„ეს ლამაზი არტეფაქტი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდა ზუგდიდის სასახლეს“…

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის უნიკალური ნივთის აღდგენის შესახებ წერს ფეისბუქის გვერდზე გიორგი კალანდია.
„თქვენ წინაშეა სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე – დადიანის უნიკალური ნივთი: მისი პირადი ნესესერი და დედოფლისეული სავარცხლები.
ეს ნესესერი 1 წლის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლიდან უმძიმეს მდგომარეობაში წამოვიღე, თითქმის მთლიანად გაძარცული, დანესტიანებული, დეტალებდაკარგული… ნესესერის ტყავის ზედაპირს და ლითონის საჭიდურებს აქა იქ მკრთალად ეტყობოდა დაკარგული ორნამენტების კონტურები, საბედნიეროდ, ეს ორნამენტები და დამღები შემორჩენილი იყო ნესესერის შიგნით დაცულ სავარცხლებზეც.
ჰოდა ამ ისტორიული ნივთების და შემორჩენილი კონტურების წყალობით, ჩვენმა რესტავრატორმა და იუველირმა გიორგი ეთერიამ წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატა. ვერცხლისაგან დაამზადა სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე დადიანის ისეთივე ინიციალი, როგორიც ნესესერში შესანახად განკუთვნილ ნივთებზე იყო (ერთი სავარცხელი პრინცესა სალომე დადიანი-მიურატის კუთვნილება ყოფილა).
ჰოდა, ეს ლამაზი არტეფაქტი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდა ზუგდიდის სასახლეს. დიდი მადლობა ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორს დავით ოყუჯავას და ამავე მუზეუმის ეთნოგრაფიის ფონდის მცველს ლალი ჭითანავას, სწორედ მათი ძალისხმევით, სურვილითა და მონდომებით დავიწყეთ ამერიკის შეერთებული შტატების გრანტის ფარგლებში ძვირფასი ისტორიული რელიკვიების რესტავრაცია და გადარჩენა. დიდი მადლობა ჩვენს ჯადოქარ რესტავრატორებს – ნათია ლომიას, ლიკა ახალაძეს, როზი კასრაძეს და ირაკლი ზამბახიძეს.
პროექტი კულტურის სამინისტროს პატრონაჟით და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გრძელდება, ასე რომ კვლავ საინტერესო სიურპრიზები გელით“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები