„დამესიზმრა პატარა მდინარე, რომელსაც ნაფოტები მოჰქონდა და ზედ სონეტები ეწერა. ბოლო სონეტი 1001-ე იყო“…

დაიბადა სამტრედიაში. დაამთავრა არაყიშვილის პირველი სამუსიკო სასწავლებლიფორტეპიანოს კლასი. მაიკოპის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალიზაციით.
ხანგრძლივ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სამტრედიის პირველ საშუალო და მეორე სამუსიკო სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის და ფორტეპიანოს კლასის მასწავლებლად. გარკვეული ხანგრძლივი დროით, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც პედაგოგიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა ათი საბავშვო კრებული სოფოს ბებოს სერიით, ორი კრებულითედოს ნაამბობი, ორი პოეტური კრებული: სიყვარულის აპოგეა და სიყვარულის ვირუსი“. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც.
გამოცემული აქვს 13 საბავშვო და ორი ლირიკული კრებული; ავტორია წიგნად გამოცემული 1001 სონეტისა. აგრძელებს სამწერლო საქმიანობას. – მანანა ტონიას პერსონა.

  დაიბადეთ სამტრედიაში. რას გაიხსენებთ ბავშვობიდან?
– ბავშვობა ხომ უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში და მე ვთვლი, რომ, ასაკის და მიუხედავად, ის არასოდეს მიდის ჩვენგან. რჩება ფრაგმენტები. ჩემში ბავშვობა უდარდელ ლაღ და ბედნიერ ხანად ასოცირდება.
ბავშვობიდან უამრავი რამ მაქვს გასახსენებელი: ჩემი მშობლები, ბებიები და ბაბუები, მამიდები, მამიდაშვილები, რომლებიც მთელ ზაფხულს ჩვენთან ატარებდნენ.
ყველაზე მეტად ის დღე მახსოვს, დედას რომ ულამაზესი ქოლგა გაუტყდა, მაგრამ ბებომ არ გადააგდებინა. მერე ბებომ და მამიდამ, იმ ქოლგის ნაჭრიდან კაბა შემიკერეს. ჩასაცმელი უამრავი მქონდა, მაგრამ ის კაბა გამორჩეულად მიყვარდა. ფოტოც მაქვს გადაღებული ჩემს ბაღელ მეგობარ სოსოსთან.
არაყიშვილის პირველი სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს კლასი 1980 წელს დაამთავრეთ. რატომ მუსიკა?
– ძალიან მერიდება ამისი თქმა, მაგრამ აბსოლუტური მუსიკალური სმენა მიბოძა უფალმა. ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა. სკოლაშიც კი არ დავდიოდი, რომ ჩემი სმენით აწყობილი (არავის უსწავლებია) 32 სიმღერა მცოდნია.
ერთ მშვენიერ დღეს ბებიკოს დაუთვლია ჩუმად და მეზობლებს უყვებოდა: ჩემმა მანანამ 32 სიმღერა ააწყო პიანიონოზეო.ჰოდა, მეც შემიყვანეს სამუსიკო სკოლაში. მერე კი სწავლა განვაგრძე არაყიშვილის პირველ სამუსიკო სასწავლებელში. მართალია არ ვარ უკვე პრაქტიკოსი მუსიკის მასწავლებელი, მაგრამ რაც მომესურვება, ვუკრავ და საუკეთესო მსმენელი ვარ. უსაზღვროდ მიყვარს: ბახი, ბეთჰოვენი, შოპენი, მოცარტი, ლისტი და გერშვინი.
პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალიზაციით დაამთავრეთ
– სტუდენტობის ხანა მართლაც რომ შეუდარებელი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, როცა შენში ენერგია მოჩქეფს და არანაირ დაბრკოლებას არ უშინდები. როცა ვეება ფრთები გასხია და ერთი შეძახება გინდა, რომ „ფრიი“ და ცაში აფრინდე.
საქართველოში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ისეთი კორუფცია იყო, რომ… ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რაიმე თანხა გადაეხადათ. ამიტომ რადგან რუსული კარგად ვიცოდი ბავშვობიდან, ერთი წელი მოვემზადე რუსულ ენაში და რუსეთში მაიკოპის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე, რომელიც გადაკეთდა და ამჟამად არის მაიკოპის სახელმწიფო უნივერსიტეტი “МГУ”. იქ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ლექტორები მყავდა, მაგრამ უსაზღვროდ უყვარდათ ქართველები. ადიღეელები, ქართველებს მონათესავე ერად გვთვლიდნენ და ძალიან პატივს გვცემდნენ.
ბევრი სასიამოვნო და ზოგიც სასაცილო მოგონება მაქვს გამოყოლილი იქიდან.
ერთს მოგიყვებით:
ლიტერატურაში გვყავდა ძალიან მომთხოვნი და „კაპრიზნი“ ქალბატონი, რომელმაც ჩათვლისთვის დაგვავალა შექსპირის 10 სონეტის დასწავლა ზეპირად და მისი მხატვრულად დეკლამირება.
შექსპირი ძალიან მიყვარდა, ინგლისურად და ქართულად, ორ ენაზე მქონდა შექსპირის სონეტები. ჩემი სამაგიდო წიგნი იყო და უამრავი სონეტი ვიცოდი ქართულ ენაზე. ერთ დღეში 10 სონეტის დასწავლა ხომ არარეალური იყო?
ვისწავლე ორი სონეტი და გავედი ჩათვლაზე. მე ვიფიქრე, იქნებ ორი სონეტის მეტი არც მომაყოლოს-მეთქი. მაგრამ, რომ დავამთავრე მგონია, აბა, კიდევ მომიყევი მანანა პეტროვნაო, მეუბნება ქალბატონი შხაპადცევა.
რა ვქნა ახლა? მე ვუთხარი : – რუსულად მეტი სონეტის სწავლა ვერ მოვასწარი, ქართულად კი უამრავი სონეტი ვიცი- მეთქი.
– უჰ, მთლად კარგი, ქართულად მოგვიყევი, ჩვენ მოვუსმენთ, თუ ჟღერს ლამაზადო.
აუდიტორიაში ბუზის გაფრენას გაიგონებდი… დავიწყე თხრობა ათრთოლებული ხმით:

სონეტი 89
რადგან დამტოვე, სთქვი, ჰქონდა-თქო დანაშაული
და მეც ვიცრუებ, რომ დავკარგე ტრფობის უნარი,
სთქვი, კოჭლია-თქო და კოჭლობით ქუჩას ჩავუვლი,
რომ ყველასათვის დარჩე მარად გაუმტყუნარი,
ძვირფასო, შენი ორგულობის გასამართლებლად
მევე მომანდე შეგინება ჩემივ კაცობის,
გაგეცლები და ტრფობაც გულში დასამარდება,
სატრფო კი არა, არ გერქმევა ჩემი ნაცნობიც;
არ წამოცდება ბაგეს ჩემსას შენი სახელი,
გადვიკარგები და სიცოცხლეს შხამით ამივსებ,
ვეღარასოდეს ვერ მიხვდება ჩვენი მნახველი,
შენი არსება რომ ოდესღაც გავითავისე.
ჩემივე მიმართ სული ჩემი ზიზღით ივსება,
ვინც შენ შეგძულდა, ჩემს სიყვარულს ვერ ეღირსება.

(რეზო თაბუკაშვილის თარგმანი).

ტაშით დაინგრა აუდიტორია.
ლექტორი მეუბნება: მე არ მეგონა, თუ ასე ლამაზი ენა გქონდათ ქართველებსო. თითის სიმსხო ცრემლები ვღვარე სიამაყით. უმაღლესი შეფასება დამიწერა და ძალიან მთხოვა, რომ ის ორენოვანი წიგნი მეჩუქებინა მისთვის. გამიჭირდა, მაგრამ გავიმეტე და ვაჩუქე…
 ხანგრძლივ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდით სამტრედიის პირველ საშუალო და მეორე სამუსიკო სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის და ფორტეპიანოს კლასის მასწავლებლად. შემდეგ ოჯახთან ერთად იმყოფებოდით მოსკოვში, სადაც პედაგოგიური მოღვაწეობა არ შეგიწყვეტიათ
–  ორ სხვადასხვა პროფესიას ერთმანეთს ვუთავსებდი. ორივე ძალიან საპასუხისმგებლო იყო, მაგრამ ვართმევდი თავს. მოსკოვში ჩვენი ბიზნესი გვქონდა, ძირითადად და ნაწილობრივ ვიყავი დაკავებული პედაგოგიური საქმიანობით. ბევრი, ძალიან ბევრი რამ მასწავლა ბავშვებთან მუშაობამ. პედაგოგიკა ხომ ინდივიდუალური პრაქტიკაა და ჩარჩოებს ვერ დაუწესებ. რაღაც ახალი მიდგომები არის, თანამედროვე მიდგომები, რომელსაც ფეხს ვუწყობ, რადგან ეს აუცილებელია, მაგრამ პედაგოგიკის მიზანი რჩება ერთი – აღვზარდოთ ზრდილობიანი და განსწავლული პიროვნება, ჩვენს საზოგადოებას რომ მოერგოს და თავისი ადგილი იპოვოს.
როდის დაიწყეთ წერა? პირველი ნაწარმოებები
– წერა დავიწყე მას შემდეგ, რაც ემიგრაციიდან დავბრუნდით. ეტყობა, ჩემში იყო ეს ვერრეალიზებული ჩემი განათლება, სიყვარული, სითბო და აქ ჩამოსვლის შემდეგ ამოხეთქა, როდესაც ჩემი პირველი შვილიშვილი, პაწაწინა სოფიო გაგვიჩნდა. ამ ვითარებამ ამაღებინა კალამი და და ამახმიანა. პირველი ნაწარმოები იყო ლექსი, თუ როგორ დადო კვერცხი ქათამმა…
თავიდან საბავშვო ნაწარმოებები გამოეცითათი საბავშვო კრებულისოფოს ბებოსერიით, ორი კრებული – „თედოს ნაამბობი“… რა იყო შთაგონების წყარო?
– ამ კრებულების შთაგონების წყარო ჩემი შვილიშვილები და, ზოგადად, ბავშვების სიყვარულია. მინდა, რომ ისინი აღიზარდონ ვაჟკაც, პატიოსან, პატრიოტ ქართველებად და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. ვცდილობ, რომ თითოეული ფრაზა იყოს რაღაცის მიმცემი ბავშვისთვის.
სოფიო და სანდრიკო მოსკოვში იზრდებიან და ქართულად ჯერ ვერ კითხულობენ (შეძლებისდაგვარად, მათი თხოვნით ვუთარგმნი, ხოლო თევდორეს და ლაზარეს ძალიან უყვართ ბებოს წიგნები. თედო თავად კითხულობს და პატარა ძმას უკითხავს.
ჩემს ოთხ საბავშვო მუზას, კიდევ ერთი პაწაწინა ალექსანდრა შეემატა, რომელიც ჩემი შვილიშვილი არ არის, მაგრამ ისე მიყვარს, რომ მასაც ვუწერ ლექსებს და მასავით პაწაწინა წიგნი უნდა მივუძღვნა.
გამოცემული გაქვთ ლირიკული კრებულები და 1001 სონეტის ავტორი ხართროგორ შეიქმნა სონეტების წიგნი?
– ოჰ, ეს კითხვა ჩამჭრელი შეკითხვაა ჩემთვის… არ ვიცი თავად, რამ განაპირობა. ალბათ უფალმა მიკარნახა.
ალბათ არ დამიჯერებთ, რადგან პრეცედენტია ეს ამბავი.
თითოეული სონეტის დაწერის შემდეგ, იმდენად ვიცლებოდი ემოციებისგან, რომ მეგონა, ჩემს გულს ვატანდი… მეგონა, მორჩა, მეტი სონეტი აღარ დამეწერება-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს, მუზა შემომიღებდა გულის კარებს და მოდიოდა, ჩემს გონებაში თითქოს ციდან მოწანწკარებდა ახალი სონეტი და ჩემი საქმე, მხოლოდ მისი ჩაწერა იყო, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებდი. მერე კი მიკვირდა, ეს მე დავწერე? რატომ? მე ხომ ოჯახი, ძალიან საყვარელი მეუღლე მყავს და ეს რამ დამაწერინა-მეთქი, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნი… სჯობს, რომ ეს საკითხი  ინკოგნიტოდ დავტოვოთ.
მესიზმრა, რომ სიყვარულის წინაშე ვალი უნდა გადამეხადაო, წერთროგორ დაუკავშირდა სიზმარი და ცხადი ერთმანეთს? ადვილი არ არის 1001 სონეტის დაწერა
– დიახ, ძალიან რთულია, რომ სონეტური ფორმების ჩარჩოებში ჩაჯდე. ეს თავისით მოდიოდა. მე არ მინდოდა წინამორბედ სონეტისტებს დავმსგავსებოდი და რაღაც ჩემს დეტალებს ვურევდი, როგორც მუსიკოსი სიტყვებს და ფრაზებს ვაკეთილშობილებდი მელიზმებით ანუ ალიტერაციებით, ზოგან ვიყენებდი არქაულ და დიალექტურ ლექსიკასაც, რამაც შემაქმნევინა საკუთარი ხელწერა და მე ამით კმაყოფილი ვარ. არ მინდა, რომ შექსპირთან ასოცირდებოდეს ჩემი სონეტები, რადგან ჯერ ეს ერთი მის სიმაღლეს ვერ მივწვდები და არ მინდა, რომ შექსპირის პატარა მაკეტი ვიყო. მე ქართულ ლიტერატურაში მერქვას ის, ვინც ვარ.
ჯერ ვფიქრობდი, იქნებ ასი სონეტი დავწერო-მეთქი, მერე ორასი, მერე სამასი და ოთხასი სონეტი რომ დავწერე, უკვე დამთავრებას ვაპირებდი, დამესიზმრა პატარა მდინარე, რომელსაც ნაფოტები მოჰქონდა და ამ ნაფოტებზე სონეტები ეწერა. ბოლო სონეტი 1001-ე იყო … უფალმა მიმანიშნა, რომ ათას ერთი უნდა დამეწერა… დაუჯერებელია ხომ, ქალბატონო თამარ? ამისი მეც არ მჯეროდა, მაგრამ მთელი რვა წლის მანძილზე, ჩემი გონება ახალ-ახალ სონეტებს შობდა, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგავდა, თუმცაღა ყველა სიყვარულზეა. მეგონა, რომ სიყვარულის ვალი გადავიხადე ჩემი ქართველი ერის წინაშე, მაგრამ ცოტა ვალი კიდევ მაქვს და აუცილებლად გადავიხდი. ახლა ველოდები, ჩემი სიყვარულის ვალს როგორ დამიბრუნებს ჩემი პატივცემული მკითხველი.
ერთი სონეტი, რომელიც ძალიან გიყვართ
– ყველა სონეტი მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. როცა ვკითხულობ, მინდა სულ რაღაც შევასწორო, მიუხედავად მათი ათასგზის რედაქტირებისა. ყველა მიყვარს, მაგრამ მაქვს, ოცამდე სონეტი, ჩემთვის გამორჩეული. ერთ ერთი ეს არის:

სონეტი 206

დღეს ნუ დამტოვებ, ოღონდაც დღეს ნუ შემელევი,
ნუ შემერევი მეწამულად ამ ჩემს განთიადს,
ანთია ცეცხლი სიყვარულის, შიშველ ხელებით,
მოვიტან შენთან და გიწამლებ ჩემზე დარდიანს.
იცი, ძვირფასო, შენ შემქმენი, გამომიგონე,
ახლა ვიგონებ, მგონი ვფიქრობ სულ არაფერზე,
შემომეშველე, დავიღალე, მელევა ღონე,
მარტო ვერ ვზიდავ სამყაროს, რომ ამკიდე მხრებზე…
დღეს ნუ დამტოვებ, ნახე როგორ მიღიმის დილა,
იადონებსაც ყური უგდე ძლიერ ხმატკბილებს,
ჩემი ხარ, ვერვინ, სიყვარულში ვერ შემეცილა,
ბედნიერებას ნუ წამგვრი და ნუ ამატირებ!
რამ მომაწყინოს შენი ტრფობა, შენი ფერება,
რა ხანმოკლეა ჭეშმარიტი ბედნიერება.

გყავთ მეუღლე, შვილები, შვილიშვილებიროგორ გიდგათ მეუღლე გვერდში შემოქმედებით მუშაობაში?
–  მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. ჩვენ სიყვარულით შევუღლდით და დღემდე ასე სიყვარულით მოვდივართ. დიახ, რომ არა მისი თანადგომა, მე ათას ერთ სონეტს ვერ დავწერდი. თენგიზი მუდამ ჩემ გვერდით დგას, ყოველ წუთს და ყოველ წამს. თავად პოეზიის ტრფიალია და ბევრ ყურადსაღებ შენიშვნას მაძლევს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. ძალიან მკაცრი მკითხველია. ხანდახან, ხდება სასწაული და უგემრიელეს სადილსაც ამზადებს, როცა მოგვშივდება და მე არ მცალია.
შვილები და შვილიშვილები თავიანთ სახლებში ცხოვრობენ და მხოლოდ ზაფხულობით არიან ჩვენთან. მათთან გატარებული დროის მანძილზე, უამრავი მასალა მიგროვდება. წავლენ და მერე ვიწყებ ყველაფრის დალაგებას ტვინის უჯრედებში და წერას. ძალიან საყვარლები და სასაცილოები არიან ბავშვები.შთაგონებაროგორ მოდის?
– შთაგონება ძალიან უცნაურია… მოდის მოულოდნელად… ხანდახან გადის დღეები და კვირები და ვერაფერს ვწერ. მინდა, რაღაც დავწერო, გულში რაღაც ვულკანი მიდუღს, მაგრამ ამაოდ. მერე უეცრად, ვგრძნობ მის მოახლოებას… როგორ ჩუმად, ფეხაკრეფით შემოდის ჩემში. მელანი რომ საშრობზე დაასხა და ირგვლივ რომ ფართოვდება ლაქა, აი ზუსტად ისე დამეწვეთება სულზე, ზოგჯერ ერთი სიტყვა ამეკვიატება, ან ფრაზა, ან სურათი ან ბუნება და მთელს ჩემს სხეულს მოიცავს. საოცრად ლამაზი ტრანსია, გამოსვლა რომ არ მოგინდება ისეთი.
ოცნება, რომელიც ვერ აისრულეთ?
– ოცნება ცოტა განსხვავებული ფენომენია, რომელიც აბსურდულიც შეიძლება იყოს. მაგალითად მარსზე გაფრენა ან მზეზე ხელით შეხება და მოფერება… რომანტიკოსი კი ვარ, მაგრამ მეოცნებე არა. მე უფრო ნატვრას ან სურვილს დავარქმევდი. მაქვს, რა თქმა უნდა, აუხდენელი სურვილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ავიხდინო, მაგრამ პარალელურად, ვიცი, კიდევ ახალი სურვილები დამებედება. ნატვრა რომ არ გქონდეს ადამიანს, მაშინ სიცოცხლე აზრს დაკარგავდა. ერთი პატარა ლექსი გამახსენდა, არ ვიცი, ვისია, მაგრამ იმდენად ჩემია, რომ მგონია, მე დავწერე:
„გემუდარები ყველაფერს,
ნუ ამისრულებ, ღმერთო,
მე მინდა, რომ ჩემს სარკმლის წინ,
ნატვრის ლამპარი ენთო,
ვიდრე ნანატრი ბედით კმაყოფილს,
ნატვრა არ მქონდეს ერთობ,
გემუდარები ყველაფერს,
ნუ ამისრულებ, ღმერთო“!
როგორ ფიქრობთ, შემოქმედი დაფასებულია დღეს?
– არა. საერთოდ არა!
 ამჟამად რაზე მუშაობთ? რას წერთ?
– ამჟამად ვმუშაობ ეფემერულებზე. მაქვს დაწერილი ბლომად. მინდა, რომ გადავახარისხო და წიგნად გამოვცე. სონეტებზე მეტად მიყვარს ეფემერულები. ჰოდა, ალბათ გამოვცემ კიდეც.
სამომავლო გეგმები….
– უამრავი გეგმა მაქვს, ხელს მიშლის უფულობა. 4 წიგნი, გამზადებული მიდევს დასაბეჭდად, მაგრამ ვერ ვბეჭდავ ჯერჯერობით.
ჩემი სამომავლო გეგმა ერთია მხოლოდ… სიყვარული კი არ ვასწავლოთ ქართველებს, არამედ შევახსენოთ და დავაზეპირებინოთ… აბა, შესასწავლი რა აქვთ?! ყველაზე კარგად იციან!

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები