბარმა მომიწია, რომ მათთვის ამეხსნა, რა ხდებოდა თბილისში. როდესაც ირაკლი ბათიაშვილი იყო დაპატიმრებული, ვცდილობდით შეგვეგროვებინა ხელმოწერები და ზოგიერთმა ჩვენმა უკრაინელმა მეგობარმა ხელმოწერაზე უარი თქვა, უმეტესობამ კი მოაწერა. მიზეზი კი ის იყო, ამბობდნენ, საქართველოში კარგი რეფორმები მიდის და პრობლემები არ იქნებაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ნდობა აქვთ და ვუხსნიდი, რეალურად აქ რა ხდებოდა, მაინც ვერ დაიჯერეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ იქიდან ცოტა სხვაგვარად ჩანს აქ მიმდინარე პროცესები.

ისინი ზოგადად აფასებდნენ სიტუაციას, და ზოგადი სიტუაცია კი ის იყო, რომ ქვეყანას მანამდე არ ჰქონდა ბიუჯეტი და გაუჩნდა, გატარდა პოლიციის რეფორმა და ქუჩაში ქრთამს აღარ იღებდნენ, რაც კარგია, მაგრამ მერე ამან რეპრესიული ხასიათი რომ მიიღო, ამას ვეღარ ხედავდნენ. ამას ემატება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს, რბილად რომ ვთქვათ, არც რუსეთის განაწყენება უნდა და არც დასავლეთის. ამ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში კი ეს პოლიტიკა მათთვის მთლად მისაღები არ არის და ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მმართველობა ჯობდა. მათი ამ დამოკიდებულების გაგრძელება მგონია ახლანდელი ხელმოწერების შეგროვებაც, თორემ როგორ უნდა შეადარო სააკაშვილი ნავალნის, წარმოუდგენელია… სააკაშვილის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული “ქართულ ოცნებაზე” – თუ დასჭირდება, გაათავისუფლებს და თუ არ დასჭირდება, იქნება იქ, სადაც არის. ვფიქრობ, ჯერჯერობით ციხეში დატოვებენ. უფრო სწორად, იქ, სადაც არის, და რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეაგროვონ ევროპარლამენტარებმა, მას არ უშველის.

საპროტესტო აქცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხომ ზღაპარია და, რა თქმა უნდა, უკვე მოხსნილი თემაა. ამიტომ “ქართულ ოცნებას” აქვს კარტ-ბლანში. ჯერ ის სჭირდებათ ზუსტად იქ, სადაც არის, რომ იქიდან იაქტიუროს და “ოცნებამ” ისევ გამოიყენოს “მგელი მოდის” ძახილისთვის. ჩემი აზრით, თუკი სააკაშვილს ქვეყნისთვის რამე კარგი უნდა, უნდა თქვას, რომ პოლიტიკას თავს ანებებს და იყოს ჩუმად. ამან ყველაზე დიდი ეფექტი შეიძლება მოუტანოს ოპოზიციას და ქვეყანასაც, რადგან “ქართული ოცნება” მას პროპაგანდისთვის ვეღარ გამოიყენებს. მაგრამ სააკაშვილის ხასიათიდან და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ის ამაზე არ წავა, პირიქით, იაქტიურებს და “ქართული ოცნება” მუდმივად შეეცდება იძახოს, დესტრუქცია უნდათ, ოპოზიცია რევოლუციას ამზადებსო და ა.შ.

სალომე ზურაბიშვილმა რომ შეიწყალოს არა მგონია – ეს იქნება მისი სრული პოლიტიკური კრახი. რაც მან ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, ამ შეწყალებით უკლებლივ დაკარგავს და აღარავის დასჭირდება არც აქ და არც გარეთ. სააკაშვილს ალბათ უფრო არჩევნების შემდეგ გამოუშვებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პროცესები გართულდება – ანუ თუ არჩევნების ლეგიტიმაცია შეიქნება სათუო, დაიწყება საპროტესტო აქციები და ამ დროს სააკაშვილი თუ იტყვის, არა, არჩევნები ლეგიტიმური იყოო, შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ თბილისში არ დატოვებენ, საზღვარგარეთ გაუშვებენ. პრინციპში, რომც გაათავისუფლონ, არც არაფერი იქნება. ორ-სამ კვირაში მისი მოქმედებები შესაძლოა სასაცილოდ იქცეს მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ “ოცნება” ამას არ გააკეთებს, ჯერჯერობით მაინც.

რაც შეეხება კითხვას – “თავად “ნაცმოძრაობას” ის სად აწყობს?” – “მგონი, მათაც ციხეში აწყობთ, გულში მჯიღის ცემით რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ. მაგრამ “ნაცმოძრაობისთვის” და განსაკუთრებით ხაბეიშვილის ფრთისთვის პიარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად სალაპარაკო ჰქონდეთ და ამასთან, მოუწოდონ ამომრჩეველს, ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ერთ მუშტად შევიკრათო. გარდა ამისა, გათავისუფლებულმა სააკაშვილმა შესაძლოა გარეთ ვეღარაფერი გააკეთოს, მაგრამ პარტიაში დაიწყებს უფროსობას და “ნაცმოძრაობაში” ეს ვის უნდა? სააკაშვილი სჭირდებათ როგორც ბელადი, რომელიც სადღაც არის, და მისი სახელით აქ იბრძვიან ხაბეიშვილი, კეზერაშვილი და მთელი მათი “კამანდა”,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები