პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
“საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 15 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში, ავტომობილით მოძრაობისას, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და ქვეითთა გადასასვლელზე ორ ქვეითს დაეჯახა.
ერთი მათგანი დარტყმის შედეგად მარჯვენა მხარეს გადავარდა, რა დროსაც მას საგზაო მოძრაობის წესების დაცვით მოძრავი მეორე ავტომობილი შეეჯახა. ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.